ეს არის ამბავი მაია გელოვანზე: კულისების სურნელი, მიხეილ თუმანიშვილის დიდი გაკვეთილი და სიყვარულის 25 წელი - Marao

ეს არის ამბავი მაია გელოვანზე: კულისების სურნელი, მიხეილ თუმანიშვილის დიდი გაკვეთილი და სიყვარულის 25 წელი

2026-05-15 14:25:22+04:00

მსახიობ მაია გელოვანს მაყურებელი კარგად იცნობს როგორც თეატრის სცენიდან, ისე პოპულარული სატელევიზიო სერიალებიდან. თუმცა, მის მიღმა დგას ხელოვანთა დიდი ოჯახი, სადაც თეატრი, მუსიკა და ყოველდღიურობა ერთმანეთშია გადაჯაჭვული. ოპერის მომღერალი დეიდა, მანანა ეგაძე, ნიჭიერთა ათწლედი და მოგვიანებით - მიხეილ თუმანიშვილის მიერ 18 წლის ასაკში აღმოჩენილი ნიჭი.

გთავაზობთ მონოლოგს ქალზე, რომელიც უკვე 25 წელია ნიაზ დიასამიძის მუზა და მეგზურია, და რომლის ცხოვრებაც უცნაური, ბედისმიერი დამთხვევებითაა სავსე - ამ ამბებზე მაია გელოვანმა რამდენიმე წლის წინ გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" ისაუბრა: 

maia-gelovani

კულისების სურნელი და სცენისკენ მიმავალი გზა

ბანალური პასუხია, თითქოს, მაგრამ სხვა არაფერზე მიფიქრია - მე მყავდა არაჩვეულებრივი დეიდა, მანანა ეგაძე, ოპერის მომღერალი. მთელი ბავშვობა გატარებული მაქვს ოპერისა და ბალეტის თეატრში, ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი. განსაკუთრებით მიყვარდა კულისებში ყოფნა, შევდიოდი გარდერობში, წარმოუდგენელი სილამაზე იყო ჩემთვის ის კოსტიუმები. მინდოდა, ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი, ნიჭიერთა ათწლედიც დავამთავრე, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი ნიჭი არ აღმომაჩნდა. მერე მივხვდი, რომ შემიძლია, არ ვიმღერო და ისე ვიდგე სცენაზე. გადავწყვიტე, აუცილებლად უნდა გავმხდარიყავი მსახიობი. მქონდა მეტყველების პრობლემა, რაღაცნაირად ვაგრძელებდი სიტყვებს, მაგრამ ეს დროთა განმავლობაში გაქრა და ხელი აღარ შეუშლია. ოჯახში წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მაგარმა მე ფრანგულ სკოლაში ვსწავლობდი და თან მაშინ ტრენდული იყო უცხო ენები. მივედით ასეთ გადაწყვეტილებამდე, რომ ჯერ ჩავაბარებდი თეატრალური ინსტიტუტის გამოცდებს, რომლებიც უფრო ადრე იყო და შემდეგ - უცხო ენების ფაკულტეტის გამოცდებს. 

  • "ცოტა ჩამორჩენილი და მეოცე საუკუნეში გაჭედილი ვარ, ვერ ავყევი ამ 21-ე საუკუნეს..." - ზურა ყიფშიძის ამბავი

ჩემთვის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი იყო რაღაც საოცარი ადგილი, პირველად ამ თეატრში ვნახე მიშა თუმანიშვილის სპექტაკლი „ჩემი პატარა ქალაქი“. პატარა ვიყავი ძალიან, ალბათ, 6 წლის. მახსოვს, რომ სიცხე ამეწია, ვერ გაიგეს, რატომ. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ეს იყო იმ ემოციებისგან, რაც მაშინ იმ სპექტაკლზე გავიარე და ეპიზოდები დღემდე მახსოვს. ეს არის ჩემი ბავშვობის პირველი შეხება დრამატულ თეატრთან. 

„ზაფხულის ღამის სიზმარი“ იყო ჩემი ფავორიტი სპექტაკლი უკვე მოზარდობაში, ჰერმიასა და ჰელენის როლი ზეპირად ვიცოდი, სახლშიც ვთამაშობდი ხოლმე. ეს მსახიობები ჩემთვის იყვნენ მიუწვდომლები და უცებ  მეც აღმოვჩნდი მათ გვერდით. 

maia-gelovani

თეთრი სუფრა, წითელი ვაშლები და მიხეილ თუმანიშვილის დიდი გაკვეთილი

საოცარი რეაქცია მქონდა, როცა 18 წლის ასაკში მიხეილ თუმანიშვილმა  მითხრა, რომ უნდა მივსულიყავი თეატრში და მეთამაშა როლი. სულ ვფიქრობ, რატომ ამარჩია მე  და მაქვს პასუხი - არა იმიტომ, რომ გამორჩეული ვიყავი ჯგუფში, არამედ იმიტომ, რომ ვიყავი ძალიან ბავშვური, ზედმეტად ბავშვური, ვიდრე ამ ასაკში არიან ხოლმე. ის უკვე იყო ასაკში და ძალიან უყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა. სულ ამბობდა  კიდეც, რომ ნამდვილი არტისტი არასდროს უნდა დაბერდეს, სულ უნდა დაფრინავდესო. ვფიქრობ, რომ ეს დაინახა მან ჩემში. ჩანთაზე სულ ვარდისფერი სათამაშოები მქონდა ხოლმე ჩამოკიდებული, მაგრამ თეატრში მისვლის შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრება ასეთი ვარდისფერი არ არის. 

ბუნებრივია, რომ ეჭვიანობის მომენტი მსახიობებს შორის  იყო - როცა თეატრში გყავს ისეთი რეჟისორი, როგორიც იყო მიხეილ თუმანიშვილი, სხვა გზა არ რჩება. როცა თავად ახალგაზრდა ხარ, მაგრამ თეატრში კიდევ უფრო ახალგაზრდა მსახიობი მოდის, ეს გარდაუვალია. ვერ ვიტყოდი, რომ არ გამოხატეს მსახიობებმა ეს ეჭვიანობა.  

მქონდა ძალიან რთული პერიოდები, არასდროს ხმამაღლა ამის შესახებ არ მილაპარაკია. მაშინ ძალიან ვბრაზდებოდი, გული მტკიოდა, ვტიროდი სახლში მისული ძალიან ბევრს, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, ძალიან მაგარი რამ მოხდა - ეს ყველაფერი იმ ასაკში უნდა მენახა, რომ გზა გამეგრძელებინა და გავზრდილიყავი. დღეს მადლობას ვეუბნები იმ ადამიანებს. ახლა მე ზუსტად ვიცი, როგორ მოვიქცე ახალგაზრდა კოლეგებთან, რა უნდა გავაკეთო და რა - არა. სირთულეს რომ გადალახავ, უფრო თავისუფალი ხდები. 

იყო შემთხვევა, როცა არ ვიცოდი, რომ სპექტაკლი უნდა მეთამაშა და არ მივედი. არავინ გამაგებინა. მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო, სახლის ტელეფონზეც არავინ დამირეკა. მთელი დასი გამზადებული იყო და მე არ მივედი. ბატონი მიშას თანაშემწე იყო ამალია, რომ მნახა თეატრალურში, მითხრა, შენ ისეთი რამ გააკეთე, შენი ფეხი აღარ იქნება თეატრშიო. 

ძალიან მძიმე იყო, როცა შევხვდი მიხეილ თუმანიშვილს და შემდეგ მსახიობებს. მე ავხსენი, რატომ მოხდა ეს და რატომ არ მივედი სპექტაკლზე - ესეც მაპატია. მითხრა, შტერაძე, მოდი ხვალ თეატრში 12 საათზე, რეპეტიცია გვაქვსო. 

  • მედეა ჩახავას დიდი ოჯახი - დიდი თეატრალური პირამიდა და უცნობი ფოტოები გენიალური მსახიობის საოჯახო ალბომიდან

მსახიობებს ჰქონდათ ტრადიცია, მოყოლით ვიცოდი, რომ ახალ წელს ბატონ მიშასთან იშლებოდა თეთრი სუფრა, ამ თეთრ სუფრაზე იყო სულ წითელი ვაშლები და წითელი ღვინო. მეც მერგო პატივი, რომ მივსულიყავი ამ სუფრაზე. ვიჯექი შეშინებული, მორიდებული, შემთხვევით მოხდა ისე, რომ ჭიქას წავკარი ხელი და წითელი ღვინო სულ გადაესხა თეთრ სუფრას. ღვინოზე მეტად მე გავწითლდი. დაინახა მომენტალურად ეს ბატონმა მიშამ და მითხრა, მოდი, ახლა დავხატოთო. დაასხა ღვინო სუფრაზე და დაიწყო ხატვა. 

მიხეილ თუმანიშვილთან ბოლო საუბარი შედგა საავადმყოფოში. გული აწუხებდა, მე ვიყავი მისული. საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, დაბადების დღესთან დაკავშირებით, სტუდენტებმა მისი სხვადასხვა სპექტაკლით შევკარით ერთი სპექტაკლი და მოვიყვანეთ თეატრალურ ინსტიტუტში. ციოდა ძალიან, მაგრამ მაინც მოვიდა - ეს იყო ჩემი სპექტაკლების აჯაფსანდალიო, ასე გვითხრა და ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. 

მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების შემდეგ ნელ-ნელა თუმანიშვილის თეატრს ჩამოვშორდი. ეს ის პერიოდი იყო, როცა რუსთაველის სარდაფში ვიწყებდით ახალ სპექტაკლებს. შემდეგ გაჩნდა ჩემი შვილი, თემურიკო. სწორედ ამ დროს ნიაზმა გამოუშვა ალბომი „გზა“, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა, ყველა მილოცავდა, სულ ამაზე მელაპარაკებოდნენ. მე 2 წლის მანძილზე თეატრს ჩამოვშორდი,  იმდენად საოცარი გრძნობა იყო დედობა, ვერც გავიგე, როგორ გავიდა ეს პერიოდი. 

maia-gelovani

გამოღვიძება ალუბლის ბაღში

ერთ დღეს, ქუჩაში შემხვდა ერთი ცნობილი რეჟისორი და მკითხა, შენ მსახიობობას თავი დაანებეო? უცებ დავფიქრდი, გავგიჟდი - რატომ? - ვეკითხებოდი ჩემს თავს. 

ნიაზის ნებისმიერი  წინ გადადგმული ნაბიჯი ჩემთვის დიდი სიხარულია, მაგრამ პირველად მოხდა, რომ ორი რაღაც გავაცნობიერე - მე ჩამოვშორდი ჩემს პროფესიას და ყველა მელაპარაკება ნიაზის ალბომზე. შური კი არ იყო, მაგრამ ეს იყო ჩემი გამოღვიძება - ვიფიქრე, რაღაც უნდა გავაკეთო-მეთქი. მეორე დილით ავდექი, მივედი თუმანიშვილის თეატრში, სადაც გოგი მარგველაშვილი დგამდა „ალუბლის ბაღს“. შევედი მასთან და ვუთხარი - ბატონო გოგი, მე ახლა ძალიან ცუდად ვარ, ძალიან ჭირდება სპექტაკლში თამაში და რამე როლი მომეცით-მეთქი. გამოაღო უჯრა და მომცა პიესა. ია სუხიტაშვილი თამაშობდა ანიას როლს, სწორედ ამ დროს წავიდა ის რუსთაველის თეატრში და გამოვიდა, რომ მე აღმოვჩნდი სწორ დროს სწორ ადგილას. ამის შემდეგ წყვეტა აღარ მქონია. 

ეს არის ჩემი რაღაცნაირი ტკივილი - სულ მინდა, რომ კარგი როლი შევასრულო კინოში, მაგრამ ალბათ ჯერ ვერ დაინახა ჩემში ვერავინ ამის საჭიროება. ამაზე ხშირად მიფიქრია. ეპიზოდური როლები კინოში მაქვს, მაგრამ სერიალებში უფრო ხშირად მიღებენ. 

25 წელი ერთად: სიყვარული და უცნაური სამკუთხედი

ნიკო გომელაურთან გავიცანი ნიაზ დიასამიძე. უკვე დაწყებული იყო მისი წარმატებული კარიერა. შორიდან მანამდეც ვიცნობდი - ჩემმა მეგობარმა გამაცნო - ქუჩაში შევხვდით შემთხვევით ერთმანეთს. სერიოზული ურთიერთობა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოსთან შევხვდით. მე და ნიკო ერთ სპექტაკლში ვთამაშობდით, ძალიან ვმეგობრობდით. 

თავიდან არანაირი გრძნობა არ მქონია ნიაზის მიმართ, მაგრამ რაღაცნაირად ასე მოხდა. წინანდალში წავედით ერთ შეკრებაზე, მერე ბათუმში და ასე დავახლოვდით. ვერ ვლაპარაკობ ამ სიყვარულზე, რთულია სიტყვებით გადმოცემა, როცა ძალიან გიყვარს. დიდი ბედნიერებაა, როცა ცხოვრებაში ასე ძალიან შეუყვარდება ადამიანი, 25 წელია, მე და ნიაზი ერთად ვართ, ეს სიყვარული უფრო და უფრო იზრდება და ჩემთვის ძალიან ძვირფასია. 

9 მაისს დავქორწინდით, 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეზე გაჩნდა თემური,  22 აპრილს, ლენინის დაბადების დღეზე გაჩნდა ანდრია. ასეთი უცნაური სამკუთხედი შეიკრა. 

მე სულ ჩართული ვარ, როცა ნიაზი ახალ სიმღერას ან ალბომს აკეთებს, ყოველთვის მეკითხება აზრს, მის კონცერტებზეც ყოველთვის დავდივარ, მაგრამ თავად ჩემს სპექტაკლზე არასდროს ყოფილა - ძალიან ვღელავო, ასე ამბობს. 

  • "რომ ეკითხათ, ვინ არის შენი საყვარელი სუპერგმირიო, ვიტყოდი დედას და მამას" - დიდი ოჯახი და ლამაზი დედაშვილობა: თემურიკო დიასამიძე და მაიკო გელოვანი

ძალიან კარგია, გადასარევია ორი ბიჭის დედობა, მაგრამ ძალიან რთულია. რთულია, ზოგადად, სიყვარული და ის პასუხისმგებლობა, რომელიც სიყვარულს მოსდევს. 

maia-gelovani