ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი უკვე არაერთი წელია, რაც დაუვიწყარ როლებს ქმნის როგორც ეკრანზე, ისე თეატრის სცენაზე.
მისი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი, შაშვი მაყვალი“ მთავარი როლის შესრულება. ამ როლისთვის მან არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, მათ შორის:
როგორია ეკა ჩავლეიშვილი ეკრანსა და სცენის მიღმა, ამის შესახებ მან "პროექციაში" ისაუბრა:
"ჩემს ცხოვრებაში შვილებზე წინ არასდროს არაფერი დადგება; მათთან ურთიერთობა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. პირველი შვილი 33 წლის ასაკში შემეძინა.
იცით, როგორი დედა ვიყავი? მაგალითად, როდესაც ქუჩაში მეგობარს ვესაუბრებოდი და ამ დროს ჩემი შვილი, კესანი, მომმართავდა: "დედა, დედა“, მეგობარს ბოდიშს მოვუხდიდი, საუბარს ერთი წუთით შევაწყვეტინებდი და მაშინვე შვილს მივუბრუნდებოდი, რათა მომესმინა, რა სურდა. ხშირად ხდება ხოლმე პირიქით, როცა მშობლები შვილებს ეუბნებიან: "მაცალე, მაცალე", თუმცა ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის შვილი იყო.
რასაკვირველია, ხმამაღლა დამიყვირია კიდეც, ხანდახან მგონია, რომ გიჟივით ვყვირი და, ალბათ, ახლაც ასე ვარ, თუმცა ჩემს აღზრდის მეთოდში სიმკაცრე არასდროს ყოფილა. შვილებს არაფერს ვაძალებდი. მაგალითად, თუ დილით ბავშვს სკოლაში წასვლა ეზარებოდა, ვეტყოდი ხოლმე: "ნუ წახვალ, შვილო, გააგრძელე ძილი." აი, ასეთი დედა ვარ.
ელემენტარული აკრძალვები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ისინი იმდენად დიდ თავისუფლებაში გაიზარდნენ, რომ მკაცრი შეზღუდვები არც სჭირდებათ. ჩვენ ძალიან მეგობრულად ვცხოვრობთ. ნამდვილად არ ვიცი, რა არის ამ გამართლების მიზეზი, მაგრამ ყოველ წამს ვგრძნობ მათ უდიდეს სიყვარულს. შვილები ყველაფერს მიზიარებენ, ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან და მეც, თავის მხრივ, ყველაფერს ვუყვები მათ. პირველ რიგში ყოველთვის მათი აზრი მაინტერესებს და როგორც უფროსი, ისე უმცროსი შვილი, ყოველთვის სწორ რჩევებს მაძლევს." - ამბობს ეკა.

ეკა ჩავლეიშვილი არის ქართველი მსახიობი, რომელიც განსაკუთრებული აღიარებით სარგებლობს როგორც თეატრში, ასევე კინოში. იგი ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობია.
ეკა ჩავლეიშვილმა 1994 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იგი 1995 წლიდან ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია.
ეკა ჩავლეიშვილმა ბათუმის დრამატულ თეატრში შექმნა არაერთი სცენური სახე, რომელთა შორის აღსანიშნავია: მზევინარი (ლამარა), მარცია (ცრუ ნერონი), ლალი (მერე რა რომ სველია, სველი იასამანი), სმერალდინა (ორი ბატონის მსახური), ექთანი ანა (ბომგარდი), ქეთუშა (ნუგზარი და მეფისტოფელი), ლიანა (ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით), კარაჟა (ვატერ(პო)ლოო), ქალი (ყოფილების სარეცელი), ანეტა (რისთვის ღმერთო?!) და სხვა. ქალბატონი ეკა გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში: "ბიჭი ბედნიერთა სოფლიდან“, "წვრილვარსკვლავიანთა ღამე“, "ბალალაიკა“, ,,იდენტიფიკაცია“, ,,აღლუმი“, ,,ოთარის სიკვდილი“.
ეკა ჩავლეიშვილი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის არაერთგზის დაჯილდოებულია თეატრალური პრემიებით. მისი ნამუშევრები გამოირჩევა სიღრმითა და ემოციურობით, რაც მას თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობად აქცევს.