"იცით, რაზე ვდარდობდი? ისე უნდა მოვკვდე, რომ შვილიშვილი ვერ ვნახო-მეთქი?" - ლაურა რეხვიაშვილის 76 წლის იუბილე და დიდი სიხარული ცხოვრებაში - Marao

"იცით, რაზე ვდარდობდი? ისე უნდა მოვკვდე, რომ შვილიშვილი ვერ ვნახო-მეთქი?" - ლაურა რეხვიაშვილის 76 წლის იუბილე და დიდი სიხარული ცხოვრებაში

2026-05-26 17:40:17+04:00

ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ლაურა რეხვიაშვილი ცოტა ხნის წინ ბებია გახდა. ამ დიდი სიხარულის შესახებ ის ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს: 

"20 მაისს 76 წლის გავხდი, მაგრამ დღემდე ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომ აღვწერო, რა ჰქვია ჩემს მდგომარეობას, ჩემს აღტაცებას, ჩემს სიხარულს, რასაც ვგრძნობ და განვიცდი. დედამიწაზე ამაზე დიდ ბედნიერებად არაფერი მიმაჩნია. ეს 9 თვე ისეთ მოლოდინში ვიყავი, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ!.. ახლაც, თქვენთან რომ ვსაუბრობ, ის პატარა არსება მიდგას თვალწინ. აბსოლუტურად არაფერი მაინტერესებს, თომას გარდა!. მისმა დაბადებამ მიმახვედრა, რომ სიკვდილის არ მეშინია. ჩემი ნაშიერი, ჩემი მონაგარი მყავს, რომელიც ჩემს დიდ ნაწილს გააგრძელებს. ჩემს შვილიშვილს მე ვბან, მე ვუვლი, გავიხსენე, მათეს როგორ ვუვლიდი. ენერგიული და სიცოცხლით სავსე ადამიანი ვარ.

laura-rekhviashvili

ერთი წლის წინ გადავიტანე ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე. იცით, რაზე ვდარდობდი? ისე უნდა მოვკვდე, რომ შვილიშვილი ვერ ვნახო-მეთქი? სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეს დაავადება, მერე თავს მივხედე და განვიკურნე. ახლა რაც გინდათ, ის დამემართოს, შვილიშვილს მოვესწარი.“

  • ლაურა რეხვიაშვილის განვლილი წლები - მსახიობის ოჯახი, საინტერესო ამბები და ისტორიები

laura-rekhviashvili

ლაურა რეხვიაშვილი - ოჯახი და კარიერა

ლაურა რეხვიაშვილის ყველაზე დასამახსოვრებელი როლი, ალბათ,  რეჟისორ გიორგი შენგელაიას 1980 წლის ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ბაბულას როლი იყო. 2015 წელს ის პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობდა და სახასიათო პერსონაჟის შექმნით მან საზოგადოების სიყვარული კიდევ ერთხელ დაიმსახურა. შუალედში ის მუდამაც გამოდიოდა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე, მონაწილეობას იღებდა არაერთ ცნობილ ფილმში. მისი ფილმოგრაფია აერთიანებს ისეთ ცნობილ სურათებს, როგორებიცაა: „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „ათოვდა ზამთრის ბაღებს", „ადამიანთა სევდა“, „ფოსტალიონი“, „მიდიოდა მატარებელი“ და სხვ.

ლაურა რეხვიაშვილს სცენისა და ეკრანს მიღმაც საინტერესო ცხოვრება აქვს. 

"ჩემი უფროსი და, ლილი, ხეიბარი იყო. დაწყებით კლასში დედაჩემი ასწავლიდა. დედა, პოლინა დვალიშვილი, პედაგოგი იყო. ლილი მეოთხე კლასში რომ გადავიდა, კოჭლობა დაიწყო. როგორც გაირკვა, დაბადებით დაჰყვა პათოლოგიური სისხლძარღვი. ბავშვმა აქტიური ზრდა რომ დაიწყო და ორგანიზმში ბევრი ცვლილება წავიდა, ჯერ თითის წვერს ადგამდა, ქუსლს ვეღარ. მერე ფეხი მოხარა და საერთოდ ჰაერში აიტანა. ვეღარ დებდა სიარულის დროს. გახდა ხეიბარი და დასჭირდა ყავარჯნები.

დედამ ხატის წინ თავის იესოსთან, თავის ღვთისმშობელთან, თავის ანგელოზთან და ადგილის დედასთან აღთქმა დადო, მაღალ ქუსლს აღარასოდეს ჩავიცვამ და პომადას არ წავისვამო. ამ აღთქმის შესრულებამ გადაატანინა ეს ტკივილი.

ლილის ორი ოპერაცია გაუკეთდა და ორივე უშედეგოდ. ამ ფაქტმა გაამყარა ის მოსაზრება, რომ ჩემი და თანდაყოლილი ხეიბარი იყო. გაიზარდა და ის იყო ჩვენი, დანარჩენი სამი დის ყველაფერი. ყავარჯნებზე შემდგარი ქალი ხეხილს წამლავდა, გვირეცხავდა, კერავდა, აუთოებდა. იყო საქმიანი და დაკავებული. სამ დას გაუზარდა შვილები. მათე რომ გავაჩინე, 38 წლის ვიყავი და თვალებში ცრემლჩამდგარმა და გულდაწყვეტილმა მითხრა, მე ის ენერგია აღარ მაქვს, მათეც გავზარდოო.

  • "მამაჩემის სახე რომ მქონოდა, ცნობილი ლამაზი ქალი ვიქნებოდი" - "ეგონას" განსაცვიფრებლად იღბლიანი მოგზაურობა

59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ დედაჩემი 80 წლის იყო. დედას ამ ასაკში არ უნდა ენახა ეს სიმწარე… ჩემი თეატრის მსახიობები  “მარშრუტკით” წამოვიდნენ და გომბორზე გაუფუჭდათ ტრანსპორტი. დააგვიანდათ ჩამოსვლა. ჩემი და ეზოში ჩამოვასვენეთ და დედამ, გამოსამშვიდობებლად, ხმით დაიტირა შვილი. სამყარო შეიძრა!

დედამ ისეთი დატირება იცოდა, რომ მას უბარებდნენ, პოლინა, შენი დატირებით უნდა გაგვისტუმრო საიქიოშიო. განსაკუთრებული უნარია, როცა ადამიანი ლაპარაკობს ისე, რომ პოეზიაც არის, ფილოსოფიაც, ტრაგედია ხომ თავისთავად. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდას დასტირიან. ეს ქალი დიდ პატივს სცემდა მიცვალებულს და სიკვდილს გულში იტარებდა.

laura-rekhviashvili

სახელს ვერ დაარქმევ ამ სურათს, კაციან-ქალიანად რომ ყველა ქვითინებს. ამ დროს ჩერდება დრო, გავიწყდება ყველაფერი და გაოცებული უსმენ მოტირალ დედას.

მსახიობმა ზაზა მიქაშავიძემ მითხრა, კიდევ კარგი, დასაფლავებას მოვუსწარითო. აქ ისეთი რამ ვნახეთ, რომ არ მოგვესწრო, მე არ მეცოდინებოდა, რას ნიშნავს დედის დატირებაო…

აი, მაშინ დედამ ჩემს დას დაატირა: ორმოცამდე აქ უნდა მამყოფო, შენს სულს ჩემსავით ვერავინ მიხედავს, მე უნდა მოვუარო. 40 დღის დღის შემდეგ, შენ თუ არ წამიყვან, შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო. თითქოს "დატუქსა" შვილი.

ის ორმოცი დღე კანდელს დარაჯობდა, რომ არ ჩამქრალიყო. ცივ ნიავს არ აკარებდა. ლოცულობდა, მაგრამ ფსალმუნებს კი არ კითხულობდა, თავისი გულით და აზრით ლოცულობდა. მერე ეზოში გავიდოდა, რაღაცას მოიმიზეზებდა, რომ მაგალითად, ვაზი უნდა ენახა და იქ, თავისთვის მოთქვამდა, შვილს ელაპარაკებოდა, დიალოგი ჰქონდა, ოღონდ ტირილით.

უკეთებდა საკურთხს ფაცურით, ნერვიულობით. მის სახელზე აცხობდა, მოხრაკავდა. მერე მაგიდაზე დადგამდა, სანთელს მოავლებდა სამჯერ. ილოცებდა… ეს ქალი ნამდვილად მიწის მარილი იყო… ასე მოიხადა ვალი, მოუარა შვილის სულს. ლილის 40 გადავუხადეთ და 41-ე დღეს დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ…

ის, რაც შენზე არ არის დამოკიდებული, ასე უნდა მიიღო. მაგრამ როცა დედებს შვილები უკვდებათ, მე ამაზე მაქვს კითხვა, რა მოხდება, რომ დედებმა ეს სიმწარე არ იგემონ და თუ შვილი უნდა მოკვდეს, ცოტა ხნით ადრე დედა გარდაიცვალოს?! თან დედა, რომელიც ისედაც მალე წავიდოდა, რა მოხდებოდა, რომ სიცოცხლის ბოლო მომენტში ასე არ გამწარებულიყო?

შვილმკვდარი დედა რომ თავს არ იკლავს, ესეც ღმერთისგან არის შეჩერებული, რომ საიქიოში ნახონ შვილები… შვილმკვდარი დედა რომ ცოცხალია, მე ეს არ მჯერა. ვფიქრობ იმაზე, რა დევს იმ არსებობაში, რატომ აქვს ამ დედების არსებობას აზრი? რატომ არის აუცილებელი, იარსებონ? აი, ეს შემაძრწუნებელი კითხვები მაქვს.

სიკვდილი საერთოდ არ მაშინებს, მაგრამ არ მინდა შვილი გავაწვალო ჩემი სიკვდილით. გული ეტკინება, შეწუხდება, იტირებს. და რა გამოდის? გავაჩინე, გავზარდე, სიყვარული მივეცი და ბოლოს ამოვაშხამე. ამოშხამებას ვერ ვეგუები…" - ამბობდა მსახიობი.