სტეფანე მღებრიშვილისა და მაია დარსმელიძეს წყვილი ქართულ მუსიკალურ სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სტეფანე სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს ხშირად უზიარებს როგორც შემოქმედებით სიახლეებს, ისე ოჯახურ კადრებს.
განსაკუთრებული სიყვარულით ინტერნეტსივრცეში მათი ქალიშვილი - სტეფანია, იგივე ფანიკო, სარგებლობს. მამა-შვილის ერთობლივი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში ყოველთვის უამრავ თბილ კომენტარსა და მოწონებას იმსახურებს. მათი მეგობრული და უშუალო ურთიერთობა ბევრისთვის სამაგალითოა.
ცოტა ხნის წინ სტეფანემ და MAMAFLEX-მა ახალი ერთობლივი სიმღერა გამოუშვეს. მომღერალმა სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის და ფანიკო მანქანაში ახალ ტრეკს ერთად ასრულებენ. მამა-შვილის ამ მუსიკალურმა და ენერგიულმა შესრულებამ გამომწერები აღაფრთოვანა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად ფანიკოც გამოეხმაურა.
"როგორი დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი და მამასნაირი მამაშვილობა ერთეულებს გააჩნიათ, თუმცა ამ ტექსტს... მე და მამა ვერა" - წერს სტეფანეს ქალიშვილი.

სტეფანე მღებრიშვილი და მაია დარსმელიძე პირადი ცხოვრების შესახებ იშვიათად საუბრობენ, თუმცა ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ერთმანეთის დიდი მეგობრები არიან. კრიზისული პერიოდები მათ ურთიერთობაშიც იყო და ამაზე სტეფანემ რამდენიმე წლის წინ "The Talk შოუში" ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი წამყვანი თავადაც იყო.
"ჩემს შემთხვევაში იყო ასეთი სიტუაცია, რომ მე და მაიამ ამოვწურეთ ერთმანეთი. უბრალოდ, ვამძიმებდით ერთმანეთს. არანაირი ღალატი არ ყოფილა ჩვენ შორის. რაღაც პერიოდი გადავწყვიტეთ, რომ ცალ-ცალკე ვყოფილიყავით. მერე ამან იმოქმედა ბავშვზე, 5 წლის იყო დაახლოებით ფანი, შეიძლება ცოტა მეტის.
გავიდა ძალიან ბევრი წელი და შევძელით ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, როგორც მშობლებმა. ყველას აინტერესებს – „რას აკეთებენ, როგორ არიან, რანაირად არიან“. უბრალოდ, არ ვსაუბრობთ ამაზე, იმიტომ, რომ ხვალ არ ვიცით, რა იქნება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი წლის მერე ერთად ვართ და ძალიან კარგად ვცხოვრობთ", - ამბობდა სტეფანე.
სტეფანესა და მაიას, გარდა შვილისა, საერთო საქმეც აკავშირებთ. სულ ცოტა ხნის წინ მაიას ახალი სიმღერისა და მუსიკალური კლიპის პრემიერა შედგა, რომლის პროდიუსერი სწორედ სტეფანეა.
სტეფანე მღებრიშვილი საკუთარ თავს სპონტანურ ადამიანად ახასიათებს. ამბობს, რომ ცხოვრებაში მოულოდნელი გადაწყვეტილებები ხშირად მიუღია. დავით გორგილაძის საავტორო გადაცემაში მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იყიდა "მერსედესის" ბოლო მოდელი და შემდეგ კომუნალური გადასახადის გადახდას ვეღარ ახერხებდა:
"ეს იყო 2015 წელი, როცა მომიწია დანაზოგით ცხოვრება და ეს დანაზოგი იყო ძალიან ცოტა. ბოლოს იმ ზომამდე ვიყავი, რომ დენის ფულს ჩემი და მიხდიდა. ეს კი იმიტომ, რომ მანამდე, როცა რაღაც ფული მქონდა, "მერსედესის" ცენტრში წავედი და ბოლო მოდელი ვიყიდე.
ერთი დღე იყო, როცა ზუსტად 20 ლარი მქონდა. სტეფანიამ რაღაცის ყიდვა მთხოვა, იმ მომენტში მივხვდი, რომ მანქანაში ბენზინი აღარ მქონდა. ეს შემთხვევა იყო, როცა გავიაზრე, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. გავყიდე ჩემი მანქანა, მაიას ჰქონდა სახლი, გავარემონტეთ და გავაქირავეთ. იქ ვმუშაობდი, ვხვდებოდი სტუმრებს, ჩემოდნები მიმქონდა. რაღაც პერიოდი ასე გავატარე და მაშინ ვკითხე ჩემს თავს, რისი გაკეთება შემეძლო. მივხვდი, რომ რითაც დავიწყე, ის უნდა გამეგრძელებინა. მუსიკის კეთება დავიწყე და, იმედია, აღარ გავჩერდები არასდროს", - იხსენებს სტეფანე მღებრიშვილი.