დღეს, 26 მაისს თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება. ღონისძიებას პარლამენტების წევრები ოჯახებთან ერთად ესწრებიან, მათ შორის, კახა კალაძე მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ერთად.
ანუკი არეშიძე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ყოველთვის კლასიკურ სტილს ირჩევს. ამჯერად მან არჩევანი Saint Laurent-ის დიდი ზომის პიჯაკსა და შარვალზე გააკეთა, რომელიც მუქი ფერის სათვალესა და თეთრ პერანგს მოუხდინა.

Saint Laurent-ის ნაცრისფერი პიჯაკი, რომელიც ანუკი არეშიძემ დამოუკიდებლობის დღისთვის აირჩია, $ 5 450 ღირს, ხოლო იმავე ბრენდის შარვლის ღირებულება დაახლოებით 2 100 დოლარია.


ფოტოები: გიორგი ნიკოლიშვილი; ვანო გორგიშვილი - მეტი ფოტო ნახეთ აქ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცემისა, რომლითაც მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს.
1917 წლის თებერვლის რევოლუციამ რუსეთში მონარქია დაამხო. ნიკოლოზ II-ის გადადგომის შემდეგ დამყარდა ორხელისუფლებიანობა (დროებითი მთავრობა და დეპუტატთა საბჭოები), რაც ამიერკავკასიასა და საქართველოშიც აისახა. აქ ჩამოყალიბდა თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭო და რუსეთის დროებითი მთავრობის სამხარეო ორგანო — ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (ოზაკომი). პარალელურად, 1917 წლის აპრილში, პოლიტიკურ ძალთა გაერთიანებით შეიქმნა ეროვნული მოძრაობის კოორდინატორი — საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო.
1917 წლის 25 ოქტომბრის ბოლშევიკური რევოლუციის შედეგად დროებითი მთავრობა დაემხო და ოზაკომმა მოქმედება შეწყვიტა. საბჭოთა რუსეთის ექსპანსიისგან თავის დასაცავად, რეგიონის პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს რუსეთისგან გამიჯვნის გადაწყვეტილება და ნოემბერში შექმნეს ამიერკავკასიის კომისარიატი. 1917 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა, რომელმაც უარყო საბჭოთა რუსეთთან კავშირი და აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით.
1918 წლის იანვარში ქართულმა ჯარმა დაამარცხა შემოჭრილი რუსული ძალები. პარალელურად გააქტიურდა თურქეთი, რომელიც რეგიონს რუსეთის ნაწილად განიხილავდა. მასთან საერთაშორისო მოლაპარაკებების საწარმოებლად აუცილებელი გახდა სახელმწიფოებრივი სტატუსის განსაზღვრა, რის გამოც 1918 წლის თებერვალში მოწვეულ იქნა ამიერკავკასიის სეიმი. 1918 წლის 22 აპრილს სეიმმა გამოაცხადა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი). ფედერაციამ საგარეო ორიენტაციის გამო დიდხანს ვერ იარსება: საქართველო ირჩევდა გერმანოფილურ კურსს, სომხეთი — ანგლოფილურს, ხოლო აზერბაიჯანი — თურქოფილურს. გერმანიამ საქართველოს დაცვა მხოლოდ იმ პირობით აღუთქვა, თუ იგი ფედერაციიდან გამოვიდოდა და დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.
1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმმა უკანასკნელი სხდომა გამართა და ფედერაცია დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, 4 საათსა და 50 წუთზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, ხოლო 5 საათსა და 10 წუთზე საბჭომ ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.
სამოცდაათწლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ მოვიდა. 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის 90,3%-მა მიიღო მონაწილეობა და 98,9%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ამ ნებაზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. ეს ნიშნავდა 1918–1921 წლების პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეობას, თუმცა გაერომ და მსოფლიოს სახელმწიფოებმა საქართველო მაინც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (სსრ) სამართალმემკვიდრედ ცნეს.
ეროვნული თარიღის ხსოვნის დასათრგუნად საბჭოთა რეჟიმმა მალევე დაიწყო რეპრესიები. 1921 წლის 26 მაისს ბოლშევიკების მიერ ორგანიზებულ „საბჭოური შინაარსის“ სამხედრო პარადს ხალხმა ბოიკოტი გამოუცხადა, ხოლო ძმათა სასაფლაოზე გამართული ალტერნატიული აქცია ხელისუფლებამ დაშალა. 1922 წლიდან რეჟიმმა 26 მაისი ოფიციალურად ჩაანაცვლა 25 თებერვლით (წითელი არმიის შესვლის დღით). საპროტესტო მუხტის ჩასახშობად, 1922 წლის მაისში წინასწარ დააპატიმრეს ივანე ჯავახიშვილი, ანდრია რაზმაძე და სტუდენტები, ხოლო ვერის სასაფლაოზე შეკრებილი დიდი მიტინგი ძალისმიერად დარბიეს.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირისგან რეალური გამოყოფა 1991 წლის 9 აპრილს მოხდა, ისტორიული ტრადიციის საფუძველზე საქართველოს მთავარ ეროვნულ დღესასწაულად დღემდე 1918 წლის 26 მაისი აღინიშნება.