მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სუპერმოდელი, სინდი კროუფორდი, თებერვალში 60 წლის გახდა. ჟურნალ PEOPLE-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მან გულწრფელად ისაუბრა დაბერების გამოწვევებზე, დილის რუტინასა და იმ პატარა ხრიკებზე, რომლებიც მას საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ყოფნაში ეხმარება.
თუ 80-იან წლებში სინდის სავიზიტო ბარათი მისი ცნობილი ხალი იყო, დღეს ეს მისი მზერაა. ინტერვიუში მოდელი იხსენებს, რომ ასაკთან ერთად პირველი ცვლილება სწორედ თვალებზე შეამჩნია.

სინდი კროუფორდის სილამაზის საიდუმლო
სინდი კროუფორდს კარგად ახსოვს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც მან საკუთარ თვალებს ლაპარაკის უფლება მისცა.
ეს იყო 1986 წელს, როდესაც ის თავის პირველ Vogue-ის გარეკანზე მუშაობდა ლეგენდარულ ფოტოგრაფ რიჩარდ ავედონთან ერთად.
„ის დიდი 8x10 კამერებით იღებდა. პროცესი ძალიან ნელი იყო, ამიტომ კადრებს შორის ის მთხოვდა, კამერას ზურგით მივბრუნებოდი და შემდეგ ისევ მისკენ გამეხედა, რადგან უნდოდა, თითოეულ კადრს სიახლის შეგრძნება ჰქონოდა. ის მეუბნებოდა:
"ყოველ ჯერზე, როცა კამერას უყურებ, რაღაცაზე იფიქრე, რადგან ამას შენს თვალებში ვხედავ" - ვფიქრობ, მაშინ 21 წლის ვიყავი, მაგრამ ამ რჩევას დღემდე ვიყენებ. ამან მიმახვედრა, რამდენად მნიშვნელოვანია თვალები კომუნიკაციისთვის.

"შეიძლება 6 საათზე გავიღვიძო, მაგრამ ჩემი სახე 9-მდე არ იღვიძებს" - ეს ფრაზა ბევრი ქალისთვის ნაცნობია - ასეა სინდი კროუფორდიც.
სინდი კროუფორდის დილა არ იწყება სოციალური ქსელების შემოწმებით. მისი რუტინა სულიერი და ფიზიკური ენერგიის ნაზავია. სინდი ამბობს, რომ სახის მოწესრიგებას სულ რაღაც 2 წუთს უთმობს. მისი დევიზია - ნაკლები მაკიაჟი და მეტი ჯანსაღი კანი.
სინდი კროუფორდი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ვარსკვლავთაგან, ვინც ღიად საუბრობს იმაზე, რომ დაბერება რთული პროცესია. მან აღიარა, რომ 50 წლის იუბილეზე დეპრესიული განწყობა ჰქონდა, თუმცა 60 წელი სრულიად სხვაგვარად მიიღო.
ყველაზე მეტად მას ერთი ფრაზა აღიზიანებს: "შენი ასაკისთვის კარგად გამოიყურები. რატომ არ შეიძლება, უბრალოდ კარგად გამოვიყურებოდეთ, ყოველგვარი დათქმების გარეშე?" - კითხულობს ის. სინდისთვის სილამაზე აღარ არის მცდელობა, დაემსგავსოს თავის 20 წლის ვერსიას. ეს არის სურვილი, იყოს 60 წლის თავდაჯერებული ქალი, რომელიც სარკეში საკუთარ თავს ცნობს.
მოდელი მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად ქალს ასაკს თმის ფერი მატებს ან აკლებს. მისი თქმით, თმის ტონის შენარჩუნება დიდი შრომაა, მაგრამ ეს ის დეტალია, რომელიც მას ეხმარება, მუდამ ფორმაში იყოს.
წყარო: people.com