ჰანდე ერჩელი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ვარსკვლავი კიდევ ერთხელ გახდა. ცნობილი თურქი მსახიობი, რომელიც ბოლო წლებში საერთაშორისო ღონისძიებებზე თავისი სტილით მუდმივად ყურადღების ცენტრშია, კანის წითელ ხალიჩაზე მესამედ გამოჩნდა და საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა.

ჰანდე ერჩელი კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე
ერჩელი ფესტივალს მსოფლიოში აღიარებული საიუველირო ბრენდის, Pomellato-ს ამბასადორის სტატუსით ეწვია. მისი გამოჩენა წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე ნანატრი მომენტი იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა სტილისტთან, ინან ქირდემირთან მრავალწლიანი თანამშრომლობა შეწყვიტა. სტილის ამ მნიშვნელოვანმა ცვლილებამ მოდის მიმდევრებსა და სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა მსახიობმა მოლოდინს გადააჭარბა.
ჰანდე ერჩელმა წითელ ხალიჩაზე Sophie Couture-ის მდიდრული ოქროსფერი კაბით გაიბრწყინა. კაბის დახვეწილმა დიზაინმა მსახიობის ფიგურას თანამედროვე და ელეგანტური ელფერი შესძინა. სტრაპლეს სტილის სამოსს ვერცხლისფერი დეტალი ამშვენებდა, რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა, ხოლო გრძელმა, გამოყვანილმა სილუეტმა სრულყოფილი იმიჯი ჩამოაყალიბა.
გლამურული ლუქი Pomellato-ს ფერადი სამკაულებით იყო დაგვირგვინებული. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა ამჯერად ცნობილ სტილისტთან, დანიელ გოლდბერგთან (Danni Stylist) ითანამშრომლა, რომელიც მანამდე მოდელ იზაბელ გულართთან მუშაობდა. მოდის კრიტიკოსებმა ერჩელის ახალი იმიჯი უფრო „მოწიფულად“ და „გლობალურად“ შეაფასეს.

მსახიობმა უპირატესობა სადა, გაშლილ თმასა და ბუნებრივ მაკიაჟს მიანიჭა, რამაც მის დრამატულ კაბას ქალური სინაზე შემატა. თბილი, მიწისფერი ტონები და ბრინჯაოსფერი აქცენტები მის ბუნებრივ სილამაზეს იდეალურად უსვამდა ხაზს. მისი გამოჩენა 2026 წლის კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თემად იქცა. თურქული მედია და მოდის ექსპერტები ერთხმად აღნიშნავდნენ მის თავდაჯერებულობასა და დახვეწილ პოზირებას ფოტოგრაფების წინაშე.
ფოტოების გამოქვეყნებისთანავე სოციალური ქსელები დადებითმა კომენტარებმა წალეკა. ფანები მას „მსოფლიო ლამაზმანს“ უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ის თურქეთს საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოადგენს. ბევრი მიიჩნევს, რომ ჰანდე ერჩელი ყოველწლიურად უფრო მეტად იხვეწება და მისი კანში გამოჩენა უკვე ერთგვარ მოდურ ტრადიციად იქცა.
ბოლო წლებში ერჩელის მჭიდრო კავშირმა საერთაშორისო ბრენდებთან და გლობალურ ღონისძიებებთან მისი, როგორც სტილის ხატის სტატუსი კიდევ უფრო გაამყარა. 2024 და 2025 წლების წარმატების შემდეგ, 2026 წელს ჰანდემ კვლავ დაამტკიცა, რომ ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თურქი ვარსკვლავია.