პოპულარული ქართული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი მოუთმენლად ელის საიუბილეო, მეოცე სეზონს, Cavea+ შემოქმედებით გუნდთან ერთად სრულიად ახალ პროექტს აანონსებს.
"ვიცი, რომ ყველანი მოუთმენლად ელოდებით "ჩცდ-ს" მეოცე სეზონს და ჩვენც ძალიან გვინდა, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს," - ამბობს ნინო გაჩეჩილაძე.
ანა ტყებუჩავას განცხადებით, პროექტი ახალ ეტაპზე გადადის:
"ამიერიდან უყურეთ "ჩცდ-ს" ცხრამეტივე სეზონს მხოლოდ „კავეა პლუსზე“, რა თქმა უნდა, უფასოდ, ხოლო ჩვენ შემოგვიერთდით ყოველ ხუთშაბათს. ჩვენ აქ ვისაუბრებთ ყველაფერ იმაზე, რაც კამერას არ დაუფიქსირებია, თუ როგორ შევიკრიბეთ, როგორ გავიარეთ ქასთინგი და, ზოგადად, როგორ დაიწყო სერიალი. როგორ გავიარეთ ძალიან ბედნიერი და ამავდროულად ძალიან რთული დღეები, როგორ ვხალისობდით და როგორ დაგვზარდა სერიალმა. ამიტომ ეს ისტორია აქ არ დამთავრებულა და დღეიდან ყოველ ხუთშაბათს ჩვენ უკვე ახალ ფორმატში ვხვდებით ერთმანეთს, უფრო უშუალოდ და უფრო გულწრფელად", - ამბობს ანა ტყებუჩავა.
ჩემი ცოლის დაქალები
"ჩემი ცოლის დაქალები" არის ქართული სატირულ-იუმორისტული სერიალი მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, და ეხება თანამედროვე სოციალურ პრობლემებს.
სერიალი დადგმულია ფორმულა კრეატივის მიერ. 2011 წლიდან 2019 წლამდე გადიოდა "რუსთავი 2-ის" ეთერში. 2019 წლის ოქტომბრიდან სერიალი გადიოდა ტელეარხ ფორმულაზე.

სერიალი აღწერს ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვობის მეგობრების, ქარაფშუტა კატოს, დიასახლისი ნინასა და ფემინისტი თინას ცხოვრებას, რომელთაც მესამე და მეხუთე სეზონებში შეუერთდებიან ახალი დაქალები - ნატაშკა და ანკა. სერიალი ეხება საზოგადოებისთვის აქტუალურ და თანამედროვე სოციალურ პრობლემებს.
2013 წლის 10 იანვარს გამოვიდა შუალედური, სრულმეტრაჟიანი ფილმი "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი". 2013 წლის 27 დეკემბერს აგრეთვე გამოვიდა კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, "ჩემი ცოლის დაქალი კინოში".
2022 წელს სერიალი მე-18 სეზონით დამთავრდა. როგორც განაცხადეს, მე-18 სეზონი, ფინალური სეზონი იყო, თუმცა, 2023 წლის 7 ივლისს სერიალის მე-19 სეზონი დაიწყო.