ბუკა თოლორდავა მსახიობების, მარიამ ჯოლოგუას და კოტე თოლორდავას ვაჟია. ბუკა, მშობლების მსგავსად, მსახიობია.
მაშინ, როცა კოტე თოლორდავა გარდაიცვალა, ბუკა ძლაიან პატარა იყო, თუმცა ის ემოციები და მოგონებები მას დღემდე მძაფრად ახსოვს. სწორედ მამაზე ისაუბრა ბუკა თოლორდავამ კავეა პლუსის ახალ პროექტში, "ჩცდ Rewatch":
"პირველად ვლაპარაკობ საჯაროდ ამ თემაზე. უცებ გავიღვიძე სამყაროში, რომელშიც ის აღარ არის. ძალიან სევდიანი ადამიანი იყო. ძალიან მიხარია, რომ მისი ოცნების ასრულება შევძელი. ვიტირეთ კიდეც, ვიცინეთ კიდეც. ეს ადამიანი, რომელიც ამდენი წელია ჩემს ცხოვრებაში აღარ არის, მაინც სულ არის" - ამბობს ბუკა თოლორდავა.

მარიამ ჯოლოგუა კოტე თოლორდავას შესახებ
გადაცმაში "ნიკოლოზის კითხვები" მარიამ ჯოლოგუამ პირველად ისაუბრა საჯაროდ კოტე თოლორდავასთან თანაცხოვრების და განქორწინების შესახებ:
"19 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი. მშობლები კოტეს "ლაითად" იცნობდნენ. დაოჯახებამდე 3-4 თვე ვხვდებოდით. მშობლებმა ძალიან მძიმედ გადაიტანეს, დედამ განსაკუთრებით. მოულოდნელი იყო და ამავდროულად, ძალიან ადრეც. არც ვიყავი 19-ის, მერე გავხდი. ქორწინებამ 4 წელი გასტანა...
არავის ახსოვს, რომ მე ამ თემაზე ასე, ინტერვიუში მელაპარაკოს იმიტომ, რომ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენი შვილი, ბუკა, პატარა იყო და არ მინდოდა, ეს ამბები ტელევიზიით მოესმინა. მერე იყო მეუღლე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი იყო კოტეს ცხოვრებაში. შესაბამისად, ეს ჩემი სალაპარაკო არ იყო. ახლა უკვე არის ის მომენტი, რომ ადამიანი აღარ არის და კიდევ უფრო საფრთხილოა, რას ვიტყვით. თუმცა, ბუკას ასაკმა და მისმა პოპულარობამ, საზოგადოების ინტერესმა, ბუნებრივია, ეს თემა წინ წამოწია. ბევრი დრო გავიდა. ყველა რაღაცნაირად დალაგდა და ელემენტარული რაღაცების თქმა, ალბათ, შეიძლება.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ამ ადამიანის მიმართ გრძნობა გამიჩნდა და რატომაც ჩემი ცხოვრება დავუკავშირე, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მსახიობი იყო. ჯერ ერთი, ის პირველი მსახიობი იყო, რომელიც ასე ახლოს გავიცანი და დაველაპარაკე. მას პირველს მოვეწონე. კოტე ისეთი ტიპი იყო, რომელიც ამას სრულიად უკომპლექსოდ, პირდაპირ გამოხატავდა. გაცნობის პირველივე დღიდან მოწონებას ღიად გამოხატავდა. ამან ჩემს თვითშეფასებაზე ძალიან იმოქმედა. თეატრალურ ინსტიტუტში ნამყოფიც არ ვიყავი..." - იხსენებდა მარიამ ჯოლოგუა.