ქართველი ფლორისტის დიდი წარმატება: ბექა ცერცვაძე პრესტიჟული გამოცემა L'Officiel-ის ყდაზე - Marao

ქართველი ფლორისტის დიდი წარმატება: ბექა ცერცვაძე პრესტიჟული გამოცემა L'Officiel-ის ყდაზე

2026-05-20 15:56:10+04:00

ბექა ცერცვაძე ქართველი ფლორისტია,  რომელიც უკვე წლებია საფრანგეთში, პარიზში ცხოვრობს და საქმიანობს. ის პარიზში საკუთარი ყვავილების ბიზნეს ფლობს, რომელიც დიდი პოპულარობითა და წარმატებით სარგებლობს. 

ბექას წარმატების გრძელს სიას კიდევ ერთი მიემატა - ცოტა ხნის წინ მის შესახებ სტატია გამოცემამ L'Officiel გამოაქვეყნა: 

"27 წლის პარიზში მოღვაწე ქართული წარმოშობის ფლორისტი ბექა ცერცვაძე თავისი თაიგულების სილამაზითა და ყვავილების შესანიშნავი მრავალფეროვნებით აჯადოებს როგორც საფრანგეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებს, ასევე სტუმრებს", - წერს უკრაინელი ჟურნალისტი ალექსეი ნილოვი. 

L'Officiel, სრული სახელწოდებით L'Officiel de la couture et de la mode de Paris, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, პრესტიჟული და უძველესი მოდის ჟურნალია. თუ Vogue-ს მოდის "ბიბლიას" ვუწოდებთ, L'Officiel-ს ნამდვილად ეკუთვნის ფრანგული მაღალი მოდის - Haute Couture - ოფიციალური ხმის სტატუსი. 

ჟურნალი 1921 წელს პარიზში დაარსდა ანდრე კასტანიეს მიერ. L'Officiel-მა უდიდესი როლი ითამაშა ისეთი დიზაინერების კარიერულ წინსვლაში, როგორებიც იყვნენ: კრისტიან დიორი, ივ სენ ლორანი, პიერ კარდენი, კრისტობალ ბალენსიაგა და სხვ. 

beka-paris

beka-paris

  • ახალგაზრდა ქართველი ფლორისტი პარიზში, რომელიც უკვე წლებია, მოდის სახლებისთვის, მათ შორის, "შანელისთვის", თაიგულებს აწყობს - ბექა ცერცვაძის წარმატების გზა 

L'Officiel-ის ყდაზე მოხვედრა ახალგაზრდა ქართველი ფლორისტისთვის დიდი მიღწევა და წარმატებაა. ინტერვიუში, რომელიც ჟურნალის ციფრულ ვერსიაში გამოქვეყნდა, ბექამ კარიერასა და განვლილი გზაზე ისაუბრა. ინტერვიუს ქართულ ვერსიას კი ქვემოთ წაიკითხავთ: 

Beka in Paris - ბექა ცერცვაძის ინტერიუ L'Officiel-თან

დღეს ბექა არა მხოლოდ დახვეწილ კომპოზიციებს ქმნის სახლებისა და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, არამედ აქტიურად თანამშრომლობს მოდის სახლებთან - ყვავილების უნიკალური ენით იგი ხაზს უსვამს თითოეული მომენტის მნიშვნელობას და მარადიული სილამაზის განცდას აჩენს.

- ვინ ჩაგაგონათ ყვავილების სიყვარული?

- უდავოდ, დედაჩემმა. მან მასწავლა, როგორ მეზრუნა არა მხოლოდ მცენარეებზე, არამედ ზოგადად, ცოცხალ არსებებზე. ყვავილების მიმართ მას საოცარი, ჩუმი მოთმინება ჰქონდა. გარდა ამისა, იყო მამაჩემი, რომელსაც მისთვის ყოველთვის მოჰქონდა თაიგულები. მისი წყალობით მივხვდი, რომ ყვავილები ასევე არის ენა – სიყვარულის, განზრახვისა და ერთგულების ჟესტი. მათ შემყურემ, ვისწავლე, რომ ყვავილები ერთდროულად სინაზეც არის და - განაცხადიც.

- როდის აღმოაჩინეთ ყვავილების სილამაზე და რატომ გადაწყვიტეთ ამ ბიზნესში წასვლა?

- ყვავილების დაფასება მაშინ დავიწყე, როცა მათი ძალა შევიცანი – არა უბრალოდ სილამაზე, არამედ მათი ემოციური მუხტი. ყვავილებს შეუძლიათ გააღვიძონ გრძნობები, შეცვალონ ხედვა. როცა ყვავილებს იღებ, შენში რაღაც იცვლება. ეს არასდროს არის მხოლოდ უბრალო ჟესტი, ეს არის განზრახვა, თითქმის უსიტყვო აღსარება. ამ სიღრმემ მომაჯადოვა. მინდოდა მემუშავა რაღაც ისეთთან, რაც ადამიანების აღელვებას ყოველგვარი სიტყვების გარეშე შეძლებდა.

- როდის და რატომ გადახვედით პარიზში? რას აკეთებდით თავიდან?

- პარიზში 2018 წლის ივლისში ჩამოვედი. მანამდე, საქართველოში, ძიების პროცესში ვიყავი – საკუთარ თავს სხვადასხვა გამოცდილებაში ვეძებდი. მოზარდობისას ჩემი ოცნება ჟურნალისტობა იყო. პარიზში კი უბრალოდ ფრანგული ენის სასწავლად ჩამოვედი. თუმცა, ამ ქალაქმა ჩემი ტრაექტორია შეცვალა. მან ჩუმად გარდასახა ჩემი ამბიციები, გააფართოვა ჩემი თვალსაწიერი და სხვა მიმართულება მისცა ჩემს ოცნებებს. აქ დავრჩი და ახლა ვქმნი რაღაცას, რაც სრულიად მოულოდნელი იყო.

- როგორ დაიწყო თქვენი ყვავილების ბიზნესი?

- ეს სრულიად დაუგეგმავად მოხდა. 23 წლის ასაკში ყვავილების ბუტიკის გახსნა უკანასკნელი რამ იყო, რაზეც კი ვიფიქრებდი. მინდოდა მოგზაურობა, ძიება, სამყაროს შემეცნება. ლონდონში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფლორისტმა სამუშაოდაც კი ამიყვანა და გადასასვლელად ვემზადებოდი. მაგრამ ცხოვრებას სხვა გეგმები ჰქონდა. თითქმის შემთხვევით, ნაცვლად ლონდონისა, საკუთარი ბუტიკი პარიზში გავხსენი. გარკვეულწილად, პარიზმა თავისი ჩუმი მაგია მოახდინა ჩემს პროფესიულ ბედზე.

- პარიზში ასობით ყვავილების მაღაზიაა, თუმცა თქვენი მაღაზია გამორჩეულია თავისი სილამაზით, თაიგულის კომპოზიციისადმი მიდგომითა და ყვავილების ასორტიმენტით. თქვენი აზრით, რა გამოგარჩევთ და რა უნიკალური შტრიხი შეიტანეთ ამ საქმეში?

- პარიზში ბევრი ყვავილების მაღაზიაა, მაგრამ ფლორისტიკისთვის, როგორც საცალო ვაჭრობისთვის, არასდროს შემიხედია – მას კომპოზიციად აღვიქვამ. ზოგიერთი ადამიანი ბუნებრივად მგრძნობიარეა ნიუანსების მიმართ – ფერებს შორის არსებული დაძაბულობის, ღეროს მოხრის ფორმის თუ თავისუფალი სივრცის ბალანსის მიმართ. ჩემთვის დეტალებისადმი ეს ყურადღება ინსტინქტურია. ამაზე ბევრს არ ვფიქრობ, უბრალოდ ვგრძნობ. შესაძლოა, ჩემს ნამუშევრებს ის გამოარჩევს, რომ არაფერია ხელოვნური. ჰარმონია ბუნებრივად მოდის და ვფიქრობ, ადამიანებიც სწორედ ამ გულწრფელობას ეხმიანებიან.

- როგორ ავითარებთ თქვენს ბიზნესს? გთხოვთ, მოდის ბრენდებთან თანამშრომლობაზეც გვიამბოთ.

- აგრესიული ზრდისთვის არასდროს მიმიმართავს. ატელიე ძირითადად „ხმიდან ხმაში“ (რეკომენდაციებით) განვითარდა, რასაც მე ძალიან ვაფასებ. ჩვენ გვქონდა პატივი გვემუშავა წამყვან მოდის სახლებთან, მათ შორის, წვლილი შეგვეტანა Balenciaga-ს ჩვენებაში, თუმცა, ჩვენი ბევრი კოლაბორაცია კონფიდენციალური რჩება. კონფიდენციალურობა და დისკრეცია ჩვენს სფეროში უმნიშვნელოვანესია და ამ ნდობას ჩემი მუშაობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ აღიარებად მივიჩნევ.

- ევროპაში თუ არის მიღებული მამაკაცებისთვის ყვავილების ჩუქება? რომელი ყვავილები შეიძლება ჩაითვალოს მამაკაცურად?

- ევროპაში ტრადიციები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ისინი იცვლება. ბევრი მამაკაცი კლიენტი მყავს, რომლებიც ყვავილებს საკუთარი თავისთვის, საკუთარი სახლისთვის ყიდულობენ და არა - პარტნიორისთვის. ისინი უბრალოდ მგრძნობიარენი არიან სილამაზის მიმართ. ჩემთვის ყვავილები მამაკაცურობასთან ან ქალურობასთან არ ასოცირდება, ისინი პიროვნებას ირეკლავენ. ზოგიერთ მამაკაცს ურჩევნია რაღაც მინიმალისტური და სკულპტურული, სხვებს კი სინაზე იზიდავთ. საბოლოოდ, ეს არ ეხება გენდერს, ეს ეხება გრძნობას.

- სახლში თუ გაქვთ ყვავილები, თუ სამსახურში მათ გარემოცვაში ყოფნა გყოფნით?

- ძალიან იშვიათად, შესაძლოა წელიწადში ორჯერ. მთელი დღე ყვავილებში ვცხოვრობ, ამიტომ სახლში საკუთარ თავს უფლებას ვაძლევ, დავივიწყო ვინ ვარ. ჩემი სივრცე განზრახ მინიმალისტურია. ეს არის ჩემი გზა განტვირთვისთვის – ჩუმი კონტრასტი ყვავილების მაღაზიის ინტენსივობასთან.

- რომელია თქვენი საყვარელი ფერი და ყვავილი?

- ბუნებრივად მიზიდავს რბილი, მდუმარე ტონები – ნაზი პალიტრა, რომელიც უფრო მშვიდად და დახვეწილად აღიქმება, ვიდრე ხმამაღლა და გამომწვევად. რაც შეეხება ყვავილებს, ეს სეზონებთან ერთად იცვლება. მიყვარს იები მათი თავმდაბლობისა და დახვეწილი სურნელის გამო. ვაღმერთებ ყაყაჩოებს მათი მსხვრევადებისა და მოძრაობის გამო. და პიონები – ისინი უდავოდ სამეფო, თითქმის თეატრალური სილამაზის მქონეა.

- როგორ თაიგულს მიიჩნევთ იდეალურად და რატომ?

- იდეალურ თაიგულს განსაზღვრავს არა თავად ყვავილები, არამედ ის ადამიანი, ვისგანაც გსურს მისი მიღება. სწორედ ეს აქცევს მას სრულყოფილებად. როდესაც თაიგული მართლაც მრავლისმთქმელია, ის სუნთქვას გიკრავს. მცირე მომენტით თითქოს ჰაერში ჩერდები, ყველაფრისგან წყდები. ფლორისტიც კი შეიძლება გააოცოს სილამაზემ და როცა ეს ხდება, ვიცი, რომ თაიგული იდეალურია.

- გაქვთ თუ არა ფლორისტიკასთან დაკავშირებული ოცნების პროექტი, რომლის განხორციელებასაც ისურვებდით?

- დიდი სიამოვნებით შევქმნიდი მასშტაბურ ფლორისტულ ინსტალაციას რომელიმე ისტორიულ სივრცეში – რაღაც იმერსიულს, თითქმის კინემატოგრაფიულს. პროექტს, სადაც ყვავილები იქნებოდა არა დეკორაცია, არამედ არქიტექტურა. სადაც ადამიანები გაივლიდნენ ემოციაში და არა უბრალოდ დააკვირდებოდნენ მას.

- როგორ შთაგაგონებთ პარიზი, როგორც ხელოვანსა და მეწარმეს?

- პარიზი შთაგონების უშრეტი წყაროა. საკმარისია რომელიმე ქუჩაზე დაიკარგო, დააკვირდე ფასადს, თვალი გააყოლო გამვლელს. შთაგონება ყველაფერშია: სინათლეში, არქიტექტურაში, ქალაქის განწყობაში. როგორც ფლორისტი, მინიშნებებს ყველაზე მცირე დეტალებშიც კი ვპოულობ. როგორც მეწარმეს, მუდმივად მასტიმულირებს ის ენერგია და ამბიცია, რაც ჩემ გარშემოა. პარიზში შთაგონება უსასრულოა, თუ იცი, როგორ შეხედო მას.

- არის პარიზში ადგილები, სადაც შთაგონებისთვის მიდიხართ – მუზეუმები, ბაზრობები, ბაღები?

- უდიდეს შთაგონებას ვპოულობ ვინტაჟურ ბაზრობებზე. მუსიკასავით მნუსხავს ისტორიის მქონე ნივთები – მათი ტექსტურა, ის ამბები, რასაც ისინი ატარებენ. მუზეუმები, რა თქმა უნდა, აუცილებელია. და პარიზის ბაღები – ისეთი მოწესრიგებული და ამავდროულად პოეტური, რაც ყოველთვის მახსენებს ბალანსსა და პროპორციას.

- რომელი იყო ყველაზე ამაღელვებელი ან დასამახსოვრებელი შეკვეთა, რაც კი ოდესმე შეგიქმნიათ?

- ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი სულ დასაწყისში იყო, ბუტიკის მართვა ახალი დაწყებული რომ მქონდა. გოგონამ, რომელიც ჩემს ნამუშევრებს ჩუმად ადევნებდა თვალს, თავისი ქორწილის გაფორმება გვათხოვა სასტუმრო Ritz-ში – გრანდიოზული დღესასწაული, უამრავი სტუმრითა და უზარმაზარი პასუხისმგებლობით. მან სრულიად მენდო და შემოქმედებითი თავისუფლება მომცა. ჩემი კარიერის იმ ეტაპზე ასეთი ნდობა არა მხოლოდ ამაღელვებელი, არამედ გარდამტეხი აღმოჩნდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის დღეს „art de vivre“ (ცხოვრების ხელოვნება)?

- ჩემთვის art de vivre – ეს არის დამოკიდებულება. ეს არის უნარი, იცხოვრო ელეგანტურად, ინსტინქტურად აირჩიო დახვეწილობა და გააცნობიერო, რომ სილამაზე დისციპლინაა. ეს არ ეხება გადაჭარბებას. ეს ეხება სტანდარტებს. და როცა ამას გაიგებ, თავად ცხოვრება ხდება ხელოვნების ფორმა.

- როდის გრძნობთ თავს ჭეშმარიტად ბედნიერად?

- ჭეშმარიტად ბედნიერად თავს ავთენტურობის მომენტებში ვგრძნობ. როცა გარშემორტყმული ვარ იმ ადამიანებით, ვინც მიყვარს, როცა საუბარი გულწრფელია, ყოველგვარი თამაშის გარეშე. ბედნიერება ჩემთვის ხმამაღალი არ არის. ის მშვიდია და სავსე. ეს არის განცდა იმისა, რომ ხარ ზუსტად იქ, სადაც უნდა იყო, ყოველგვარი მტკიცების საჭიროების გარეშე. ეს არის მომენტები, რომლებიც სამუდამოდ მრჩება.