მარიამ შენგელია 2002 წლის 14 მაისს დაიბადა. ბავშვობაში მსახიობობა უნდოდა, მაგრამ როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე დადგა, მიხვდა, რომ ცხოვრება სიმღერის გარეშე არ შეეძლო და ამ მიმართულებით სწავლაზე უნდა ეფიქრა.

მარიამ შენგელია
14 წლის იყო, როდესაც ფილარმონიის დიდ სცენაზე, კონკურსზე "X ფაქტორი" გამოჩნდა. როგორც თავად იხსენებდა, ეს სასწაული წუთები იყო, ძალიან ინერვიულა, ლამის გადაიფიქრა კიდეც, მაგრამ როგორც კი სცენაზე გავიდა, მიხვდა, ის ადგილი იყო, სადაც უნდა ყოფილიყო და ნერვიულობაც მომენტალურად მოეხსნა.
2025 წელს მარიამ შენგელიამ საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გაიმართა. მარიამ შენგელია საკონკურსო სიმღერით Freedom მეორე ნახევარფინალურ შოუზე ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად წარდგა, თუმცა, ფინალში გადასასვლელად საქართველომ საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
დღეს მარიამ შენგელია ჯგუფი “მიქსტურის” სოლისტია და აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ სფეროში საქმიანობას. ამის პარალელურად, ახალგაზრდა მომღერალი ტელეწამყვანის ამპლუასაც ითავსებს და მაყურებელს დილის გადაცემიდან ესალმება.

14 მაისს მარიამ შენგელია 24 წლის გახდა - მან მილოცვები მიიღო გულშემატკივრებისგან, მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან - გამორჩეული იყო ემიგრანტი დედის ვიდეო.
„უკვე 5 წელია, რაც დედა ემიგრაციაშია. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. დედა ძალიან ახალგაზრდაა, 17 წლის იყო, როდესაც გამაჩინა და ახლა 39 წლის არის. დედაჩემის წასვლა თითქოს ჩემი ნახევრის მოგლეჯის მსგავსი იყო, ძალიან რთული იყო და დღემდე ძალიან რთულია, თუმცა ყველაფერს ეჩვევი. თავიდანვე პროტესტის გრძნობა მქონდა, არ მინდოდა, რომ წასულიყო”, - იხსენებდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მარიამ შენგელიას დაბადების დღე კიდევ უფრო განსაკუთრებულად სცენაზე მოულოდნელმა ხელის თხოვნამ აქცია. მომღერლის რჩეული მორაგბე გიორგი მჭედლიშვილია.
