ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ნინა პერტენავასა და ნუცა სურგულაძეს გადაცემის, "Easy Plate • მარტივი თეფში" სტუმარი იყო. ნანიკომ გადაცემის ფარგლებში საკუთარი თავის მოვლასა და წონის კონტროლზე ისაუბრა.
"ალბათ, უფრო ვამპირის სისხლი მაქვს, იმიტომ, რომ მართლა ბევრს ვჭამ იმას, რაც მიყვარს, არანაირი შეზღუდვა არ მაქვს ცხოვრებაში. ღამე ძალიან მიყვარს ჭამა და 4 კილოგრამი ზოგჯერ ავა ზევით, მაგრამ თავისით ბრუნდება უკან.
2018-2019 წელს დავანებე სიგარეტის მოწევას თავი და ძალიან სწრაფად მოვიმატე 14 კილოგრამი. 14 კილოგრამი შეიძლება ვიღაცისთვის არაფერია, მაგრამ მე სხვა ქალი ვიყავი. სარკეში რომ ვხედავდი ჩემს თავს, გული მისკდებოდა. ზარმაცი ვარ, ვარჯიში ჩემთვის არის ტანჯვის, წამების ყველაზე კარგი საშუალება, ამიტომ გადავწყვიტე, ფეხით ვიარო. მას შემდეგ, რაც ინტერვალურ კვებაზე გადავედი, თავიდან 18-საათიანი დავიწყე, მაგრამ გრამი არ შეცვლილა, შემდეგ 20-24 საათიანზე გადავედი და ერთი დღე ვშიმშილობდი, რაც აღმოჩნდა ყველაზე კარგი მეთოდი.

ინიექციებთან ძალიან კარგად ვარ, ფილერიც მაქვს გაკეთებული. ძალიან ბევრი სხვადასხვა რამ მაქვს გაკეთებული, თუმცა ვფიქრობ, რომ არ მეტყობა.
თმას თავად ვიჭრი და ვიღებავ - ჩემს ბავშვობაში იყო - საძინებელს მოჰყვებოდა კარადა, რომელიც ყველანაირად ტრიალდებოდა. ახლაც მსგავსი მაქვს და კარგად ვაკონტროლებ ჩემი კეფის ყველა წერტილს, ასევე მაქვს მანქანა, რომელსაც ერთი პლუსი აქვს, 28 მილიმეტრამდე შეგიძლია შეჭრა და ამიტომ ძალიან გადაპარსულიც არ გაქვს.
მონეტიზაცია ჩავრთე ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, მივხვდი, რომ რაღაც ისეთი უნდა დავდო, რასაც ბევრი ნახვა ექნება და ყველაზე ხშირად სამ კითხვას მისვამენ - თმას სად იჭრი, რით იღებავ და სად იყიდე ჯინსი. ამიტომ, გადავწყვიტე, თმის შეჭრის ვიდეო დამედო და, სხვათა შორის, ძალიან ბევრი ნახვა აქვს. მალე შევიღებავ, ამასაც დავდებ და დარწმუნებული ვარ, ბევრი ნახვა ექნება. შემდეგ კი ჯინსების ბიზნესს დავიწყებ და მალე ნანიკოს ჯინსებიც იქნება".
ნანიკო ხაზარაძე ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. 2007-2008 წლებში მიჰყავდა გადაცემა „ნანიკოს შოუ“. გადაღებულია 5 ფილმში.
ნანიკო ხაზარაძე პირველად ლევან ნუცუბიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ლილუ ნუცუბიძე შეეძინა, თუმცა მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა.
განქორწინების შემდეგ ნანიკო პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო.

ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე.
მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.