მარინა კახიანს გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველო" სტუმრობდა. მსახიობმა ინტერვიუში განვლილ გზასა და პროფესიაზე ისაუბრა. მარინა კახიანმა აღნიშნა, რომ მისთვის პროფესია ყველაზე და ყველაფერზე მეტია.
"ადრე ამბობდნენ, რომ სერიოზული ვიყავი, უფრო - თავშეკავებული. მე მგონი, ახლა აღარ ამბობენ. პირველ რიგში, ყველაზე მეტად მაბედნიერებს ოჯახი, ბავშვები და მეორე, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესია და მერე მოგზაურობა. ძალიან კარგი მეგობრები მყავს თეატრშიც და თეატრის გარეთაც.
ყოველ დილით სხვადასხვა ემოციით ვიღვიძებ. როდესაც ხარ ბებია, დედა ხშირად პირველი ფიქრები მოდის ოჯახსა და ბავშვებზე. ზოგჯერ, როდესაც როლით ხარ შეპყრობილი, პირველ რიგში, თვალს ვახელ თუ არა, იქ ვტრიალებ - მაგალითად, რეპეტიციაზე რაღაც არ გამოვიდა და ვცდილობ რაღაც შევცვალო. რეჟისორსა და მსახიობს შორის ყოველთვის არის ჭიდილი, ამას კარგი გაგებით ვამბობ.
მსახიობობა ჩემთვის არის ყველაფერი - სიყვარული, ცხოვრება. მე რაც არ შემიძლია ცხოვრებაში გამოვხატო, ამას ვახერხებ ჩემს პროფესიაში. რეალური ცხოვრება არ მინდა წარმოვიდგინო როლის გარეშე", - ამბობს მარინა კახიანი მარიამ გაბედავას რუბრიკა "სხვანაირ დილაში".

მარინა კახიანი ყველასთვის საყვარელი მსახიობია. სამსახიობო კარიერის საწყისი ეტაპები, 1974-76 წლებში, მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიარა, 1980 წლიდან დღემდე კი იგი შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ ხნის მანძილზე მან კინოსა თუ თეატრში არაერთი წარმატებული როლი შეასრულა და ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.
აღსანიშნავია მისი რეპერტუარი: ევა ბრაუნი („ას ერგასის დღე“), კორდელია („მეფე ლირი“), რებეკა იდელსონი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ლიდა („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), ლავინია („ტიტუს ანდრონიკუსი“), ნათელა აბაშვილი („კავკასიური ცარცის წრე“), ბერნარდა ალბა („ბერნარდა ალბას სახლი“), მარიამ სტიუარტი („მარიამ სტიუარტი“), სუტკნეინა („კაცია ადამიანი?!“), ვიოლა, ოლივია („როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), ალექსანდრა („მოხუცი ჯამბაზები“), მედეა („მედეა“) და სხვა.

მარინა კახიანი პატარა ასაკში დაქვრივდა, მისი მეუღლე გია მატარაძე იყო. მარინას ერთი შვილი ჰყავს.
"ოჯახი ძალიან ადრე შევქმენი, როცა ჯერ კიდევ მეოთხე კურსზე ვიყავი. ჩემი მეუღლე, გია მატარაძე ჩემზე საკმაოდ უფროსი იყო და უკვე თავისი ოჯახი ჰქონდა. ჩვენმა ქორწინებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ, სხვების აზრს ნაკლებ ყურადღებას აქცევ, შემდეგში კი თავს იმართლებ, რომ ეს შენი ბედისწერა იყო, რომ ასე უნდა მომხდარიყო. გია კინორეჟისორი, ყოფილი მსახიობი გახლდათ და ჩემი საქმიანობის გამო საყვედური არასდროს გამოუთქვამს. ჩვენი ქორწინება 12 წელიწადს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში სულ ერთად ვიყავით, სტუმრადაც კი ერთად დავდიოდით. მხოლოდ მაშინ ვშორდებოდით, როცა მე გასტროლზე მივდიოდი და ეს საკამათო არასოდეს გამხდარა. ის ზომიერად ეჭვიანი იყო. ამას ვუგებდი, რადგან მე ალბათ, ძველი ყაიდის ქალი ვარ და მომწონს, როცა მამაკაცი ცოტათი ეჭვიანობს.

ჩემი შვილი ურთულეს პერიოდში - 1990-იან წლებში გაიზარდა. ჩემი მეუღლე რომ დაიღუპა, ვათა ჯერ 12 წლისაც არ იყო. ერთი წლით ადრე მამაჩემი გარდაიცვალა, შემდეგ უკვე გია... მოკლედ, ეს ურთულესი ეტაპი გახლდათ ჩემს ცხოვრებაში! ძალიან ბევრ რამეზე უნდა მეფიქრა: 12 წლის ბიჭი გარეთ რომ არ გამეშვა, ესეც არ ივარგებდა - კაცი ხომ უნდა გაზრდილიყო? ყოველთვის მძიმე არჩევანის წინაშე ვიყავი - სად და როდის უნდა გამეშვა და როდის ამეკრძალა - როდის დამედო მშობლის "ვეტო" სადმე წასვლაზე. დედაჩემს ეშინოდა და მეგობრებთან წასვლასაც უკრძალავდა, მე მაინც ვუშვებდი და ეს დიდი სტრესი იყო. ალბათ, ყველაფერმა ერთად იმოქმედა: გენეტიკამ, მისმა ხასიათმა და ბუნებამ, მე და დედაჩემმაც დიდი ძალისხმევა გამოვიჩინეთ და დღეს ის ძალიან კარგი ადამიანია. მეამაყება, როცა მეუბნებიან, რა კარგი შვილი გაგიზრდიაო" - ამბობდა მარინა.