მომღერალი ზურა ხაჩიძე ნოე სულაბერიძის გადაცემას, "ნოესთან" სტუმრობდა. ვრცელ ინტერვიუში ზურა ხაჩიძემ განვლილ გზაზე, ოჯახზე, მეუღლესა და შვილზე, ანასტასია ხაჩიძეზე ისაუბრა.

ზურა ხაჩიძის ინტერვიუ
როგორც ხათუნა ამბობს, შენს ასაკთან შედარებით, ბევრი ღირებული თვისება ვიპოვე შენში, ის, რაც კაცში მიყვარდა და მომწონდაო. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, გადაწყვეტილებაც არ იყო მარტივი, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მარტივი იყო, თუნდაც, ცოლად მოყვანის გადაწყვეტილება.
მე მგონი, პირველად ვამბობ ამას - არ იყვნენ თანახმა ჩემი ოჯახის წევრები ჩემზე უფროსი მეუღლე მომეყვანა. მათ შორის, არც ჩემი სულიერი მოძღვარი, გარდაცვლილია მეუფე სერაფიმე და არ მირჩევდა ეს ნაბიჯი გადამედგა. მე მიყვარდა და გადავდგი ეს ნაბიჯი და აგერ უკვე 21 წელია, ერთად ვართ.
მე როცა ხათუნა გავიცანი, მასზე მთელი თბილისი შეყვარებული იყო. 20 წელია, დაქორწინებულები ვართ და 25 წელია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ.

მამისთვის განსაკუთრებით გოგო არის სხვა ენერგია, სხვა სითბოს გაძლევს. თავიდან ცოტა გამიჭირდა ამის აღქმა, პატარა ვიყავი, 26 წლის. რა თქმა უნდა, შვილი დიდი პასუხისმგებლობით მივიღე, მაგრამ წლების განმავლობაში შენ თვალწინ რომ იზრდება, შენს ხასიათს ატყობ, შენს გამოხედვას ატყობ, შენ მიმართ ნდობას ატყობ და რაღაცნაირად დაცულად გრძნობს თავს შენთან, ეს გაძლიერებს, როგორც მამას, გზრდის და გაყალიბებს მამაკაცად, სხვა ასაკში შედიხარ, სხვანაირად უყურებ ცხოვრებას. ანასტასიამ მაჩუქა მამობა… თუმცა მანამდე სტარტი იყო ძალიან მაგარი, მანამდე ნინი იყო. 8 წლის იყო, რომ გავიცანი და 9-10 წლიდან ჩემს ხელაშია გაზრდილი.
ანასტასია სხვანაირი ბავშვია, არ უყვარს შოუბიზნესი და ეკრანზე გამოჩენა და არც სურათს მაღებინებს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, სწავლობს, ძალიან ნიჭიერი გოგოა. თავის ცხოვრებას თვითონ გეგმავს. ახლახან დაამთავრა კოლეჯი ლონდონში, სადაც თავისი ნიჭით მოეწყო და ახლა სწავლა უნდა გააგრძელოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავს.
