ნუკა კაციტაძე პირველი "მის თბილისია", რომელიც ტელეეკრანებზე აქტიურობით ყოველთვის გამოირჩეოდა. მან ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოახერხა ამ სფეროში წარმატების მიღწევა."ობიექტივთან" ინტერვიუში ნუკა იხსენებდა იმ გზას, რომელმაც "მის თბილისის" ტიტულამდე მიიყვანა.

"1985 წელს გავხდი "მის თბილისი". ეთერ გუგუშვილმა მთხოვა, ინსტიტუტებს შორის არის შეჯიბრება, ყველა ინსტიტუტს გამოჰყავს დედოფალი და შენც რომ გამოხვიდე, შენი გარდერობიდან რაც გაგიხარდება აარჩიე და გამოდიო. მაშინ დედაჩემს ვთხოვე, რომ რაიმე 8-მეტრიანი ნაჭერი ეყიდა ჩემთვის. 3 დღე გვქონდა, შეკერვას ვერ ვასწრებდი და რაღაც გადავაკარით ერთმანეთს, შიგნიდან კი საცურაო კოსტიუმიც მეცვა, რაიმე რომ მომხდარიყო. ერთი ფეხსაცმელი მქონდა, რომელზეც ზოლი გადაწყდა, რა უნდა გამეკეთებინა, ჩემს მეზობელს ჰქონდა ზუსტად მსგავსი ფეხსაცმელი და მას გამოვართვი. ერთი ჩემი, მეორე კი მისი ფეხსაცმელი მეცვა.
ჩვენებაზე რომ მივედი, ყველა ინსტიტუტს თავისი დედოფალი ჰყავდა, ჩვენ რეპეტიციაც კი არ გვქონდა გავლილი. ადგილზე რომ მივედი, გავიგე, რომ მე ვიყავი ინგლისის დედოფალი. სცენაზე ვიდექი და ველოდებოდი, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი. ამ დროს ამბობენ, რომ ყველაზე მეტი ხმა მიიღო ნუკა კაციტაძემო. რამდენჯერმე გამოაცხადეს ჩემი სახელი, რადგან თავიდან ყურადღება არ მიგვიქცევია. ცოტა დაბნეული ამიყვანეს პიედესტალზე. ყვავილები მომართვეს და ასე გავიმარჯვე", - იხსენებს ნუკა.

ნუკა კაციტაძე საქართველოში პირველად ჩატარებული სილამაზის კონკურსის - "მის თბილისი 1985"-ის გამარჯვებულია. მისი ოცნება მოდელობა არასდროს ყოფილა - მეტიც, სამედიცინო უნივერსიტეტში აპირებდა ჩაბარებას, მაგრამ ოცნებაზე უარი არ თქვა და თეატრალურის სტუდენტი გახდა:
"ჩემი ოჯახის წევრები ექიმები, კერძოდ, სტომატოლოგები იყვნენ. ბაბუაჩემს უნდოდა, რომ სტომატოლოგიაზე ჩამებარებინა. ჩემს ოჯახში მედიცინის გარდა სხვა თემა არ განიხილებოდა. მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ მე სამედიცინოზე უნდა ჩამებარებინა, მე კიდევ თეატრალურში მინდოდა ჩაბარება. სამედიცინო ინსტიტუტში მამაჩემის მეგობრები ჩურჩულით მეუბნებოდნენ, რამე თუ გამიჭირდებოდა, დამეხმარებოდნენ.
მივედი გამოცდაზე და არაფერი არ დავწერე. შემდეგ ატყდა ერთი ამბავი, ეს როგორ გავაკეთე, შემდეგ კი მომზადების გარეშე ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში", - იხსენებდა ნუკა კაციტაძე.
თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ნუკა კაციტაძემ იქორწინა - მისი მეუღლე ბიზნესმენი იყო და მეორე შვილის გაჩენის შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ. 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ნუკამ მეუღლესთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო და ორი შვილით სამშობლოში დაბრუნდა.
ნუკა კაციტაძეს ვიზუალური მსგავსების გამო ხშირად ადარებენ უიტნი ჰიუსტონს - როგორც თავად იხსენებს, ამ ლეგენდარულ მომღერალთან შეხვედრის ბედნიერება მართლაც ხვდა წილად, სამახსოვროდ კი ფოტოს დარჩა.
