"მომწონს დედობა და ის, რაც მე და ჩემს მეუღლეს შვილებმა შეგვიქმნეს" - როგორ იქცა ნანუკა გოგიჩაიშვილის ყოველდღიურობა შვილებთან ერთად ახალ იუთუბ შოუდ - Marao

"მომწონს დედობა და ის, რაც მე და ჩემს მეუღლეს შვილებმა შეგვიქმნეს" - როგორ იქცა ნანუკა გოგიჩაიშვილის ყოველდღიურობა შვილებთან ერთად ახალ იუთუბ შოუდ

2026-06-05 12:25:45+04:00

"გოგიჩა" - ვამბობთ და, ალბათ, ყველას გულში ბავშვობის მოგონებები, სითბო და სიყვარული იღვიძებს. ყველასთვის საყვარელი გოგიჩა, გიორგი გოგიჩაიშვილი არაერთი თაობის საყვარელი ტელესახე იყო. მან "ბასტი-ბუბუს" დახმარებით ბავშვებს საუკეთესო წლები აჩუქა. ამჯერად კი მის გზას მისი ქალიშვილი აგრძელებს - ნანუკა გოგიჩაიშვილმა შვილებთან, აივისა და ავასთან ერთად საკუთარი საბავშვო გადაცემა გააკეთა, სადაც საინტერესო ამბებსა და ისტორიებს ბებიასთან, ნანა დათუნაშვილთან ერთად ყვება. 

ნანუკას ინფლუენსერი და ჟურნალისტი ნათია გვაზავა, პროექტით "Natia Talks" სტუმრობდა, რომელმაც გადაცემაში საკუთარ გამოცდილებასა და იუთუბ არხზე ისაუბრა.

nanuka-gogichaishvili

ნანუკა გოგიჩაიშვილის ინტერვიუ

"დავიბადე თუ არა, ბებიაჩემიც დამემოწმება, "ჩემთვითონ" ბავშვი ვიყავი. ყველაფერი მე თვითონ მინდოდა გამეკეთებინა და ჩემი ბავშვებიც ასეთები არიან. ყველა საქმე, რასაც ვაკეთებდი, ხელოვნებასა და რაღაცის შექმნასთან იყო დაკავშირებული. ალბათ, ჩემი ბუნებაც ამას გამოხატავდა, რადგან თავისუფლება მომწონდა და მართლაც "ჩემთვითონ" ბავშვი ვიყავი.

ვგრძნობდი, რომ ვიყავი დედა და მომწონს ის ყოველდღიურობა, რომელიც შვილებმა შეგვიქმნეს მე და ჩემს მეუღლეს ოთხი წლის განმავლობაში. რაც ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, ის მინდოდა, რომ გარეთ გამომეტანა. თან, როგორც შემოქმედი ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე ტელევიზიაში ვმუშაობდი, ტელეეკრანს ჩემთვის დასამუხტ, დიდ ენერგოველად აღვიქვამდი და ეს გამოცდილება ამ საქმეში გადმოვიტანე. ეს საქმე ჩემთვის მართლა ნულიდან დაწყება იყო.

ყველაზე სანდო ადამიანები მაბარია – ჯერ ერთი, ჩემი შვილები. როგორც არ მინდა, რომ ესენი დავაზიანო, რა თქმა უნდა, ისე არ მინდა, რომ სხვისი შვილები დავაზიანო. ჩემი იდეაც ეს არის, რომ ერთად გავიზარდოთ და განვვითარდეთ," - ამბობს ნანუკა.

nanuka-gogichaishvili

ამასთან ნანუკამ დამოუკიდებლობის, საკუთარი ძალების რწმენისა და დასახული მიზნებისკენ სვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით ადამიანებმა საკუთარი თავი თვითონ უნდა ააშენონ.

"საკუთარი თავი ჩვენით თუ არ ავაშენეთ და შევქმენით, სხვის იმედად არ უნდა ვიყოთ. არ არსებობს წარუმატებელი გზა. არის გზა, რომელზეც მიდიხარ, გადაუხვევ და მაინც მიხვალ იქამდე. მე მჯერა, ყველა, ვინც რაღაცას დაიწყებს, აუცილებლად გამოუვა. აი, დღეს რომ გაიღვიძებთ და სარკეში ჩაიხედავთ, თქვენ თვითონ დაგხვდებათ თქვენი თავი და თქვენს მაგივრად ამას სხვა არავინ გააკეთებს.

ამ ეტაპზე ვარ, რომ ყველაფერს ვცდილობ და იმას არ ვუყურებ, რა არ გამომდის. მოტივაცია მაქვს იმ სრულ სურათზე, რომელიც უკვე დანახული მაქვს და ვიცი, რა დროც არ უნდა დამჭირდეს, მიზნამდე მაინც მივალ" - ამბობს ნანუკა