„ხანდახან გჭირდება, რომ შენ დაგამშვიდოს სხვამ...“ — ეკა ანდრონიკაშვილი ცხოვრებისეულ გაკვეთილებსა და გარდამტეხ 30 წელზე - Marao

„ხანდახან გჭირდება, რომ შენ დაგამშვიდოს სხვამ...“ — ეკა ანდრონიკაშვილი ცხოვრებისეულ გაკვეთილებსა და გარდამტეხ 30 წელზე

2026-05-15 12:25:19+04:00

ეკა ანდრონიკაშვილი 54 წლისაა, ცხოვრების ნახევარზე მეტი კი თეატრსა და კინოს მიუძღვნა. 1987  წელს იყო ნოდარ მანაგაძის „ეი, მაესტრო!“ 1991 წელს, - პაატა მილორავას „ვირთხა“, რასაც მოჰყვა „ხვეული კიბით“, „ცხელი ძაღლი“, „სამი სახლი“, „ კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2)“, რენე მიდის ჰოლივუდში“ და სხვ. მსახიობი იხსენებდა, რომ იყო მის ცხოვრებაში პერიოდი, როცა კვირაში 8 სპექტაკლის თამაში უწევდა  - ამ ყველაფრის პარალელურად, არის დედა - ჰყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი და აქვს ძალიან საინტერესო ცხოვრება, რომლის შესახებაც მან რამდენიმე წლის წინ გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ ისაუბრა. 

  • "ახალი წელი დგებოდა, გაბუტული ვიყავი. უცებ მოვიდა და მითხრა..." - კირა ანდრონიკაშვილის ამბავი მეუღლის შესახებ და მოგონებები წარსულიდან

eka-andronikashvili

ეკა ანდრონიკაშვილის ინტერვიუ

- თინეიჯერობაში იყავი ძალიან პოპულარული - გარეგნობითაც, განათლებითაც - გამორჩეული გოგო იქნებოდი სკოლაშიც. პირველად როდის მოგეწონა ბიჭი, როცა გული სხვანაირად აძგერდა? 

- 3 წლის ვიყავი, ბაღში მომეწონა ბიჭი, მგონი, კახა ერქვა. ეზოში ვთამაშობდით, მივედი და ვაკოცე ლოყაზე. მაშინ გამოვცადე ეს გაკვირვება, რომ გავბედე და ბიჭს ვაკოცე. 

მეოთხე კლასამდე სულ ვიპრანჭებოდი, მერე შემიყვარდა მაიკლ ჯექსონი, რამდენიმე წლის მანძილზე მისი ერთგული ვიყავი - მისნაირად არავინ მომწონდა. ატენის ქუჩაზე ცხოვრობდნენ აისორები, იქ იყო რამდენიმე ბიჭი მუქი კანითა და ხვეული თმით და მათ ვამსგავსებდი ჯექსონს. სკოლის ასაკში ნიკო გომელაურს მოვეწონე, იყო მცდელობა, სიყვარული ამიხსნა, მეც კი ვუთხარი - სკოლაში ყველაფერი მარტივად ხდებოდა. წავედით, ზოოპარკში, ვისეირნეთ, ვისაუბრეთ, მაგრამ მალევე დასრულდა ეს სიყვარული.  

- როცა მის თბილისი გახდი, მაშინ ხშირად იტაცებდნენ გოგოებს. ხომ არ იყო რაიმე მცდელობა? 

- არა, მე რაღაცნაირად ავცდი ამ ყველაფერს. 

- ინსტიტუტის პერიოდში გიორგი გაიცანი, თავიდანვე მოგეწონა?

- ბნელი და ცივი პერიოდი იყო, უნივერსიტეტში გვქონდა ძალიან მაგარი ბუფეტი, იქ იყრიდა თავს ყველა. არ მაინტერესებდა დიდად უფროსები, მაგრამ ჩვენ რომ გამოცდას ვაბარებდით, ისინიც გვესწრებოდნენ ხოლმე. გამოცდის დღე იყო, მე შევედი ამ ბუფეტში, უცებ გამოვბრუნდი, ვჩქარობდი და ვხედავ, რომ სკამზე ვიღაც ზის და ქანაობს. გავეხუმრე, უბრალოდ ხელით ვუბიძგე სკამს, არ ვაპირებდი მის ძირს გადმოგდებას, მაგრამ დაეცა. წამოხტა და გაბრაზდა - რას აკეთებო? ვუთხარი, გავიხუმრე, რა ვიცოდი, რომ დაეცემოდი-მეთქი. რამდენიმე დღეში ისევ შევხვდით, ცხელი ჩაი მოგიტანე, ცივა, იქნებ გესიამოვნოსო.  მესიამოვნა ნამდვილად. 

ვერ ვიხსენებ, რომ გიორგის სიყვარული აეხსნას ჩემთვის - ბუნებრივად განვითარდა ყველაფერი. ძალიან კარგი იყო ის პერიოდი. მამაჩემს მე თვითონ ვუთხარი გიორგის შესახებ, გიორგის მამასაც იცნობდა, მადლობა მითხრა, რომ არ გავიპარე და მამისგან მხოლოდ ხელშეწყობა მქონდა. დედა წინააღმდეგი იყო ჩემი გათხოვების, მაგრამ ბოლოს დანებდა.  შემოდგომაზე დავქორწინდით, მაგრამ არ მეღირსა ნორმალური ქორწილი, რადგან დაიწყო სამოქალაქო ომი. ისე კი 4 ქორწილი გვქონდა - ერთი მამაჩემთან, ერთი ჩვენს მეგობრებთან, ერთი გიორგისთან და მერე კიდევ ერთი. 

  • ლეილა, დოდო, გოჩა, ლევანი: ერთი გვარის ოთხი გამორჩეული კინოვარსკვლავი

გიორგი როლისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებოდა, წინასწარ ამზადებდა ყველა დეტალს. მე პირიქით, უფრო ლაღად ვდგებოდი ამ პროცესს. გამოდიოდა, რომ გიორგის სამზადისი უფრო რთული იყო, ვიდრე - ჩემი. 

არავის ვედრები, ყველას თავის გზა და ნიშა აქვს, მაგრამ რაღაც მომენტში, კვირაში 8 სპექტაკლს ვთამაშობდი - იყო შემთხვევები, როცა ერთი სპექტაკლიდან მეორეზე გავრბოდი. დავიღალე იმ შეგრძნებით, რომ მე თან კარგ ხასიათზე უნდა ვიყო, თან სახლში საქმე ვაკეთო, თან ბავშვი ვზარდო, თან კვრაში 8 სპექტაკლი ვითამაშო და გიორგი მაინც არ თვლიდა, რომ ეს იყო რთული. დავიღალე ამ ყოფით და ეს ხმამაღლა ვთქვი, ამის გამო დავშორდით ერთმანეთს, სხვა მიზეზი არ ყოფილა. 

eka-andronikashvili

დამღალა იმის მტკიცებამ სახლში, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხანდახან გჭირდება, რომ შენ დაგამშვიდოს სხვამ, სხვამ შემოიტანოს ოპტიმიზმი და საყრდენი გქონდეს. ეს გავიაზრე მაშინ, როცა მე 30 წლის გავხდი, მივხვდი, რომ თუ ასე გავაგრძელებდი, სულ ასეთი იქნებოდა ჩემი ცხოვრება. კი ვჩხუბობდით ხოლმე, როგორც ყველა, მაგრამ გიორგისთვის ჩემი გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი იყო. 

11-წლიანი თანაცხოვრება დასრულდა, მაგრამ მოვახერხეთ, რომ ჩვენ დავრჩით ადამიანებად, დავრჩით მეგობრებად, დავრჩით უსაყვარლესი შვილის მშობლებად. 

მტკივნეული პერიოდი იყო, გიორგი ადამიანურად ახლაც მიყვარს, უბრალოდ, შეყვარებულობის გრძნობას ახშობს წლების მანძილზე დაგროვილი სიმძიმე და თანაცხოვრება შეუძლებელი ხდება. 

  • 60-იანი წლების პრინცი არისტოკრატული გარეგნობითა და საინტერესო ცხოვრებით - ბორის ანდრონიკაშვილის კარიერა, ოჯახი და პირადი ცხოვრება

სულ მინდოდა მეორე შვილი გამეჩინა, მენანებოდა ჩემი თავი მხოლოდ ერთი შვილისთვის. პირველად ვამბობ ამას - როცა მეგობრები მეუბნებოდნენ, ეკა, კიდევ უნდა გააჩინო შვილიო, ვპასუხობდი, ჯერ ვერ ვიპოვე შვილის მამა-მეთქი. არასდროს ვამბობდი, მეორე ქმარი ვერ ვიპოვე-მეთქი. 2014 წელს შევხვდი ადამიანს, რომელთანაც გამიჩნდა გრძნობა. აქაც ვერ აეწყო თანაცხოვრების ამბავი, მაგრამ ეს ურთიერთობა სწორედ ბედნიერებად მახსენდება - ცოტა მიწიდან რომ აგწევენ და კარგად ხარ - ასეთი იყო.