ბათუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კიდევ ერთ ისტორიულ და ემოციურ ღონისძიებას უმასპინძლა. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართული სცენის დედოფლის, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება თავისი მასშტაბებითა და მონაწილე ხელოვანთა ვარსკვლავური შემადგენლობით ნამდვილ კულტურულ დღესასწაულად იქცა. იუბილარ ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე წარდგნენ სხვადასხვა თაობის გამორჩეული მუსიკოსები, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სოლისტები - ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „შვიდკაცა“, ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა, ფესტივალის ორკესტრი და ბენდი მონაწილეობდა. საღამოს წამყვანი კი ნიკოლოზ წულუკიძე იყო.


როდესაც ქართულ ესტრადაზე, დახვეწილ გემოვნებასა და ნამდვილ არისტოკრატიზმზე ვსაუბრობთ, პირველი სახელი, რომელიც გვახსენდება, ნანი ბრეგვაძეა. ის არ არის მხოლოდ მომღერალი – ის ცოცხალი ლეგენდაა, რომელმაც ქართული მუსიკალური კულტურა სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა და ათწლეულების მანძილზე სტილისა და თავდაჭერილობის ეტალონად იქცა.
ნანის მუსიკალური გზა თბილისური ოჯახიდან დაიწყო, სადაც სიმღერა ყოველდღიურობა იყო. პროფესიული აღიარება კი ანსამბლებს – „ორერასა“ და „რეროს“ უკავშირდება. სწორედ მაშინ გაიცნო და შეიყვარა ის არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მთელმა მსოფლიომ. მისი შესრულებული „ყვავილების ქვეყანა“ თუ რუსული რომანსები დღემდე მუსიკალური საგანძურის ნაწილია.
ნანი ბრეგვაძე ხშირად საუბრობს ოჯახსა და მის მნიშვნელობაზე - გულწრფელად უსაუბრია მეუღლესა და მასთან ურთიერთობაზეც. ნანი ბრეგვაძე ახალგაზრდობიდანვე პოპულარული გოგონა იყო, ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, თუმცა ოჯახის რჩევით ცხოვრება მერაბ მამალაძეს დაუკავშირა. ნანი იხსენებდა, რომ მერაბმა თავად გამოიჩინა თავი, ხშირად აკითხავდა, სახლამდე აცილებდა, მის მშობლებსაც მოსწონდათ ახალგაზრდა ბიჭი და დაარწმუნეს, რომ ოჯახი შეექმნა.

ნანი დაჰყვა დედის რჩევას, თუმცა მუდმივად მამაკაცების გარემოცვაში მყოფ მომღერალს პირად ცხოვრებაში პრობლემები შეექმნა - მერაბ მამალაძე ეჭვიანობდა. იყო შემთხვევა, როცა მეუღლეს არჩევანის გაკეთება მოსთხოვა - ან ოჯახი, ან - კარიერა. ნანი მზად იყო დაეთმო კარიერა და შენარჩუნება ოჯახი, თუმცა მოგვიანებით მერაბმა თავად უთხრა მეუღლეს, რომ მას კარიერა უნდა გაეგრძელებინა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
გარემოებებმა კვლავ დააკავშირა ნანი ბრეგვაძისა და მერაბ მამალაძის ბედი - ისინი შერიგდნენ, თუმცა ყოფითი პრობლემების გამო ვერც მეორედ შეძლეს ოჯახის შენარჩუნება.
ნანისთვის ოჯახი ყოველთვის მთავარი დასაყრდენი იყო. დედა, რომელიც მისი პირველი კრიტიკოსი გახლდათ, და ქალიშვილი, ეკა მამალაძე, რომელთან ერთადაც დღესაც ხშირად ვხედავთ სცენაზე. ბრეგვაძეების ოჯახური ტრადიცია – მუსიკისადმი უპირობო სიყვარული – უკვე მესამე თაობაში, მის შვილიშვილებშიც გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ წლები გადის, ნანი ბრეგვაძე პოპულარობას, სიყვარულსა და პატივისცემას არ კარგავს. ის დღესაც აქტიურია: მონაწილეობს მასშტაბურ პროექტებში, მართავს საღამოებს და რაც მთავარია, კვლავ რჩება ინსპირაციის წყაროდ ყველა თაობისთვის. მისი ყოველი გამოჩენა ეკრანზე თუ სცენაზე იმის დასტურია, რომ ნამდვილი ნიჭი და შინაგანი კულტურა დროს არ ექვემდებარება.