"მე შემიძლია სრულიად უანგარო სიყვარული და სწორედ ამის წყალობით მაქვს ცხოვრებისეული კომფორტი" - ლიზა ბაგრატიონის ინტერვიუ ამბებზე, რომლებიც ჯერ არ მოგისმენიათ - Marao

"მე შემიძლია სრულიად უანგარო სიყვარული და სწორედ ამის წყალობით მაქვს ცხოვრებისეული კომფორტი" - ლიზა ბაგრატიონის ინტერვიუ ამბებზე, რომლებიც ჯერ არ მოგისმენიათ

2026-06-12 10:07:04+04:00

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი კოტე მათითაშვილის საავტორო გადაცემა "კოტკასტის“ სტუმარი იყო. გულახდილ ინტერვიუში მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, გაიხსენა ბავშვობის წლები, მუსიკალური წარსული და სხვა მნიშვნელოვანი თემები.

ლიზა ბაგრატიონის ინტერვიუ

ლიზა ბაგრატიონმა ინტერვიუში გაიხსენა, რომ მისი მუსიკალური გზა „ნიჭიერთა ათწლედიდან“ დაიწყო, სადაც პიანისტის სპეციალობით სწავლობდა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, დიდ წარმატებასა და სერიოზულ შედეგებს უდიდესი შრომა სჭირდებოდა, ამასთან ისაუბრა საკუთარ ხასიათზე და იუმორით აღნიშნა, რომ ბავშვობაში საკმაოდ ცელქი და მეამბოხე იყო

"მე პიანისტი ვიყავი, „ნიჭიერთა ათწლედი“ მაქვს დამთავრებული. მე-8 ან მე-9 კლასში, როდესაც სერიოზული შედეგის მიღწევა გინდა, პროგრამა საგრძნობლად იზრდება და ამას უდიდესი მუშაობა სჭირდება. ჩემი შიში იქიდან მოდიოდა, რომ საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული არასდროს ვიყავი; რაღაც ასაკამდე მხოლოდ ნიჭიერება გყოფნის, მაგრამ მერე შრომის გარეშე არაფერი გამოდის. სულ მეშინოდა, რომ რაღაც არ გამომივიდოდა, თითი არ დამემორჩილებოდა და შემეშლებოდა.

ათწლედის დასრულებისთანავე ჩავაბარე მეორე სპეციალობაზე, რომელიც ასევე ვიცოდი, ეს იყო ინგლისური ენა. შესაბამისად, სწავლა ინგლისურის მიმართულებით გავაგრძელე. 18 წლიდან ვმუშაობ და მას შემდეგ საკუთარი შემოსავალი მაქვს. 90-იან წლებში, როდესაც დედა და მამა უმუშევრები დარჩნენ, ოჯახში მე და ჩემი და ვმუშაობდით.

მე და ჩემი და რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით. ის ხუთოსანი იყო, ოქროს მედლითა და წითელი დიპლომით. გამხდარი, თეთრი ბანტებით მოვიდოდა ხოლმე სახლში, გაიხდიდა და ყველაფერს მოაწესრიგებდა. ბავშვობაში სრულიად სხვადასხვა ტიპაჟები ვიყავით, ახლა კი დავემსგავსეთ ერთმანეთს. მე ყოველთვის პირიქით ვიქცეოდი: კლასი შატალოზე რომ მიდიოდა, დირექტორთან სამ ბიჭს და ერთ გოგოს იბარებდნენ, ეს გოგო კი მუდამ მე ვიყავი. „წყნარად“ არც მაშინ ვიყავი და არც ახლა ვარ, თუმცა, რაღაც ასაკის შემდეგ, მით უმეტეს, როცა უკვე 24 წლის ვაჟი გყავს, უხერხულია ასეთი რაღაცების კეთება. მიუხედავად ამისა, დღემდე შემიძლია ზუსტად ისეთივე ვიყო.

მე შემიძლია სრულიად უანგარო სიყვარული და სწორედ ამის წყალობით მაქვს ცხოვრებისეული კომფორტი. შეიძლება მწყინდეს, რაღაც არ მესმოდეს, ვტიროდე კიდეც, მაგრამ მაქვს უდიდესი შინაგანი კომფორტი, მაინც მიყვარდე," - ამბობს ლიზა.

liza-bagrationi

ლიზა ბაგრატიონმა ვრცლად ისაუბრა თავის დაზე, ქვეყნის პირველ ლედიზე, თაუ ბაგრატიონზე. მისი თქმით, ბავშვობაში ისინი რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ. მომღერლის თქმით, პირველი ლედის სტატუსი მისი დისთვის სრულიად მოულოდნელი და წარმოუდგენელი ამპლუა აღმოჩნდა, თუმცა ამ დიდმა პასუხისმგებლობამ იგი ვერ შეცვალა

"სრულიად მიუღებელ და მისთვის წარმოუდგენელ ამპლუაში აღმოჩნდა. ის კვლავ იმ თაუ ბაგრატიონად რჩება, როგორიც 55 წლის განმავლობაში იყო და ჩვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, შეცვლა არ შეუძლია. ის არის თაუ, რომელიც იყო და ამის შემდეგაც იქნება. თუ ადამიანი გაითვალისწინებ იმას, რომ სცენაზე დგომაც დროებითია, ვინმეს „მარჯვენა ხელობაც“ და, მით უმეტეს, პირველი ლედობაც, მაშინ უნდა გააკეთო ყველაფერი, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს არასდროს შეგრცხვეს იმის, რაც ჩაიდინე, ეს არის ცხოვრების მთავარი პრინციპი.

თაუსთან მიმართებით ერთადერთი რამ, რაზეც დავდევ, არის: „თვალი დაიხატე, პიჯაკი მოიცვი-მეთქი“, რადგან ამ დროს მე თავად ძალიან პრანჭია ვარ. ბავშვობაშიც ძალიან განსხვავებულები ვიყავით, მას არასდროს აინტერესებდა გაპრანჭვა, მამაჩემის ზედასაც კი ჩაიცვამდა და ასე დადიოდა. სადმე რომ მიდის, ყოველთვის ვულაგებ, რა და როგორ ჩაიცვას, მაგრამ მერე მაინც ისე იცვამს, როგორც თავად უნდა. ვინმეს მისთვის რომ ეკითხა, ამ სტატუსზე უარს იტყოდა.

ჩვენი ოჯახი ის კერაა, სადაც ყოველი წუთი, წამი, ჩახუტება და მოფერება უმნიშვნელოვანესია. ყოველ დილა-საღამოს ვეფერებით და ვეხმიანებით ერთმანეთს. ერთმანეთის იმედად ვართ და ერთმანეთის გარეშე არაფერი არსებობს. ჩვენ ის გვაძლიერებს, რომ ზუსტად ვიცით, რისი გამკეთებლები ვართ, სიყვარულისა და ერთგულების გარდა, ცუდი არაფერი გაგვიკეთებია და არც კი გაგვიფიქრებია. ზოგჯერ ისეთ რამეებს წერენ ან აკეთებენ, სულ ვფიქრობ, საერთოდ როგორ მოიფიქრეს, ეს ნეტავ აზრად როგორ მოუვიდათ-მეთქი. ჩვენ ამ ყველაფერს სიძლიერით ვუძლებთ. ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს არავისთვის არაფერი დაუშავებიათ," - ამბობს ლიზა.

tamar-bagrationi