დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ირინა ქიქოძის პოდკასტის, „მერე“, სტუმარი იყო. შეეხო თემებს, რომლებზეც დიზაინერს აქამდე საჯაროდ თითქმის არასდრტოს უსაუბრია - ბავშვობა, მოდისადმი ინტერესი, ნარკოდამოკიდებულება და დაკავება.

- პატარა როცა ვიყავი და სტუმრები მოდიოდნენ, ტანსაცმელს ვაკვირდებოდი და სულ მათი გადაკეთება მინდოდა, რაც ეცვათ, არ მომწონდა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ქურქისთვის მომიჭრია მკლავები და პიჯაკზე მიმიკერებია. ამაზე სულ ჩხუბი იყო, მსჯიდნენ. ბავშვობიდან მქონდა ტანსაცმლის შეცვლის სურვილი. იმდენად კარგად ჩაცმულთა გარემოში ვიყავი, ალბათ, მაგანაც ითამაშა გადამწყვეტი როლი.
ჩემი ოჯახის წევრებს არ უნდოდათ, სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა, რადგან იმ დროისთვის ეს პროფესია ასეთი პოპულარული არ იყო, მოდა სიბნელეში იმყოფებოდა. ძალიან მიყვარდა ეს საქმე. ჩემი იყო და სხვაგან ვერც ჩავაბარებდი, ვერც ექიმი გავხდებოდი და ვერაფერი. დავიწყე ხატვაზე სიარული, ოჯახში მიხვდნენ, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა და ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში.
მაკა ასათიანმა ჩაუყარა საფუძველი იმას, რომ ხალხს შეაყვარა და ხალხს გადაახდევინა თანხა ქართულ ნაწარმში. ვთვლი, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში მოდის განვითარებაში. შემდეგ უკვე წამოვიდნენ ავთანდილი, თამუნა ინგოროყვა, სოფო ჭყონია და სხვები, და ასე განვითარდა და განვითარდა. შემდეგ კი დემნა გამოჩნდა და ქართველ დიზაინერებზე ყურადღება გაიზარდა.
- სულ ვამბობდი, რომ არ ვიყავი მზად საერთაშორისო წარმატებისთვის; ჩემი პრობლემების გამო საკუთარ თავს ვერ ვენდობოდი. პარიზის მოდის კვირეულზე გასვლას რომ იწყებ, იქ შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს. ამასთანავე, ბევრი პირობა გაქვს დასაკმაყოფილებელი, რაც საკმაოდ რთულია, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ მზად ვარ და პირველად გავამხელ, წელიწად-ნახევარში პარიზის მოდის კვირეულზე ვიქნები. ახლა ძალიან შემართებით ვარ, ამისთვის მინდა ვიბრძოლო და ჩემს საქმეს დავუთმო ყურადღება. მთელი ცხოვრება სხვისთვის ვიყავი და ახლა მინდა, რომ დათუნა იყოს დათუნასთვის.

- ჩემი აზრით, რის გამოც ადამიანი მოხმარებას იწყებს, როგორც ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს სიგარეტთან მიმართებით, რომ ბავშვობაში მოწევას "მარიაჟობის“ მიზნით იწყებ - მსგავსადვეა ნარკოტიკების შემთხვევაშიც. მთელი ბავშვობა ვუყურებდი ქეით მოსს, ჯორჯ მაიკლს, ვიტნი ჰიუსტონს... ჩემს საყვარელ ადამიანებს, რომლებზეც ვგიჟდებოდი. როცა ვიგებდი, რომ ისინი ნარკოტიკების გამო დაიჭირეს, სულ ვფიქრობდი, რომ ეს რაღაც საინტერესო ნივთიერება იყო. ამ მიზნით იწყებ შენც გასინჯვას, რადგან შენი მისაბაძი ვარსკვლავები ამას აკეთებენ, თვლი, რომ ეს კარგია.
თავიდან აკონტროლებ თავს, მუშაობ და ამბობ, რომ არ გინდა გართობა, მერე უკვე ვეღარ აკონტროლებ საკუთარ თავს და ყველაფერი გეცვლება. აღარ მაინტერესებდა სამსახურში მისვლა, ამის გამო ბევრი პრობლემა მექმნებოდა, კლიენტებს ვაბრაზებდი. ამ დროს საკუთარი თავი აღარ ხარ. როცა უყურებდი, ვინ იყო ის ადამიანი, გეზიზღებოდა. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რატომ მინდოდა იმ საზიზღრობაში დაბრუნება, როდესაც ჩემი თავი მძულდა-მეთქი. ამას ეს ნივთიერება გიკეთებს, განგრევს და განადგურებს.
ვიტნი ჰიუსტონის მაგალითზე რომ ვთქვათ, ღმერთმა მას ყველაფერი მისცა: გარეგნობაც, ნიჭიც და საერთოდ ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ დამოკიდებულებამ რა მდგომარეობამდე მიიყვანა, ბოლოს ვინ იყო და როგორ დაასრულა სიცოცხლე.
ეს ახლანდელი პერიოდის სენია. ასეთი რამ ცხოვრებაში არსად ყოფილა, არცერთ ქვეყანაში, ასე ადვილად რომ შეგეძლოს შოვნა და მიღება, არასდროს ყოფილა. არ ვამბობ, რომ ეს ან ამ მთავრობის, ან წინა მთავრობის ბრალია, მაგრამ ასე, ამ დოზით და ამ რაოდენობით, არასდროს ყოფილა. დღეს მოდაშია: თუ კაიფობ, „კარგი ტიპი“ ხარ. თავიდან შეგიძლია თავი აკონტროლო, მაგრამ მერე ძალიან რთულია და საკუთარ თავს კარგავ. ყველაფერს ანადგურებს, ეს არის ყველაზე ეშმაკური და საზიზღარი ნივთიერება. ამ დროს ადამიანი აღარ ხარ. შენი საყვარელი ადამიანები აღარ გიყვარს, აღარ გახარებს მათთან ერთად არაფრის კეთება. იმ მომენტში ზიხარ „კუბიკში“ და არ გინდა გამოსვლა; თან იცი, რომ ცუდია, მაგრამ ვეღარ გამოდიხარ.
საკუთარი თავის დაკარგვა ცხოვრებაში ყველაზე რთული რამაა, ან ვერ პოულობ ვერასდროს, ან ძალიან რთულად იპოვი. ნულიდან დაწყება ჯობია დაკარგულის ხელახლა აღდგენას. მე ახლა იმ ეტაპზე ვარ, სადაც ჯერ კიდევ დაკარგული მაქვს საკუთარი თავი, თუმცა ვთვლი, რომ დიდი გამოცდილება შევიძინე. არ მაქვს ის მომენტი, რომ წავიქეცი და უნდა ვიწვე, პირიქით, ახლა მაქვს მომენტი, როდესაც მინდა საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ მე კიდევ რაღაც შემიძლია.
ჩემი ადვოკატი მიყვებოდა, რა ხდებოდა გარეთ. ალბათ ხალხმა იფიქრა, რომ დიდი ხნით მომიწევდა ციხეში ყოფნა, მაგრამ ცოტა მომისაჯეს. მერე ვიღაცებმა მესიჯები წაშალეს და მეცინება მაგაზე. ისეთები არიან – წაქცეულს ყველა ურტყამს, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლა წუხდნენ და ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ დროს გრძნობ, ვინ გრჩება გვერდით და ვინ არის რეალურად შენი გულშემატკივარი. არ ვბრაზობ იმ ხალხზე, ვინც რაღაცას წერდა, რადგან მეც ასეთი ისტორია რომ მომესმინა, შეიძლება მსგავსად მეფიქრა. იმ ხალხის საქციელი მწყინს, ვისაც გაუხარდა, ეს ადამიანები სხვისი უბედურებით ყოველთვის გაიხარებენ. ვინ რას ფიქრობს ჩემზე, ეს არ მაინტერესებს, მაინტერესებს მხოლოდ ჩემი ახლო წრე.
პირველ რიგში, უნდა გაიგო ნამდვილი ისტორია, როგორ იყო, და შემდეგ განსაჯო. მე ვიცი, რომ იმ სიტუაციაში მართალი ვიყავი და ბევრი „კარგი ბიჭი“ ვერ მოიქცეოდა ჩემნაირად. მეგობართან ერთად ვიყავი, მეგობარს პირობითი სასჯელი ჰქონდა და დანაშაული ჩემს თავზე ავიღე, რადგან ის 12-წლიან ციხეს გადავარჩინე. არ ვნანობ ამას და ხვალაც ასე მოვიქცეოდი. ის მეგობარი ამად ღირდა თუ არა, ამას არ ვიტყვი, მაგრამ მე რომ მისი გადარჩენა შემძლებოდა და ასე არ მოვქცეულიყავი, ვერ ვიცხოვრებდი, ეს განცდა მთელი ცხოვრება ხინჯად გამყვებოდა