ნანუკა ხუსკივაძე ქართული თეატრის გამორჩეული სახეა, რომელიც უკვე წლებია შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრში საქმიანობს. ლეგენდარული მსახიობის, ბელა მირიანაშვილის ქალიშვილი, ბავშვობიდანვე თეატრალურ გარემოში იზრდებოდა, რამაც მისი მომავალი პროფესიაც განსაზღვრა.
ნანუკამ 1986 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იმავე წლიდან რუსთაველის თეატრის დასს შეუერთდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა ბელა მირიანაშვილის პირველი ქორწინებიდან შეეძინა, მის აღზრდაში უდიდესი როლი კახი კავსაძემ ითამაშა. მსახიობის თქმით, კახი მასზე ყოველთვის ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარ შვილზე. ბელა მირიანაშვილისა და კახი კავსაძის სიყვარულის ისტორია კი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ამბად.

"ეს ძალიან რთული და მძიმე პროფესიაა. ჩემი კოლეგებისგან და მეგობრებისგან ხშირად მსმენია, რომ სკოლაში ძალიან აქტიურები იყვნენ, სახლში რაღაცებს თამაშობდნენ და არტისტობდნენ... მე მსგავსი არაფერი მქონია. ყოველთვის ძალიან მორცხვი ვიყავი. ადამიანები არ იცვლებიან - როგორიც ვიყავი, ისეთივე ვარ. სცენა და თეატრი ერთადერთი ადგილია, სადაც თავს ძალიან ლაღად ვგრძნობ, ზოგადად კი ძალიან ჩაკეტილი ტიპი ვარ.
ჩვენმა პირველმა საკურსო სპექტაკლმა, "ანა ფრანკის დღიურმა", ჩვენ მაშინ სულ პატარებს, მართლა საოცარი აღიარება მოგვიტანა. ბავშვობიდან მსახიობობაზე არ მიოცნებია; უბრალოდ მინდოდა, არტისტი გამოვსულიყავი. სხვა ალტერნატივა არც არასდროს მქონია, თეატრში, კულისებში დავიბადე და გავიზარდე.
სკოლა რომ დავამთავრე, საბუთები შევაგროვე და თეატრალურ ინსტიტუტში მივიტანე. ვერ ვიტყვი, რომ ოჯახში დიდი წინააღმდეგობა დამხვდა, თუმცა არც უამისობა იყო. კახიმ ერთი რამ მითხრა და ძალიან კარგად მახსოვს: „ამ პროფესიაში ტკივილის მეტი არაფერი იქნება და ხარ თუ არა ამისთვის მზადო?“. ვუპასუხე, რომ მზად ვიყავი. მაშინ 16 წლის ვიყავი.
მშობლების მხრიდან იყო ერთი პატარა ულტიმატუმიც: თუ გიზო ჟორდანიას ჯგუფში ვერ მოხვდებოდი, თეატრალური ინსტიტუტი საერთოდ დაივიწყეო. ახლა უკვე ვხვდები, რატომ ღელავდნენ ასე ძალიან - არტისტებს ხშირად არ სურთ, რომ მათმა შვილმაც ეს გზა აირჩიოს. საბედნიეროდ, ჩემს შვილს მსახიობობა არასდროს მონდომებია, ალბათ, დიდი ომი მექნებოდა, ეს რომ გადაეწყვიტა.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი აკას დაბადება იყო. მაშინ ძალიან პატარა, 18 წლის ვიყავი - ჩემი ასაკისთვისაც კი მეტისმეტად ბავშვური. ამაზე მნიშვნელოვანი კი შვილიშვილის, იკოს დაბადება აღმოჩნდა, რომლისთვისაც, უბრალოდ, ღირს სიცოცხლე. კახი იყო ის ადამიანი, ვისაც ბავშვს მშვიდად ვაბარებდი.
მაქვს რამდენიმე როლი, რომელიც მაინცდამაინც არ მიყვარს, თუმცა დანარჩენი ყველა ძალიან ძვირფასია. ხშირად მეკითხებიან: "რატომ არ არის თქვენს ცხოვრებაში კინო?“. ჩემი პროფესია ასეთია - თუ კინოში არ გადამიღებენ, მე თვითონ ფილმს ვერ გადავიღებ. ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში სულ სამი კინოროლია.
ძალიან მიყვარს ზღვა. თუ ზღვაზე არ წავედი, ჩავთვლი, რომ საერთოდ არ დამისვენია. მიყვარს ცურვა და წყალი. მიყვარს სიმშვიდე და ვერ ვიტან ხმაურს. თავს ყველაზე კომფორტულად საიმედო ადამიანების გარემოცვაში ვგრძნობ და ყველაზე მეტადაც იქ ვისვენებ. ბევრ რამეს შევცვლიდი ცხოვრებაში, თუმცა ბევრს - არა. პროფესიას კი აუცილებლად ისევ იმავეს ავირჩევდი. წარმატების ფორმულა თუ არსებობს, არ ვიცი. ბედნიერია ის, ვისაც ეს ფორმულა აქვს", - ამბობს ნანუკა GDS-ის დილის რუბრიკაში.