თაობისთვის, რომელიც საზღვრების გარეშე გაიზარდა, აქაური აუდიტორიები ხშირად ძალიან ვიწრო აღმოჩნდება ხოლმე. დღეს საქართველოში ახალგაზრდებისთვის უცხოეთში სწავლის არჩევა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ „კარგი დიპლომის“ სურვილს - ეს უფრო ახალი გამოცდილებების ძიება, კარიერული გადარჩენის ინსტინქტი და, გარკვეულწილად, ადგილობრივი სტაგნაციისგან თავის დაღწევის მცდელობაა. რა ხდება მაშინ, როცა მთავარი მიზანი აღარ არის მხოლოდ „წასვლა და ცოდნის მიღება“, არამედ საკუთარი პოტენციალისთვის შესაბამისი მასშტაბის პოვნა?
გთავაზობთ ცნობილი ადამიანების, წარმატებული ახალგაზრდების გამოცდილებას, ვინ სად და რატომ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება:
ირმა გიგანი დაიბადა 1996 წელს, თბილისში. ის 5 წლის იყო, როდესაც თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის N1 ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში შევიდა. 2002 წელს იგი იტალიაში, მინერბიოს საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და გრან-პრის მფლობელი გახდა. ამავე წელს მან მონაწილეობა მიიღო „ნიჭიერი ბავშვების“ მარათონში, ლიანა ისაკაძის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე. 2003 წელს, მუსიკოს-შემსრულებელთა მე-3 რესპუბლიკურ კონკურსზე (ასაკის გამო კონკურსგარეშე), საქართველოში აშშ-ის საელჩომ იგი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. მოგვიანებით ის მონაწილეობდა ვ. სპივაკოვის ფონდის მიერ გამართულ ფესტივალებში და გახდა ვ. სპივაკოვისა და იუნესკოს (UNESCO) საერთაშორისო ფონდის სტიპენდიატი.
2013 წლიდან ირმა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ მანანა დოიჯაშვილის კლასში. 2016 წელს ირმა მონაწილეობდა მუსიკალურ ფესტივალში „Beethoven Superstar“ თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმში.
2019 წელს ირმამ სოლო კონცერტი გამართა ნაარდენის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე (ჰოლანდია), ალექსანდრ მელნიკოვის, ჰანეს მინარის და ალფრედ ბრენდელის გვერდით.
2019 წლიდან ირმა სწავლობდა ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში (ავსტრია), პროფესორ შტეფან არნოლდის კლასში.
2023 წელს მას მიენიჭა ასისტენტის პოზიცია პროფესორ შტეფან არნოლდის მასტერკლასზე „Haus Villa Marteau“-ში, ლიხტენბერგში (გერმანია).
2023 წლის სექტემბერში ირმამ სოლო კონცერტი გამართა ვენის ისტორიულ დიდ დარბაზში - ერბარ საალში (Ehrbar Saal).

ლუკა და ნინი ცნობილი ტელესახის, დუტა სხირტლაძისა და ხელოვანის, მარინა ნაცვლიშვილის შვილები არიან. მათ სკოლა საქართველოში დაამთავრეს, თუმცა მოგვიანებით საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს - ლუკა და ნინი იტალიაში, რომის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში (RUFA) სწავლობენ.
და-ძმა სხირტლაძეებს იტალიაში არაერთი პროფესიული წარმატება აქვთ, რომელთა შესახებაც ხშირად წერენ მათი მშობლები. ერთ-ერთი ასეთი იყო რომში, ხელოვნების მუზეუმში ნინი და ლუკა სხირტლაძეების ნამუშევრების გამოფენა.


რეჟისორი დავით დოიაშვილის ქალიშვილმა, ანა დოიაშვილმა განათლება ბერკლის სამუსიკო სკოლაში მიიღო. ბერკლის სამუსიკო კოლეჯი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელია.
“ბევრი სირთულის მიუხედავად დღეს ბერკლის სტუდენტი გავხდი! იანვრიდან ვიწყებ ახალ ცხოვრებას! ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა!” - წერდა ანა დოიშვილი.

ანდრო ანთელიძემ, თიკა ფაცაციას უფროსმა შვილმა, პროფესიული განათლება აშშ-ში მიიღო. ცოტა ხნის წინ მან ფიბა-ევროპის სამწვრთნელო პროგრამის (FECC ) სერტიფიკატი მიიღო.
იგი კიდევ ერთი მწვრთნელია, რომელმაც საქართველოდან ფიბას უმაღლესი სამწვრთნელო პროგრამა – FIBA Europe Coaching Certificate (FECC) – გაიარა და სერტიფიკატი მიიღო. ახალგაზრდა მწვრთნელს ეს შესაძლებლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მისცა, რომელიც ფიბასთან აქტიურად თანამშრომლობს და ყველა ძირითად პროგრამაშია ჩართული.

ახალგაზრდა მუსიკოსი ნინი ნუცუბიძე პოპულარული კონკურსებიდან მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ გაიცნო. მის ცხოვრებაში იყო ქართული და უკრაინული "X ფაქტორის", "ვოისი", თუმცა შემდეგ კონკურსებზე უარი თქვა და ეკრანებზეც თითქის აღარ ჩნდებოდა. ამასობაში, ნინი სწავლობდა Institute of the Arts Barcelona-ში, Saint Louis College of Music-სა და Institute for Creative Arts & Technology-ში. განათლება სხვადასხვა მიმართულებით მიიღო და დღეს მეგობრებთან ერთად საკუთარ მუსიკასაც ქმნის. დროის გარკვეულ ნაწილს საქართველოდან შორს ატარებს. როცა აქ ბრუნდება, ქართველი მსმენელის წინაშეც ხშირად გამოდის ხოლმე.

ცნობილი ქართველი მომღერლების, ნანი ბრეგვაძისა და ეკა მამალაძის შვილიშვილმა და შვილმა, ნატალია ქუთათელაძემ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ისწავლა. ის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მერსედესის როლს ასრულებდა ბიზეს ოპერაში „კარმენი“ და მარცელინას როლს მოცარტის ოპერაში „ფიგაროს ქორწინება“. 2015 წელს ის ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჯულიარდის სკოლაში (Juilliard School) ედით ვინსთან ერთად სწავლობდა და საბოლოოდ დაასრულა კიდეც ეს სასწავლებელი. ჯულიარდში მან შეასრულა ოტონეს როლი ჰენდელის „აგრიპინაში“, მინსკელი ქალის როლი ჯონათან დოვის ოპერაში „ფრენა“ (Flight) და ფედრას როლი რამოს ოპერაში „იპოლიტე და არისი“.
2018–2019 წლებში ქუთათელაძე ბავარიის სახელმწიფო ოპერის ახალგაზრდა ხელოვანთა სტუდიის წევრი იყო, სადაც სხვა როლებთან ერთად შეასრულა ფლორა ბერვუას როლი ვერდის „ტრავიატაში“ და ფრედერიკის როლი ამბრუაზ თომას ოპერაში „მინიონი“. 2020 წელს ბარსელონას ლიცეუმის თეატრში გამართულ „ტენორ ვინიასის“ (Tenor Viñas) კონკურსზე მან მეორე პრიზი მოიპოვა, სადაც შეასრულა არია „Fia dunque vero; O mio Fernando“ დონიცეტის ოპერიდან „ფავორიტი ქალი“ (La favorita). 2021 წელს მან ახალბედათა დამრიგებლის (Mistress of the Novices) პარტია შეასრულა პუჩინის ოპერაში „და იანჯელიკა“ (Suor Angelica), რომელიც ბავარიის სახელმწიფო ოპერის დადგმა იყო.
