გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი პარატაეკვონდოში საქართველოს ნაკრებისთვის ნამდვილ წარმატებად იქცა. ქართველმა სპორტსმენებმა ქვეყნის ანგარიშზე ხუთი მედალი დააფიქსირეს.
ჩემპიონატის მთავარი გმირები ანა ჯაფარიძე, ლიკუნა ჩაჩიბაია, ნატა ოჩიგავა და მარიამ ნინიაშვილი გახდნენ.
პარა ტაეკვონდოში მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ანა ჯაფარიძე 52 კგ-იან წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ანა ჯაფარიძემ ფინალში ბრძოლა მოუგო ევროპის ოთხგზის, მსოფლიოს ჩემპიონს, პარალიმპიური თამაშების ორგზისმედალოსან თურქ მერიემ ბეთიულ ჩავდარს და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გასულ წელს პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა ანა ჯაფარიძემ პარატაეკვონდოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სპორტსმენი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.

ანას გზა წარმატებამდე იოლი არ ყოფილა. მან "პრაიმ შოუში" გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ ხელის ამპუტაციის შემდეგ გაეგრძელებინა სულ სხვა ცხოვრება:
"16 წლის ვიყავი, როდესაც ხელის ამპუტაცია დამჭირდა. საწარმოო უთოში დამეწვა ხელი და ერთი კვირის მანძილზე მაკვირდებოდნენ, ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ხელის ამპუტაცია არ დამჭირდებოდა. დედაჩემის ძალიან დიდი ინიციატივა იყო, რომ დამეწყო სპორტული ცხოვრება. აქტიური ბავშვი ვიყავი, ტანვარჯიშსა და სპორტულ ცეკვებზე დავდიოდი. ფიზიკური აქტივობა უცხო არ იყო ჩემთვის. ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი" - ამბობდა ანა.
ლიკუნა ჩაჩიბაიამ გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის 47 კგ-იან წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
ლიკუნა ჩაჩიბაიას ცხოვრება 2012 წელს უბედური შემთხვევის შედეგად სრულიად შეიცვალა. ის მაღალსართულიანი კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდა. როგორც თავად იხსენებს, მაშინ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ 16 წლის გოგონამ ეს სიყვარულის გამო გააკეთა. სინამდვილეში კი ეს უბედური შემთხვევა იყო და ლიკუნა ჩაჩიბაია სასწაულებრივად გადარჩა.
ლიკუნას ერთი ხელის ამპუტაცია დასჭირდა, მაგრამ მან საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა - მეტიც, ის ახლა წარმატებული სპორტსმენია და მის ანგარიშზე არაერთი გამარჯვებაა.

ნატა ოჩიგავა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი გახდა. მან მისი კარიერის განმავლობაში არაერთი ჯილდო მოიპოვა და არაერთხელ ამაყად ააფრიალა საქართველოს დროშა. ნატა 57 კგ-იან წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
ნატამ გასულ წელს ახალგაზრდულ პარათამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან თურქეთის წარმომადგენელი დაამარცხა.

მარიამ ნინიაშვილი, ისევე, როგორც ლიკუნა და ნატა, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მარიამი 52 კგ-იან წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ მარიამი დებიუტანტი იყო, მან მისთვის დაკისრებულ მისიას თავი წარმატებით გაართვა.
