მარიამ გაბედავა საკუთარი რუბრიკის, "სხვანაირი დილის" ფარგლებში მუსიკოს დათო ევგენიძეს სტუმრობდა. დათომ ტკივილსა და მუსიკის შექმნის პროცესზე ისაუბრა.
"მუსიკის წერა დილით გაღვიძებასა და პირის დაბანას ჰგავს, ბუნებრივად მიდიხარ ინსტრუმენტთან და ხელები თავისით უკრავენ. არცერთი ნაწარმოები არ მაქვს ისეთი, რომელშიც რამე შევცვალე, ყველაფერი პირდაპირ, თავისთავად მოდის. გაღვიძებისთანავე მუსიკაზე ვფიქრობ.
წლებმა გამოცდილება შემძინა. არ ვგულისხმობ იმას, რომ უბრალოდ მეტი ამბავი გავიგე. გამოცდილება ემოციების ჯამია. ეს არის სიცოცხლე თავისი ყველა სხივითა და წახნაგით. ბედნიერება სიყვარულია, სიყვარული კი ღმერთია. დილით, როდესაც ვიღვიძებ, ბავშვობის ყველაფერი მენატრება: დიდი ბებია, ქეთო ბებია, სწორედ მან დაინახა ჩემში მუსიკოსი. სულ რაღაც 4-5 წლის ვიყავი, როდესაც საღამოობით ვიღვიძებდი და ვუკრავდი.
18 წლის ვიყავი, როდესაც 16 წლის და გარდამეცვალა, რის შემდეგაც ოჯახის დამოკიდებულება ჩემ მიმართ შეიცვალა. როდესაც ოჯახის წევრს კარგავ, თანაც ასეთ პატარას, ეს ოჯახს მეტ სიფრთხილეს მატებს. მეც შევიცვალე, მაშინ ჩამოყალიბდა ის დათო ევგენიძე, ვინც დღეს ვარ“, - ამბობს მუსიკოსი.

- მაშინ მე 18 წლის ვიყავი. მოსკოვის კონსერვატორიაში ჩავაბარე და რამდენიმე დღით ჩამოვედი საქართველოში. წარმოუდგენელი შემთხვევა იყო, ჩემს თავს ვაბრალებდი, იმ მომენტში იქ რომ არ ვიყავი.
ბათუმში ვიყავით მე, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე, ჩემი ბავშვობის მეგობრებიც იქ იყვნენ. ერთი დღით დავრჩით და დილით წამოვედით. ჩემი და ქობულეთში დავტოვე დედასთან ერთად. ისინი გრიგოლეთში უნდა წასულიყვნენ, მეც იქ უნდა გამევლო მათთვის. რომ ჩავედი, მითხრეს, რომ ჩემს დას მზემ დაარტყა და ქობულეთში იყვნენ.
ძალიან უცნაურად მოხდა ეს შემთხვევა. ბავშვები თამაშობდნენ, ერთმანეთს ზღვაში აყვინთავებდნენ. მეგობრები იყვნენ, ალბათ, ცოტა მეტი დროით დაიჭირეს და გული გაუსკდა. სისხლი რომ წამოუვიდა, ბავშვებს შეეშინდათ და გამოიქცნენ, პატარები იყვნენ, 14-15-16 წლის ბიჭები. ჩემი დის სხეული ზღვამ წაიღო, ვერტმფრენით ეძებდნენ და მაშინ დაინახეს. დედაჩემს დაურეკეს, ვიპოვეთო. დედას ცოცხალი ეგონა, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო.
გზაში მძღოლმა მკითხა, რამდენი წლის იყოო, იქ მივხვდი, რომ და აღარ მყავდა. ჩემს თავს ვაჯერებდი, რომ მზემ დაარტყა და ცოცხალი იყო.
ბევრი წელი იყო გასული, როცა ერთი ბიჭი მოვიდა ჩემთან და მითხრა, მე ის ვარ, ვინც შენს დას ჩააყვინთა, მე ვარ დამნაშავეო. ავდექი და ჩავიხუტე გულში, მოვეფერე, ვუთხარი, შენი ბრალი არ არის, ასე მოხდა, ეს ბედისწერა იყო-მეთქი. იმ ბიჭმა როგორ გადმოდგა ეს ნაბიჯი, როგორ გაბედა, მოსულიყო ჩემთან და ჩემთვის ეთქვა ეს ამდენი წლის შემდეგ?! დღეს თუ მისმენ, ნაპატიები გაქვს ჩემგანაც და უფლისგანაც.
ლიამ მე მაჩუქა ის, რაც დღეს ვარ. თუკი ჩემში რაიმე ფასეულია, ყველაფერი ჩემი დის ნაჩუქარია. ჩემი შემოქმედებაც შეიცვალა - რასაც მანამდე ვწერდი და რასაც მერე ვწერდი. პირველივე ნაწარმოები, რაც დავწერე, იყო რეკვიემი მიძღვნილი ჩემი დისთვის.