ნუცა ცისკარიშვილის ცხოვრება ზღაპარს ჰგავს, ისეთ ზღაპარს, რომელზეც ხშირად გოგონები ბავშვობაში ოცნებობენ. მეორე კურსზე იყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ თავისუფლება თავზე წაკრული მანდილით გამოეხატა. თავიდან ყველას დროებითი გატაცება ეგონა, ოჯახი კი ხალხის არცთუ ისე სასიამოვნო კომენტარებზე ნერვიულობდა. მას შემდეგ წლები გავიდა და გოგონა მანდილით ცნობილი მწერლის, ოტია იოსელიანის შვილიშვილის, უმცროსი ოტიას მეუღლეა.
„მე ამ დიდი ოჯახის პატარა დიასახლისი ვარ. მთავარი დიასახლისი ჩემი დედამთილია. დიდ ოტიას ძალიან სწორი მიმართულება ჰქონდა. ჩემი იდეები მწერლის და მისი ოჯახის იდეებთან თანხვედრაში იყო, ამიტომ მათთვის ნაბიჯის შეწყობა არ გამიჭირდა", - ამბობდა ნუცა ცისკარიშვილი.
ნუცასა და მის მეუღლეს, უმცროს ოტიას ერთი შვილი, დაჩი იოსელიანი ჰყავთ. პატარა დაჩი დედის სოციალურ ქსელში ხშირად ჩანს - ნუცას გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს. გამონაკლისი არც დედა-შვილის ახალი კადრებია: „რა საოცარი ბავშვია“, „დიდი ოტია იოსელიანი, ზეცაშიც ჩიბუხით გაბადრული იქნება ამათი შემყურე“, „როგორ ჰგავს მამიკოს საყვარელი დაჩი“, - წერენ კომენტარებში.

წყალტუბოში, ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის ისტორიულ კარ-მიდამოში უკვე წლებია ახალი სიცოცხლე დუღს. მწერლის შვილიშვილმა, ოტია იოსელიანმა და მისმა მეუღლემ, ნუცა ცისკარიშვილმა აქ საკუთარი, განსაკუთრებული სამყარო შექმნეს. ისინი წლების წინ დასახლდნენ სოფლად და აქტიურად მიჰყვეს ხელი სოფლის მეურნეობას.
საზოგადოებამ ნუცა თავდაპირველად სოციალურ ქსელში, გვერდით „ოტიას ეზო“ გაიცნო, საიდანაც მუდამ მოღიმარი ახალგაზრდა გოგო გამომწერებს მათ ყოველდღიურობასა და საინტერესო ამბებს უზიარებდა. თუმცა, მალე მიხვდა, რომ პირადი სივრცეც აუცილებელი იყო და შექმნა ახალი ბლოგი „ნუცას დღიური“, სადაც დღეს უკვე 200 ათასზე მეტი „მეგზური“ ჰყავს – სწორედ ასე მიმართავს ნუცა თავის ერთგულ გამომწერებს.
ოტიას და ნუცას ცხოვრებაში ყველაზე ემოციური და გარდამტეხი მომენტი ოთხი წლის ლოდინის შემდეგ დადგა, როდესაც მათ ნანატრი შვილი – პატარა დაჩი იოსელიანი შეეძინათ. ეს გზა წყვილისთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა მათ იმედი ერთი წამითაც არ დაუკარგავთ. ნუცა საკუთარ გამოცდილებასა და იმ რთულ პერიოდზე გულახდილად საუბრობდა:
„მადლიერების განცდა მაქვს სამყაროს მიმართ. ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო ყოველდღიური ბრძოლა. თან პანდემიის პერიოდი დაემთხვა, არავის ეცალა ანალიზებისთვის, კლინიკები დაკეტილი იყო. ბევრს ვცდილობდით, იყო ფსიქოლოგიური პრობლემებიც, არც ტაძარი დაგვიტოვებია და არც მედიცინის თანამედროვე მეთოდები.

მე და ოტიამ თუ სადმე მადლიანი ადგილი ვიცოდით, ვცდილობდით წავსულიყავით და მოგველოცა, პარალელურად, რა თქმა უნდა, ვმკურნალობდით.“
დღეს ნუცა ცისკარიშვილსა და უმცროს ოტია იოსელიანს ბედნიერი ოჯახი აქვთ - აგრძელებენ დიდი წინაპრის საქმეს და პატარა დაჩისთან ერთად კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებენ.
