"ოჯახში რაც მეტი ბავშვია, მით მეტი სიხარულია" - თემიკო ჭიჭინაძე და ნინო თარხან-მოურავი ბებია-ბაბუის ამპლუაში - Marao

"ოჯახში რაც მეტი ბავშვია, მით მეტი სიხარულია" - თემიკო ჭიჭინაძე და ნინო თარხან-მოურავი ბებია-ბაბუის ამპლუაში

2026-05-20 14:26:35+04:00

"დილა მშვიდობისა საქართველო" მარიამ გაბედავას რუბრიკის, სხვანაირი დილის ფარგლებში, თემიკო ჭიჭინაძისა და ნინო თარხან-მოურავის ოჯახს ესტუმრა.

წყვილმა ინტერვიუში ოჯახსა და ბებია-ბაბუის როლზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართული შვილიშვილების აღზრდის პროცესში.

"შვილიშვილებმა ჩემს ცხოვრებაში ბევრი სიხარული მოიტანეს, ბევრი რამ შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ მენტალობაც კი შეიცვალა. ვხვდები, რომ ამ პატარა სიხარულებით უნდა იბედნიერო. ვარ თამაშში ჩართული ბებია, ხან ვგორაობთ, ხან ბურთს ვთამაშობთ.

ოჯახში ჰარმონია უნდა იყოს, ურთიერთპატივისცემა," - ამბობს ნინო.

temiko-tchitchinadze

თემიკოს თქმით, ბებია-ბაბუის როლს მას შემდეგ იაზრებ, რაც თავად აღმოჩნდები ამ ამპლუაში.

"ბებიასა და ბაბუობას ვერ მიხვდები, სანამ თავად არ შეიგრძნობ ამ ყველაფერს. ყველას გვქონია ბებიასა და ბაბუასთან ურთიერთობა, კარგად მახსენდება და ყველაფერი იდეალურად იყო ჩვენი, შვილიშვილების მხრიდან, მაგრამ ამას როგორც განსაკუთრებულს ისე არ ვუყურებდი. სიყვარული მახსენდება, როგორც ტკბილი ურთიერთობა. ეს ყველაფერი მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც თავად ხდები ბებია-ბაბუა. ეს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობაა. თუ არ განიცადე, ვერ მიხვდები.

გვიან გავიაზრე, ოჯახში უნდა იყოს ბევრი ბავშვი, რაც უფრო მეტი ბავშვია და სხვადასხვა ასაკის, კიდევ უფრო მეტი სიხარულია", - ამბობს თემიკო.

  • "სამყაროს ძალიან ბევრი რამის გამო ვემადლიერები, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე..." - ნინო თარხან-მოურავის ამბავი ეკრანს მიღმა 

ნინო თარხან-მოურავისა და თემიკო ჭიჭინაძის ოჯახი

ნინო თარხან-მოურავისა და თემიკო ჭიჭინაძის ოჯახური ცხოვრება 32 წელს ითვლის, მანამდე კი იყო 9-წლიანი მეგობრობა. მყარი ოჯახური თანაცხოვრების პარალელურად, ორივემ მოახერხა, რეალიზებული ყოფილიყო თავის პროფესიაში და მაყურებლისთვის თავი შეეყვარებინა.

"ჩვენ ერთმანეთს ინსტიტუტში შევხვდით, მაგრამ წლების შემდეგ უკვე თეატრში ვიყავით, როცა დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჩვენ ძალიან დიდხანს ვმეგობრობდით. ჩემი მეუღლე ჩემზე ერთი კურსით ქვემოთ სწავლობდა. მერაბ ნინიძე იყო ჩვენი საერთო მეგობარი და სულ ერთად ვატარებდით დროს. სტუმრად დავდიოდით, ვერთობოდით და ასე შემდეგ. ცხრა წელი ვიყავით კარგი მეგობრები და მერე აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა. მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობა არ იყო. „ანა ფრანკის დღიურებში“ ვთამაშობდით ორივე ერთად. მე ანას ვთამაშობდი, თემიკო – პიტერს. ანას და პიტერს ერთმანეთი უყვარდებათ და ამ დროს ჩვენც უცებ მივხვდით, რომ თურმე, ერთმანეთი გვყვარებია. ერთ მშვენიერ დღეს მკითხა, ცოლად ხომ არ გამომყვებიო და მეც ვუთხარი, კი, როგორ არა-მეთქი (იცინის). ეს გადაწყვეტილება მალე მივიღეთ, რადგან ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით. მე მგონია, რომ მეუღლეობასთან ერთად, მეგობრებადაც დავრჩით... მთელი ცხოვრება" - იხსენებდა ნინო.

  • "ცხრა წელი ვიყავით კარგი მეგობრები და მერე აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა" - ნინო თარხან-მოურავისა და თემიკო ჭიჭინაძის ოჯახური იდილია 

temiko-chichinadze

  • გვიან მოსული დიდი წარმატება და ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის - ეკა ჩავლეიშვილის პორტრეტი 

წყვილს ერთი შვილი, ელისაბედი ჰყავს, რომელიც მშობლების პროფესიას არ გაჰყოლია და სამხატვრო აკადემიაში სწავლა აირჩია. მიუხედავად ამისა, მსახიობობა მისთვის უცხო არ არის - ელისაბედი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც" გამოჩნდა, სადაც ეპიზოდურ როლს ასრულებდა.

"ელისაბედი რომ დაიბადა, 25 წლის ვიყავი. დედაჩემმა მთხოვა, თუ გოგონა შეგეძინება, მინდა, ჩემი დიდი ბებიის სახელი დაარქვაო. თხოვნა შევუსრულე და ელისაბედი დავარქვი. მაშინ უკვე თეატრში ვმუშაობდით. ბავშვი 1992 წელს გაჩნდა. ამ პერიოდს დაემთხვა არეულობა ჩვენს ქვეყანაში. არ გვქონდა შუქი, წყალი, არ დადიოდა ტრანსპორტი და თეატრშიც შესაბამისი სიტუაცია იყო. ძირითად დროს შინ ვატარებდი, მაგრამ როცა სპექტაკლი გვქონდა, ელისაბედს ძიძასთან ვტოვებდით, რომელიც არაჩვეულებრივი ქალი იყო. 15 წლის რომ იყო, მსახიობობა უნდოდა. წავიყვანე თეატრში და რეპეტიციებზე დავსვი. დავანახვე, რომ მსახიობობა მარტო სცენაზე გამოსვლა და ტაში არ არის. რეპეტიციების შემდეგ მსახიობობაზე უარი თქვა."