ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, ლიზა დარასელია გიორგი გასვიანის გადაცემის, "სიცრუის დეტექტორის" სტუმარი იყო.
ლიზამ შეკითხვაზე, სწყინდა თუ არა მის წარმატებას ბაბუის სახელს რომ უკავშირებდნენ, დადებითი პასუხი გასცა.
"ყოველთვის ვიამაყებ და ვამაყობ, მართლაც ძალიან დიდი სახელი დაგვიტოვა. ბავშვობიდან ბევრს ვშრომობ, დამეხმარა ბაბუაჩემის სახელი, მაგრამ შინაგანად ვარ ისეთი ადამიანი, რომ ყოველთვის მიწევდა ამასთან ბრძოლა. ბევრს უთქვამს და ბევრჯერაც გამიგია ფრაზა - შენ იმიტომ ხარ წარმატებული, რადგან ვიტალი დარასელიას შვილიშვილი ხარ - მარტო ასეც არ არის. მე ვფიქრობ, რომ ბევრი გავაკეთე ასეთი წარმატებული ვყოფილიყავი, როგორიც ახლა ვარ.
ჩვენ ვერ მოვესწარით ბაბუას, რადგან მამაჩემიც ძალიან პატარა იყო, როცა გარდაიცვალა. ეს იყო დიდი ტრაგედია. როგორც იხსენებენ, ძალიან უბრალო ადამიანი იყო და ყველას ამიტომ უყვარდა. ამბობენ, რომ ხასიათით ვგავარ ბაბუას. ვიზუალურად მამაჩემი ჰგავს ძალიან და ჩემს ძმასაც ამსგავსებენ. მამაც ფეხბურთელი იყო, მაგრამ ტრავმის გამო ვერ გააგრძელა კარიერა. თუმცა მან ამერიკაში გახსნა საფეხბურთო სკოლა, "ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია", - ამბობს ლიზი.

ამასთან, ლიზის ძმამ, უმცროსმა ვიტალი დარასელიამ, აღნიშნა, რომ ისიც ფეხბურთელია და ამას საქმის სიყვარულის გამო აკეთებს.
"თავისთავად დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, რადგან ასეთი ბაბუის სახელს ვატარებ და ასეთი გენეტიკაც მაქვს. ამ გენეტიკას არ უნდა ვუღალატო და ფეხბურთსაც უნდა გავყვე. მე მართლა გულით მიყვარს ფეხბურთი და ამას ბაბუის სახელის გამო არ ვაკეთებ. ღმერთის ნებით, ყველაფერი გამოვა და ვასახელებ ბაბუაჩემს", - ამბობს უმცროსი ვიტალი დარასელია.
ლიზი ReActive Band-ის წევრია და სხვადასხვა დროს "პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუს" და "ნიკოს შოუს" მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავდა. ამასთან სულ ცოტახნის წინ გამოუშვა საავტორო სიმღერა. როგორც ლიზი "თბილისელებთან" ინტერვიუში ამბობს საავტორო სიმღერის ქონა მისი ბავშვობის ოცნება იყო.
"უბედნიერესი ვარ. ძალიან დიდი ხანი მინდოდა, საავტორო სიმღერა მქონოდა და რამდენიმე დღის წინ გამოვუშვი. ჩემს სიმღერას ჰქვია „მერამდენე ღამე“. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თამთა ჭელიძეს, რადგან ამ საქმის სულისჩამდგმელი სწორედ ის არის. ეს სიმღერა ყველა შეყვარებულ ადამიანზეა.
პარალელურად, „ნიკოს შოუს ბენდის“ წევრი ვარ და ამასთან ერთად, როგორც იცით, მყავს საკუთარი ბენდი, რომელიც ძალიან აქტიურია. ჩვენ ხშირად გვიწვევენ კორპორაციულ ღონისძიებებზე და ვცდილობთ, პოზიტივი შევინარჩუნოთ, როგორც ჩვენს ბენდს ჰქვია.
საავტორო სიმღერაზე ყოველთვის ვფიქრობდი და მიხარია, რომ გამომივიდა, თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჩემს გულშემატკივარს კიდევ ბევრი ნამუშევარი ელის. ახლა კიდევ ერთ საავტორო სიმღერაზე ვმუშაობ, რომელსაც ორ თვეში იხილავთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ," - ამბობს ლიზი ინტერვიუში.

ლიზი დარასელია სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მას რჩეულმა, საბა ბალაძემ ხელი დაბადების დღეზე სთხოვა. ეს მომენტი ლიზისთვის ძალიან მოულოდნელი და ემოციური აღმოჩნდა, კადრებმა კი სოციალური ქსელები მოიარა.