ცნობილი ფრანგ-ირანელი ხელოვანი, ავტორი და კინორეჟისორი მარჟან სატრაპი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა ავტობიოგრაფიული გრაფიკული რომანითა და ფილმით „პერსეპოლისი“, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. სატრაპის ოჯახმა სამწუხარო ინფორმაცია ხუთშაბათს, 4 ივნისს გაავრცელა.
„მარჟან სატრაპი გარდაიცვალა დარდისგან, მისი მეუღლისა და ცხოვრების სიყვარულის, მატიას რიპას გარდაცვალების შემდეგ“, - ნათქვამია ოჯახის წევრის განცხადებაში, რომელიც ფრანგულ საინფორმაციო სააგენტო AFP-ს მიეწოდა.
მისი მეუღლე, შვედი პროდიუსერი, მსახიობი, სცენარისტი და მარჟანის ხანგრძლივი შემოქმედებითი პარტნიორი მატიას რიპა, გასული წლის 8 აპრილს გარდაიცვალა. მას შემდეგ სატრაპის ინსტაგრამის გვერდი თითქმის მთლიანად შედგებოდა გამოსახულებების სერიისგან, რომლებზეც ეწერა: „რადგან დავკარგე ჩემი ცხოვრების სიყვარული“.
გატეხილი გულის სინდრომი, სამედიცინო ენაზე - ტაკოცუბოს კარდიომიოპათია ან სტრესით გამოწვეული კარდიომიოპათია, არის რეალური, მწვავე სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც აბსოლუტურად აბათილებს მითს იმის შესახებ, რომ „დარდით სიკვდილი“ მხოლოდ პოეტური მეტაფორაა.
მარჟან სატრაპის შემთხვევა ამ ფენომენის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ტრაგიკული მაგალითია ხელოვნების თანამედროვე ისტორიაში.
სინდრომი 1990 წელს იაპონელმა ექიმებმა აღმოაჩინეს და უწოდეს „ტაკოცუბო“ (Takotsubo), რაც იაპონურად რვაფეხების დასაჭერ თიხის ქოთანს ნიშნავს. სტრესის დროს ადამიანის გული ზუსტად ამ ვიწროყელიანი და დაბერილი ქოთნის ფორმას იღებს.
როგორც ინტერვიუში მარჟან სატრაპი ამბობდა, ვენაში გადასახლებისა და ირანიდან გაქცევის შემდეგ, თავს ყველგან უცხოდ გრძნობდა. ის იყო ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამშობლო, ბავშვობა და სახლი. როდესაც მან პარიზში შვედი ხელოვანი მატიას რიპა შეხვდა, მატიასი მისთვის გახდა არა მხოლოდ ქმარი, არამედ მისი ერთადერთი რეალური სამშობლო და უსაფრთხოების კუნძული. ის იყო მისი თანაავტორი, მესაიდუმლე და საყრდენი.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სატრაპიმ დააარსა „მატიას და მარჟან რიპა-სატრაპის კინოფონდი“ (Mattias and Marjane Ripa-Satrapi Cinema Foundation) იმ უცხოელი სტუდენტების დასახმარებლად, რომლებსაც პარიზში კინორეჟისურის შესასწავლად ჩასვლა სურთ.
გთავაზობთ გავლენიანი გამოცემა Le Monde-ის მიერ მასთან 2020 წლის ოქტომბერში ჩაწერილ ინტერვიუს, რომელსაც გამოცემა ხელახლა აქვეყნებს ხელოვანის ხსოვნის პატივსაცემად.
Le Monde: „აქამდე ვერ მოვიდოდი, რომ არა...“ - როგორ დაასრულებდით ამ ფრაზას?
მარჟან სატრაპი: რომ არა დედაჩემი - ეს 1945 წელს დაბადებული ქალი, რომელიც უზარმაზარი პოტენციალით იყო დაჯილდოებული და უამრავი ოცნება ამოძრავებდა, მაგრამ ირანულმა საზოგადოებამ მისი შეჩერება არასდროს შეწყვიტა. როდესაც მის ბედზე ვფიქრობ, მახსენდება სპარსული ანდაზა: „რა ფანტასტიკური მოცურავეა! სამწუხაროა, რომ მხოლოდ აბაზანა ჰქონდა!“ ეს ყველაფერს აჯამებს. ეს ზუსტად დედაჩემია - შეზღუდული, ჩახშობილი და შეჩერებული იმ ეპოქის მიერ, რომელიც ქალების მუშაობას ძალიან ნეგატიურად უყურებდა. ეს ყოველთვის ყელში ჰქონდა გაჩხერილი.

Le Monde: ამბოხის გრძნობით ცხოვრობდა?
მარჟან სატრაპი: ამბოხი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ შეგიძლია მიუბრუნდე იმ ადამიანს, ვინც ამ ქაოსზეა პასუხისმგებელი. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მან თავად შეიკავა თავი, ფატალიზმით, და სწორედ ეს არის პრობლემა. ამიტომ მას სურდა, რომ მის შვილს ეს ბედი ყოველ ფასად აეცილებინა თავიდან. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც მან უკვე შეადგინა ჩემი ცხოვრების გეგმა - გეგმა, რომელსაც მე პუნქტობრივად მივყევი.
პირველ რიგში, დამოუკიდებელი ქალი უნდა ვყოფილიყავი. ის მეუბნებოდა ხოლმე: „ჩემო ძვირფასო, რასაც უნდა აკეთებდე, შენს გარეგნობაში არ უნდა ჩადო ინვესტიცია, როგორც ამას ბევრი გოგო აკეთებს. შენს ტვინში უნდა ჩადო ინვესტიცია!“ მე ეს ასე გავიგე: „ჩემო ძვირფასო, საქმე წაგებულია, მართლაც ძალიან მახინჯი ხარ, ასე რომ, ჭკვიანი მაინც ეცადე იყო“. როდესაც ეს მას ბევრი წლის შემდეგ ვაღიარე, მითხრა, რომ მართლაც სულელი ვიყავი, რადგან ვერაფერი გავიგე. თუმცა, ჩემში ამ დამოუკიდებლობის სულისკვეთების დასანერგად, ის უკიდურესად მკაცრი იყო. მთელი ჩემი ბავშვობისა და მოზარდობის განმავლობაში, და ოციოდე წლის ასაკამდეც კი, მისი მეშინოდა... (10 წლის ასაკში საკუთარ თავს ვავარჯიშებდი კიდეც, რომ პოლიტიკური პატიმარი გავმხდარიყავი).
ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა
მარჟან სატრაპი ირანის თეოკრატიული მთავრობის მწვავე და უკომპრომისო კრიტიკოსი იყო. ის საფრანგეთში 1994 წელს ჩავიდა, ხოლო საფრანგეთის მოქალაქეობა 2006 წელს მიიღო.
მისი საკულტო გრაფიკული რომანი „პერსეპოლისი“ მოგვითხრობს თავად სატრაპის ადრეული ცხოვრების შესახებ თეირანში. ნაწარმოებში ასახულია მისი ბრძოლა 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანის ისლამური ხელისუფლების მიერ დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებთან, სანამ მშობლები ევროპაში გაგზავნიდნენ და დევნილობაში ცხოვრებას დაიწყებდა. 2000-იანი წლების დასაწყისში ამ ნამუშევარმა მას გლობალური აღიარება მოუტანა.
სატრაპიმ საკუთარი ნიჭი ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამოავლინა:
მარჟან სატრაპი ყოველთვის გამოირჩეოდა მკაცრი სამოქალაქო პოზიციით. გასულ წელს მან პროტესტის ნიშნად უარი თქვა საფრანგეთის უმაღლეს ჯილდოზე - საპატიო ლეგიონის ორდენზე. მან ამ ნაბიჯით ამხილა საფრანგეთის „თვალთმაქცობა“ ირანთან ურთიერთობაში და გააკრიტიკა ფრანგული სავიზო პოლიტიკა, რომელიც ირანელ დისიდენტებს ქვეყნის დატოვებასა და ევროპაში თავშესაფრის პოვნაში უშლიდა ხელს.
ის გახდა ირანელი ქალების მედგარი ხმა 2022 წელს დაწყებული მასშტაბური პროტესტის დროს, რომელიც 22 წლის ირანელი ქურთის, მაჰსა ამინის პატიმრობაში გარდაცვალებას მოჰყვა (ამინი ჩაცმულობის წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს).
პარიზში გამართულ აქციაზე, რომელიც მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავს მიეძღვნა, სატრაპი წინა რიგებში იდგა და სხვებთან ერთად სკანდირებდა მოძრაობის მთავარ სლოგანს: „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რეჟიმი გაქრეს“, - ამბობდა სატრაპი ისლამურ რესპუბლიკაზე, თუმცა რეალისტურად აღნიშნავდა, რომ ცვლილებები ერთ ღამეში ვერ მოხდებოდა. „მაგრამ ვფიქრობ, უმთავრესია შევინარჩუნოთ იმედი“.