„სახლში ვატარებდი კონცერტებს, ოჯახის წევრები იყვნენ ჩვენი მსმენელები...“ - ნიაზ დიასამიძისა და მაიკო გელოვანის ვაჟის საინტერესო გზა მუსიკოსობამდე - Marao

„სახლში ვატარებდი კონცერტებს, ოჯახის წევრები იყვნენ ჩვენი მსმენელები...“ - ნიაზ დიასამიძისა და მაიკო გელოვანის ვაჟის საინტერესო გზა მუსიკოსობამდე

2026-06-04 12:37:22+04:00

ნიაზ დიასამიძისა და მაიკო გელოვანის ოჯახს საქართველოში ბევრი იცნობს - მეტიც, მათ უამრავი გულშემატკივარი და კეთილისმსურველი ჰყავთ. ორივე ხელოვანია - ხელოვნებისადმი ინტერესი და სიყვარული მათ ოჯახში თითქოს ტრადიციადაც იქცა - ნიაზისა და მაიკოს უფროსი ვაჟი, თემურიკო დიასამიძე მუსიკოსია, უმცროსი ვაჟი, ანდრია, რომელიც სკოლის მოსწავლეა, ხშირად ჩნდება მამასთან ერთად და ჩანს, რომ მუსიკით ისიც გატაცებულია. 

  • "რომ ეკითხათ, ვინ არის შენი საყვარელი სუპერგმირიო, ვიტყოდი დედას და მამას" - დიდი ოჯახი და ლამაზი დედაშვილობა: თემურიკო დიასამიძე და მაიკო გელოვანი

თემურიკო დიასამიძის მუსიკა არ არის ჩარჩოებში მოქცეული, უყვარს ექსპერიმენტები, სიახლეები და მსმენელს ქართული ფოლკლორისა და ელექტრონული მუსიკის საინტერესო სინთეზს ხშირად სთავაზობს. ის მამისგან სრულიად განსხვავებულ, მაგრამ მაინც ახლობელ მუსიკას ქმნის. რა გზა გაიარა აქამდე მისასვლელად, ამის შესახებ მან პოდკასტში „ვორქ-შოფი“ ისაუბრა - გაიხსენა ბავშვობა, საზღვარგარეთ გატარებული წლები -  იქ მიღებული განათლება და გამოცდილება და გაამხილა ერთი რამ, რაც მიზნად დაისახა: 

temuriko

თემურიკო დიასამიძის ინტერვიუ

- როცა პატარა ვიყავი, ფეხბურთელობა მინდოდა, როგორც ყველა ბავშვს, მაგრამ არ გამოვიდა. ბავშვობაში ოჯახში არავინ მაძალებდა, მუსიკაზე უნდა იარო, ან მუსიკოსი უნდა გამოხვიდეო. ბუნებრივად მოხდა ეს ყველაფერი და რომ დაეძალებინათ, ალბათ, არ ავირჩევდი ამ პროფესიას. ბევრი ვიცი, ვისაც ბავშვობაში აძალებდნენ მუსიკაზე სიარულს, ნიჭიც ჰქონდათ, მაგრამ ძალდატანების გამო ხაზი გადაუსვეს ამ საქმეს. 

  • "მამასთან ერთად არ მიმღერია, ალბათ ეგეც იქნება მომავალში... ნიაზის აზრი სულ მაინტერესებს ჩემს მუსიკაზე" - როგორია ნიაზ დიასამიძის შვილის, თემურიკო დიასამიძის ცხოვრება, რომელიც მამის გზას აგრძელებს

11-12 წლის ვიყავი, პირველად ბენდი რომ გავაკეთე ჩემს ბიძაშვილთან ერთად და სახლში ვატარებდი კონცერტებს. ოჯახის წევრები იყვნენ ჩვენი მსმენელები. ცოტა რომ გავიზარდე, სხვა ბენდი მყავდა, მაგრამ სცენაზე არ გამოვსულვართ. ასე ნელ-ნელა მივედი იმ საქმემდე, რასაც ახლა ვაკეთებ. 

temuriko

მუსიკას სანამ სერიოზულად მოვკიდებდი ხელს, მანამდე საფრანგეთში, სტრასბურგში ვსწავლობდი ფილოსოფიის ფაკულტეტზე, მაგრამ პარალელურად მუსიკა სულ თან მდევდა. სტუდიაში გავიზარდე, ყველა ინსტრუმენტთან მქონდა შეხება. პირველად სცენაზე დიჯეის ამპლუით გამოვედი, შემდეგ გადავედი ჩემი კომპოზიციების ჩაწერაზე. 

2 წლის წინ ლონდონში ვიყავი, სადაც Pointblank music school-ში ელექტრონული მუსიკისა და მუსიკის ფროდაქშენის მიმართულებით ვსწავლობდი. ჩემი ერთ-ერთი მიზანია, რომ უფრო მეტად გავიტანო საზღვარგარეთ ჩემი მუსიკა. 

შეცდომებს ვერ ასცდები პროფესიაში, სულ ვუშვებ შეცდომებს, ეს გზრდის და გავითარებს. არ უნდა გეშინოდეს შეცდომის დაშვების. ადამიანი როცა გქვია, შეცდომის გარეშე რთულია.