"იქ მივხვდი, რომ დედაც იყო, დაც და მეგობარიც' - ეკა კახიანისა და მაია ჯაბუას 55-წლიანი მეგობრობა - Marao

"იქ მივხვდი, რომ დედაც იყო, დაც და მეგობარიც' - ეკა კახიანისა და მაია ჯაბუას 55-წლიანი მეგობრობა

2026-06-11 16:56:29+04:00

ბავშვობის მეგობრები მაია ჯაბუა და ეკა კახიანი "დილა მშვიდობისა საქართველოს" სტუმრები იყვნენ. მომღერლებმა 55 წლიან მეგობრობაზე და იმ ისტორიებზე ისაუბრეს, რაც ამ ხნის განმავლობაში გადახდათ თავს

მაია: "მზიური“ იყო ჩვენს ცხოვრებაში და მას მერე ხელჩაკიდებულები მოვდივართ მთელი ცხოვრება. ჩვენ ვართ 55 წლის მეგობრები… სხვადასხვა ჯგუფში კი ვმღეროდით, მაგრამ ყველა ერთმანეთს ვიცნობდით. მე მყავდა ჩემთვის გამორჩეული ეკა… სასახლეში ყველას ეკეთა დიდი ბაფთა, დიდი კაბები ეცვათ… ეს არ მომწონდა. ეკას ხასიათი მომეწონა და ჩემთან მსგავსება დავიჭირე. მივედი გაკვეთილზე, აღმოჩნდა კონცერტი. მე არ მეცვა საკონცერტო კაბა. რომ გამოვიდა კულისებში ეკა, უთხრეს, მაიას ათხოვებ კაბასო? გაიხადა და მათხოვა… თუ სადმე ცალ-ცალკე მივდივართ, სულ ერთმანეთზე გვეკითხებიან - ეკა სად არის? ან მაია სად არის? უპირობოდ მჯერა მისი, ერთგულება ეს არის ყველაზე დიდი საყრდენი.

ეკა: ბევრს ვმოგზაურობდით. სასტუმროში, ოთახში ერთად შევდიოდით. მე ცოტა მეშინოდა სიბნელეში დაძინება. მაია დაწვებოდა ჩემთან, დამაძინებდა და მერე გადადიოდა თავის ლოგინში, აქრობდა შუქს. იქ მივხვდი, რომ დედაც იყო, დაც და მეგობარიც… ძალიან მომწონს მაია , როგორც მომღერალი, როგორც დათო ევგენიძემ თქვა "ზეციური ხმა არის", ძალიან მომწონს მაიას იუმორი, ძალიან მშვიდად ისეთ რაღაცებს ჰყვება, რომ ეს არის ერთი სიამოვნება და მესამე კი მისის გონიერება მხიბლავს. მე მაიას მეოთხე და ვარ, მაიას უფროსი და სამწუხაროდ აღარ არის ცოცხალი. მაშინ, როდესაც ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მქონდა, ჩემი ძმის გარდაცვალება რომ გავიგე, პირველი მივედი მაიასთან, ყველა სიხარულისა თუ მწუხარებისას მაიასთან მივდივარ.

maia-jabua-da-eka-kakhiani

ეკა კახიანი

ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.

როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.

მაია ჯაბუა

ყველასთვის საყვარელი მომღერალი მაია ჯაბუა საზოგადოებასა და მედიაში ხშირად ჩნდება. მომღერალი 1962 წლის 8 მაისს დაიბადა. ბევრმა არ იცის, რომ მაია ჯაბუა პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, თუმცა უნივერსიტეტში მიღებული დიპლომი არასდროს გამოუყენებია. 

სიმღერა დაიწყო 6 წლის ასაკში, მღეროდა ყოფილ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ვოკალურ ჯგუფში. 1971-1986 წლებში იყო ამავე სასახლესთან არსებულ ბავშვთა ვოკალურ-საკრავიერო ანსამბლ „მზიურში“. 1986 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია, ძირითადად მღერის ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. 2016 წლის იანვარში სახელმწიფო ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

"მზიურში" მისი პირველი გამოჩენა საზოგადოებას კარგად ახსოვს - მაია ჯაბას შესრულებული სიმღერა "მეორე ლეგენდა" თითქმის ყველამ ზეპირად იცოდა.