7 შეცდომა, რომელსაც ფილის არჩევისას უშვებენ - Marao

7 შეცდომა, რომელსაც ფილის არჩევისას უშვებენ

2026-05-20 08:00:00+04:00

წარმოიდგინეთ, რომ ისეთი სახლი გაქვთ, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით. დეკორაცია, ფერები, მასალა, ხასიათი - ყველაფერი თქვენი გემოვნების შესაბამისია. წარმოსახვის რეალობად ქცევამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ - რემონტი. 

ეს ის სიტყვაა, რომელიც ადამიანებს ერთდროულად გვაბედნიერებს, გვაღელვებს და გვაშინებს კიდეც. ვიაზრებთ, რომ საპასუხისმგებლო საქმეს ვეჭიდებით. სწორედ ამიტომ, სიხარულთან ერთად, ვშიშობთ - ვაითუ, ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორ ჩავიფიქრეთ. 

იშვიათად მოიძებნება სივრცე, სადაც კერამიკული ფილები გამოყენებული არ არის. ეს მასალა ნებისმიერ დიზაინს უხდება. ამავდროულად კი, პრაქტიკული და გამძლეა. 

სახლის მოწყობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფილების სხვადასხვა მახასიათებელი გაითვალისწინოთ და შეცდომები თავიდან აირიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსურად დაზარალდებით და სტრესთან გამკლავებაც მოგიწევთ. 

ამბობენ, რომ ადამიანები ყველაზე კარგად საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ, თუმცა ეს ყოველთვის აუცილებელი არ არის. ახლა 7 ყველაზე გავრცელებულ არასწორ მიდგომაზე მოგიყვებით, რომლებსაც ფილების არჩევისას უშვებენ. ყურადღებით გაეცანით და არ გაიმეოროთ. 

შეცდომა №1: მხოლოდ დიზაინით არჩევა 

შესაძლოა, ზუსტად ისეთი დიზაინის ფილა იპოვოთ, როგორიც თქვენს წარმოსახვაში არსებობს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ხშირად ეს საკმარისი არ არის. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე ყურადღების გამახვილებაა. 

დახვეწილ დიზაინთან ერთად, კერამიკული ფილა ფუნქციურობითა და პრაქტიკულობით უნდა გამოირჩეოდეს. მაგალითად, თუ ცივ კლიმატურ ზონაში ხართ, მხოლოდ სილამაზე არაფერს ნიშნავს. ამ შემთხვევაში, მასალა ყინვაგამძლე და მდგრადი უნდა იყოს. 

რემონტის დაწყებისას საკუთარ თავს ერთი კითხვა დაუსვით: როგორ პირობებსა და დატვირთვას უნდა გაუძლოს ფილამ? სხვადასხვა სივრცისთვის განსხვავებული კრიტერიუმები არსებობს. თუმცა, მთავარია რამდენიმე რამ: ბუნებრიობა, სიმტკიცე, სილამაზე, ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკოლოგიურობა. ყველა ამ მოთხოვნას ერთი მასალა - კერამოგრანიტი პასუხობს. სწორედ ამით გამოირჩევა ის სხვა მასალებისგან. 

შეცდომა №2: სივრცის ზომის არასწორი შეფასება 

კერამოგრანიტის არჩევისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა სივრცის ზომის არასწორი შეფასებაა. პატარა, საშუალო და დიდ ოთახებში შესაბამისი ფორმატის ფილები უნდა გამოიყენოთ. 

დიდ ოთახში პატარა ფილები ისეთ ქაოსს ქმნის, რომ ადამიანი დასვენებას ვერ ახერხებს. გადაბმის წერტილების სიმრავლე ინტერიერს ზედმეტად ტვირთავს. ასეთ სივრცეში შესვლისას შეიძლება თვალები აგიჭრელდეთ და ერთი სული გქონდეთ, გარეთ როდის გახვალთ. სახლი კი ის ადგილი არ უნდა იყოს, საიდან წასვლაც ასე ძლიერ გენდომებათ. 

დიდი ფილა პატარა სივრცეს ისე უნდა მოერგოს, რომ მასალა არ დაქუცმაცდეს. მნიშვნელოვანია, კერამოგრანიტის მთლიანობა შენარჩუნდეს.  

საუკეთესო მიდგომა პროპორციის დაცვაა.

დიდი ზომის კერამოგრანიტის ფილები მონოლითური ხასიათით გამოირჩევა, რაც მასშტაბის აღქმას პირდაპირ უკავშირდება. ისინი გარემოს ვიზუალურად აფართოებს და სიღრმეს მატებს. არსებობს ბრენდები, რომლებიც პროდუქციას უმაღლესი ტექნოლოგიით აწარმოებენ. მიუხედავად სისქისა, მათი ფილები მდგრადობით გამოირჩევა და მაღალ დატვირთვას უძლებს.  

შეცდომა №3: მასალის ხარისხის უგულებელყოფა 

სახლის რემონტისას, ალბათ მხოლოდ კოშმარებში თუ წარმოიდგენთ, როგორ ცვდება ზედაპირი, ტყდება ან იბზარება ფილები. იმის თავიდან გაკეთება, რასაც თვეები დაუთმეთ, ძალიან ძნელია. სირთულე მხოლოდ ემოციური მდგომარეობით არ შემოიფარგლება. ამ დროს, ფინანსური მხარეც მნიშვნელოვანია. უხარისხო მასალის არჩევით ორმაგად დაზარალებული ხართ. ფულს ანიავებთ და ცოტა ხანში რემონტის თავიდან დაწყება გიწევთ. შესაბამისად, ეს ყველაზე ძვირადღირებული შეცდომაა. შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა: აბა, როგორ ავარჩიოთ ფილა?

ბუნებრივია, საკუთარი სახლისთვის ყველაფერი საუკეთესო გვინდა. ამიტომაც, აირჩიეთ ხარისხი, რომელიც თქვენს მოლოდინებს გაამართლებს. 

კერამოგრანიტი ტენიანობის მიმართ მედეგია - მას ფორები არ აქვს და წყალს არ იწოვს. შესაბამისად, წყალგამძლე მასალად ითვლება. ეს თვისებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთ სივრცეებში, როგორიცაა სააბაზანო, სამზარეულო, აივანი, შენობის ფასადები, ტერასა, აუზი ან ეზო. მსგავს გარემოში უხარისხო ფილა შეიძლება დაზიანდეს ან გაიბზაროს. ისეთ სივრცეში, სადაც წყალი და ორთქლი ხშირადაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფილები მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირით გამოიყენოთ. უსაფრთხოებას სწორედ ეს განსაზღვრავს. ასეთ წერტილებში იატაკის საფარის მოჭიდების კოეფიციენტი მაღალი უნდა იყოს, რათა ფეხი არ გასრიალდეს. 

შეცდომა №4: ფერთა შეუთავსებლობა

განათებასთან კერამოგრანიტი გამორჩეული მასალაა, რომლის შერჩევისასაც განათების უგულებელყოფა დიდი შეცდომაა. ხელოვნურმა და ბუნებრივმა შუქმა შესაძლოა ფილის ტონალობა რადიკალურად შეცვალოს. ამიტომ ნიმუში ყოველთვის რეალურ სივრცეში ან მსგავს განათებაზე შეამოწმეთ.

ჰარმონიისთვის დაიცავით ბალანსი. მაგალითად, თუ კედლები და ავეჯი მონოქრომულია, იატაკზე კონტრასტული ტექსტურა გამოიყენეთ. ეს მნიშვნელოვანია, რათა სივრცე „ბრტყელი“ არ გამოჩნდეს. მცირე ზომის აბაზანაში უმჯობესია ღია და ნათელი ტონებისა ფილების გამოყენება. დიდი სამზარეულოსთვის კი ისეთი ფერი აარჩიეთ, რომელიც თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ.  

სწორად შერჩეული მასალა სივრცეს სიღრმესა და ხასიათს მატებს.  

შეცდომა №5: ტექნიკური მაჩვენებლების უგულებელყოფა 

ტექნიკური მაჩვენებლები ის საკითხია, რაც პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ და შეამოწმოთ. არადა, ზოგჯერ პირიქით ხდება ხოლმე. რაღაც მხოლოდ ვიზუალურად მოგვწონს და სხვა ფაქტორებზე აღარ ვფიქრობთ. 

არსებობს მახასიათებლები, რომელთა მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოთ. მაგალითად, PEI კლასი ზედაპირის ცვეთისადმი მედეგობის დონეს განსაზღვრავს. ზოგიერთი ფილის იატაკის საფარად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. ისინი სწრაფად იკაწრება და ფერს კარგავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანი ფაქტორია წყლის შეწოვის დონე. ისეთი მასალა უნდა გამოიყენოთ, რომელიც მინიმალური რაოდენობის წყალს იწოვს. 

პრაქტიკული რჩევა იქნება, პროდუქციის მახასიათებლები შეფუთვაზე ყოველთვის შეამოწმოთ ან კონსულტანტს ჰკითხოთ. უსაფრთხოება და გრძელვადიანი შედეგი სწორად შერჩეული მასალის საშუალებით მიიღწევა. 

ინტერიერის დიზაინში მაღალი ხარისხის კერამოგრანიტის ხშირი გამოყენება მხოლოდ ვიზუალური ეფექტით არაა განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ის გაცილებით გამძლეა, ვიდრე ბუნებრივი ქვა. გარდა ამისა, სითხეებს არ იწოვს და მდგრადია მჟავების, ნაკაწრებისა თუ მაღალი ტემპერატურის მიმართ. ზოგიერთი მათგანი ყინვაგამძლეა და რთულ კლიმატურ პირობებს უძლებს. 

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეკოლოგიურობა. ისეთი კრეამოგრანიტის ბრენდები არსებობს, რომელთა პროდუქციაც სრულად ეკოლოგიურია. ყოველთვის ისეთი კერამიკული ფილის არჩევა სჯობს, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალით, არამედ ეკოლოგიურობითაც გამოირჩევა.  

სამწუხაროდ, არსებობს ისეთი ფილები, რომლებშიც ტყვიის შემცველობა მაღალია. ეს ნივთიერება მომაკვდინებელია და სხვადასხვა დაავადებას იწვევს. გარდა ამისა, დააკვირდით, რომ მასალა ფორმალდეჰიდსა და სხვა მავნე მინერალებს არ შეიცავდეს. ეკოლოგიური მასალის გამოყენება თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს. სწორედ ამიტომ, შეარჩიეთ კერამოგრანიტი, რომელიც ტყვიასაც კი მინიმალური რაოდენობით ან საერთოდ არ შეიცავს.  

შეცდომა №6: მარაგის არასწორი გათვლა

რემონტისას ბევრი გაუთვალისწინებელი რამ ხდება. ზოგჯერ აღმოჩნდება, რომ ადამიანმა იმაზე ნაკლები მასალა შეიძინა, ვიდრე საჭიროა. ეს კი არაერთ პრობლემას ქმნის. 

მონტაჟის დროს შესაძლებელია კერამიკული ფილების ნაწილი დაზიანდეს. მათი ჩანაცვლება გარდაუვალია. იშვიათად შეიძლება ისეც მოხდეს, რომ კონკრეტული კოლექცია ან ზომა დროებით ხელმისაწვდომი არ იყოს. ასეთ შემთხვევაში, ლოდინი ან სხვა მასალის გამოყენება მოგიწევთ. ეს კი ძალიან დიდი დისკომფორტია. 

ახლა გასწავლით, როგორ მოიქცეთ იმისთვის, რომ მარაგი სწორად გათვალოთ. საჭირო რაოდენობა დათვალეთ და მინიმუმ 5-7%-ით მეტი მასალა შეიძინეთ. ასე დამატებით ხარჯსა და შეფერხებას თავიდან აიცილებთ. 

შეცდომა №7: ტრენდის ბრმა დევნა

ბევრს ის სურს, რაც ძალიან პოპულარული და ტრენდულია. მაგრამ დაფიქრებულხართ, რამდენად მოუხდება კონკრეტული დიზაინი თქვენს სახლს? მოგეწონებათ კი წლების გასვლასთან ერთად? 

თუ ამ კითხვებზე პასუხს უყოყმანოდ ვერ სცემთ, ესე იგი ნამდვილად პრობლემაა. მხოლოდ ინტერნეტში ნანახი ლამაზი ფოტოებითა და ვიდეოებით ნუ იხელმძღვანელებთ. ნურც იმას მიაქცევთ ყურადღებას ვისი სახლი როგორაა მოწყობილი.  

ისეთი ფილა აარჩიეთ, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნება. რაც მთავარია, ოთახში შებიჯებისას უნდა გრძნობდეთ, რომ შინ ხართ. ამ ემოციას ნებისმიერი მასალა ვერ გამოიწვევს. 

კერამოგრანიტი უნივერსალური მასალაა, რომელსაც ყველანაირი სტილის დიზაინს მოუხდენთ და არასოდეს მოგბეზრდებათ. 

გონივრული არჩევანი გააკეთეთ

კერამიკული ფილები ის დეტალებია, რომლებიც საცხოვრებელ გარემოს აყალიბებს და ერთ მთლიანობად კრავს. მაღალი ხარისხის ეკოლოგიური მასალა სახლს იმ ენერგიით ავსებს, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება. სწორედ ამიტომ, ფილის შერჩევა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. 

კერამოგრანიტი იდეალურია როგორც იატაკზე, ისე კედლებსა და ჭერზე. გარდა ამისა, ეს მასალა გამოიყენება: სამზარეულოს ზედაპირებისთვის, კიბის საფეხურებისთვის, ეზოში ბილიკების მოსაწყობად, შენობის ფასადებისთვის, ექსკლუზიური ავეჯის შესაქმნელად. ასევე, კარების, ტერასების, ავტოფარეხისა და აუზის გარშემო სივრცის მოსაპირკეთებლად. 

მოდით, ამჯერად, სხვის შეცდომებზე ისწავლეთ, მათი გამოცდილება გაითვალისწინეთ და თქვენი სახლის კარი სიმყუდროვეს გაუღეთ.

R