ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საბავშვო მუსიკალური პროექტის, „რანინას“ 2026 წლის გამარჯვებული 10 წლის დავით ლომიძე გახდა. ამ გამარჯვებას თან ახლდა დაუვიწყარი ემოციები და ცრემლები, რომლებიც დიდ სიხარულსა და დიდ მუსიკალურ მომავალს იტევდა. დავით ლომიძე საქართველოს 2026 წლის საბავშვო ევროვიზიაზე წარადგენს - კონკურსი 24 ოქტომბერს მალტაში ჩატარდება.

კეთილი, მხიარული და ცელქი „ჯოჯო“, როგორც მას მეგობრები და ახლობლები ეძახიან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში საკუთარ ემოციებზე, მუსიკალურ გზაზე, ფეხბურთის სიყვარულსა და სამომავლო გეგმებზე ყვება.
დათუნას მუსიკალური ნიჭი ოჯახისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. დედა იხსენებს, რომ პატარა არტისტმა მელოდიების ღიღინი იმაზე ადრე დაიწყო, სანამ პირველ სიტყვებს იტყოდა:
დედა, ანუკი ედიშერაშვილი: „ძალიან პატარა იყო, როცა მისი სიმღერის ნიჭი შევამჩნიეთ. ჯერ საუბარიც კი არ იცოდა, როცა უკვე თავისთვის ღიღინებდა. ხასიათით უზომოდ მოსიყვარულეა, უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და აქვს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა. ამავდროულად, ძალიან მგრძნობიარეა - არ უყვარს, როცა შენიშვნას ვაძლევთ, ამას ყოველთვის ძალიან განიცდის ხოლმე.“

დათუნა იხსენებს, რომ პროექტში მოხვედრაზე დიდი ხანია ოცნებობდა, თუმცა მიზნის მისაღწევად რამდენიმე წლის მანძილზე მოთმინებით იცდიდა:
„7 წლისასაც მინდოდა, 8 წლისასაც, და როგორც კი 9 წლის გავხდი, მაშინვე მივედი რანინაში. ამ პროექტმა ბევრი მეგობარი შემძინა და მუსიკალურადაც ბევრი რამ მასწავლა. რანინა ბავშვებს უდიდეს სიხარულს აძლევს, ძალიან მინდა, რომ ეს პერიოდი კიდევ გრძელდებოდეს.“
მისი თქმით, პროექტში განსაკუთრებით ორი გამოსვლა დაამახსოვრდა: მეორე ტური, სადაც სიმღერა „ჰერიო, ბიჭებო“ შეასრულა, და, რა თქმა უნდა, ფინალი. თუმცა, გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე სირთულეებიც იყო, რაც კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძის დახმარებით გადალახა:
„საფინალო სიმღერა ცოტა მეც გამიჭირდა. თუმცა, ზვიად ბოლქვაძემ ისე მომარგო ეს ნამუშევარი, რომ ძველ ვერსიას საერთოდ აღარ ჰგავდა. საერთოდ, ოდესმე შეიძლება რაღაც ყველა ბავშვს გაუჭირდეს, მაგრამ მთავარი მონდომებაა.“
ბევრი შემსრულებლისგან განსხვავებით, 10 წლის დათუნა სცენაზე საოცარი სიმშვიდითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ამ თვისებას ის თავის მასწავლებლებს უმადლის, რომლებიც მისით სამართლიანად ამაყობენ:
პედაგოგი ნინო ჩაჩავა: „ძალიან ქარიზმატული ბიჭია, უზომოდ ნიჭიერი ადამიანია. დათას საოცრად უყვარს სცენა, უყვარს სცენაზე გამოსვლა და აუდიტორიის წინაშე შიში არასდროს ჰქონია. პირიქით, რაზეც კი რეპეტიციებზე ვმუშაობდით, ყველაფერი იდეალურად გაჰქონდა სცენაზე. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ მისით.“
„ჩემი მასწავლებლებისგან ვისწავლე: რაც უფრო ნერვიულობ, მით მეტ შეცდომას უშვებ, - ამატებს თავად დათუნა, - ამიტომ, სცენაზე როცა ვდგავარ, დიდად არ ვნერვიულობ, საერთოდ არ ვშფოთავ და თავს ყველაფერს უკეთ ვართმევ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ არტისტისმი არ დამაკლდეს.“
აი, საკუთარი სახელისა და გვარის გამარჯვებულად გამოცხადების მომენტში კი, ემოციების შეკავება პატარა არტისტსაც გაუჭირდა:
„ძალიან ვინერვიულე და, ამავდროულად, უზომოდ გამიხარდა, როცა ჩემი სახელი გამოცხადეს. იმ წამს ვერაფერს და ვერავის ვხედავდი, იმდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი.“
წინ ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი - ევროვიზიის დიდ სცენაზე საქართველოს წარდგენაა:
„ვერ აღვწერ სიტყვებით, ისე მიხარია ამხელა სცენაზე საქართველოს სახელით გამოსვლა. ჩვენი ქვეყანა საბავშვო ევროვიზიაზე 5-გზის ჩემპიონი უნდა გავხადო!“

მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა დათუნა, როგორც ნიჭიერი მომღერალი, ისე გაიცნო, თავად ამბობს, რომ კარგად ცეკვაც ეხერხება. მისი მუსიკალური გემოვნება საკმაოდ დახვეწილია - მისი საყვარელი მომღერალი ლეგენდარული გოგი ცაბაძეა, ხოლო გამორჩეულად სიმღერა „პაწაწინა სამოთხე“ უყვარს.
მუსიკის მიღმა, დათუნას ცხოვრებაში უდიდესი ადგილი ფეხბურთს უკავია:
„როცა გავიზრდები, მომღერალი ან ფეხბურთელი უნდა გამოვიდე. ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ისე ერთი დღეც არ გავა, ბურთს რომ არ შევეხო. ჩემი საყვარელი გუნდია ბარსელონა, ფეხბურთელებიდან კი - ლეო მესი. მისი თამაში, მოედნის ხედვა და ტაქტიკა ძალიან მომწონს. საქართველოს ნაკრებიდან, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე მომწონს ყველაზე მეტად.“
თავისუფალ დროს დათუნა ჩვეულებრივი, ცელქი ბიჭუნაა: „ეგეთი დავიბადე, ცელქი ვარ,“ - ამბობს ღიმილით. ბავშვობაში ლურჯი და მწვანე ფერები უყვარდა, ახლა კი მხოლოდ მწვანეს ანიჭებს უპირატესობას. ყოველდღიურობაში დედასაც სიამოვნებით ეხმარება და მამასთან ერთად კომპიუტერში ფეხბურთის თამაშიც უყვარს.
საკუთარ თავს კი მომავალში, 20 წლის შემდეგ - როცა უკვე 29 წლის იქნება - ასეთ უმნიშვნელოვანეს გზავნილს უტოვებს: „დავით, არასდროს დანებდე! მთავარია გჯეროდეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფერი გამოგივა!“
დათუნას დედა, ანუკი ედიშერაშვილი იხსენებს, თუ როგორ დაიწყო ეს დიდი მუსიკალური მოგზაურობა და მადლიერებას გამოხატავს ყველას მიმართ, ვინც ამ წარმატების უკან დგას:
„ყველაფერი ასე დაიწყო - დავითის ვოკალის პედაგოგმა, ვერონიკა ბესელიამ გვირჩია პროექტ რანინაში მონაწილეობა. დღეს კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რისთვისაც განსაკუთრებულად მადლიერი ვარ. სწორედ მისი რჩევისა და მხარდაჭერის წყალობით აღმოვჩნდით ამ საოცარ პროექტში.
განსაკუთრებული მადლობა პროექტის დამფუძნებელს, ქალბატონ ლანა ქუთათელაძეს, ამ მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროექტის შექმნისთვის. რთულია იმ დიდი მადლიერების სრულად გამოხატვა, რასაც თქვენ მიმართ ვგრძნობ. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ბავშვებისა და ქართული მუსიკის განვითარებისთვის აკეთებთ.
მადლობა პროექტის თითოეულ წევრს - პროფესიონალ და უსაყვარლეს პედაგოგებს, ორგანიზატორებს, მუსიკოსებს, ტექნიკულ გუნდს, კომპეტენტურ ჟიურის და ყველას, ვინც რანინას წარმატებაში საკუთარ წვლილს დებს.
დაბოლოს, დიდი მადლობა დანარჩენ 9 მონაწილეს! დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი განსაკუთრებული ნიჭის პატრონია და წინ კიდევ ბევრი ლამაზი გამარჯვება გელოდებათ!“