ინფლუენსერი და დიზაინერი მარიამ ტონკო, იგივე მარიამ კვარაცხელია, გადაცემა "შენი ამბავი თაიასთან" სტუმარი იყო. მარიამმა საკუთარი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდებზე ისაუბრა და საზოგადოებას გაუზიარა ის ემოციური გზა, რომელიც აუტისტური სპექტრის დიაგნოზით ცხოვრებამ განაპირობა.

მარიამ ტონკოს ინტერვიუ
- უბრალოდ მინდა, მშვიდად და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიყო. ბავშვობიდან მუდამ გარშემო მყოფ ადამიანებზე ვზრუნავ. გავაცნობიერე მალევე, რომ ჩვეულებრივი ბავშვი არ ვიყავი. სახლიდან არ გავდიოდი, მაგიდის ქვეშ ვიყავი დამალული. ბავშვებთან თამაში არ შემეძლო, ცუდად ვხდებოდი. ეს 20 წლამდე გამყვა. სტუმრად სიარული არ შემეძლო. საშინელი ნერვიულობა მეწყებოდა უცხო ადამიანის დანახვაზე. სულ ვხატავდი და ვძერწავდი. 13 წლამდე მეგობარი საერთოდ არ მყოლია.
დედაჩემი ექიმი იყო და ფსიქოლოგთან დავყავდი. მაშინ უკვე იცოდნენ, რომ აუტისტური სპექტრი მქონდა. ყველა ეუბნებოდა დედას, რომ მათ გამაფუჭეს. დიდხანს ვერ ვლაპარაკობდი. სკოლაშიც ჩემი თავი ჩაწყობით მიაღებინეს. დედა იტყუებოდა, რომ ავად არისო. თვეები ვიწექი და საწოლში მოჰქონდათ ფანქრები და პასტელები.

ჩემთან, სახლში იცოდნენ, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევა მქონდა. შინ ამას მალავდნენ და სულ "გაფუჭებულს" მეძახდნენ. დედაჩემი ისე გარდაიცვალა, ეგონა, მის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდი. მახსოვს, როგორ დამიჭირა და მკაცრად მითხრა: "უნდა გადარჩე, ძლიერი უნდა იყო, იცოდე, რომ მე აღარ ვიქნები".
მახსოვს, პირველად რომ წავედი სახლში სამარშრუტო ტაქსით მარტო, მთელი გზა ვტიროდი, ძალიან ცუდად ვიყავი. მერე სადღაც სადარბაზოში ვიმალებოდი, ვტიროდი და ვლოცულობდი, რომ ის, რისიც მეშინოდა, არ მომხდარიყო. საკუთარი თავი კი არა, სულ დედა მეცოდებოდა.
ბავშვობაში, როცა მიჭირდა, შუაღამისას სასაფლაოზე მარტო მივდიოდი, ერთხელ იქ დამეძინა კიდეც. ხშირად კარადაში ვიკეტებოდი, იქ ვტიროდი, საკუთარ თავს ვეხუტებოდი და ვამშვიდებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მერე გამოვდიოდი, ცრემლებს მოვიწმენდდი და ჩვეულებრივ ცხოვრებას ვუბრუნდებოდი, საჭმელს ვამზადებდი და სუფრას ვშლიდი.