მსახიობი ეკა მოლოდინაშვილი 1980 წლის 3 მარტს დაიბადა. როგორც მსახიობი იხსენებს, პროფესია თავად არ აურჩევია, ეს თავისით მოვიდა მის ცხოვრებაში, რადგან მსახიობების გარემოცვაში გაიზარდა და თეატრი მისთვის მეორე სახლი იყო. ეკას მამა, სოსო მოლოდინაშვილი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო.
"მე თეატრი საოცნებო არ მქონდა, ეს ჩემთვის იყო ზღაპრული სამყარო. იქ დავყავდი და იქ მეძინა, როგორც მსახიობების შვილების შემთხვევაში ხდება. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო, როცა მივდიოდი სპექტაკლებზე და ზეპირად ვიცოდი ტექსტები, მსახიობებს ვახსენებდი კიდეც. მსახიობობა ჩემს ცხოვრებაში ისე შემოვიდა, რომ არც უკითხავს ჩემთვის, მინდოდა თუ - არა. ასე მოხდა და აეწყო ჩემი ცხოვრება," - ამბობს ეკა მოლოდინაშვილი კახა მიქიაშვილის გადაცემაში "შაქრით თუ უშაქროდ”

განათლება და კარიერა
ეკა მოლოდინაშვილმა 2001 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, რის შემდეგაც, 2004 წლიდან, საქმიანობა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დაიწყო, ხოლო 2005 წლიდან კი შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობია.
"რუსთაველის თეატრში ჩემი პირველი სპექტაკლი დარისპანის გასაჭირი იყო" - ამბობდა ეკა.
მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: "სიყვარულის ცეცხლი", "წმინდა მელა", "ტყვიების ბაღი".
მისი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება უკავშირდება ლევან თუთბერიძის ფილმს "ცხრა მთას იქით". ამ როლისთვის ეკა მოლოდინაშვილი ანაპის საერთაშორისო კინოფესტივალზე "კინოშოკი" საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტულით დაჯილდოვდა. "ცხრა მთას იქით იყო ერთადერთი ქართული სურათი, რომელიც იმ წელს ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა.
მოგვიანებით მაყურებელმა ეკრანზე იხილა სერიალი "ქიმია", სადა ეკა მოლოდინაშვილი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. სერიალი სიმსივნით დაავადებული ქალების ისტორიებს გვიამბობს. ეკასთან ერთად, სერიალში მონაწილეობას იღებდნენ ქეთი ჩაჩუა, ნანა ბუთხუზი, თამთა ინაშვილი.