მსახიობი ნინი იაშვილი საუკეთესო მსახიობად დასახელდა. ეს საპატიო წოდება მან ფილმში "ქალაქის ხმაური" შესრულებული როლისთვის მოიპოვა.
"თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ნინი იაშვილი საუკეთესო მსახიობად დასახელდა. აღნიშნული წოდება მან ფილმში „ქალაქის ხმაური“ შესრულებული როლისთვის 2026 წლის კინოპრემია „ელისოს“ დაჯილდოებაზე მიიღო, რომელიც 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა," - ვკითხულობთ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის გვერდზე.

ნინი იაშვილი 1993 წლის 9 მაისს, მსახიობების ოჯახში დაიბადა. მისი დედა მსახიობი მზია არაბულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხელოვანი მშობელი ერიდება შვილის ამ სფეროში შესვლას, ნინის შემთხვევაში პირიქით მოხდა.

"პირველი სპექტაკლი, რომელიც ვითამაშე, იყო "ჩვენი პატარა ქალაქი", რომელიც პირველად მიხეილ თუმანიშვილმა 1982 წელს დადგა; ამ სპექტაკლში დედაჩემიც თამაშობდა. სცენაზე გადაკვეთა არ გვქონია, მაგრამ ორივე ერთსა და იმავე სპექტაკლში ვთამაშობდით.
იყო ერთი კინოპროექტი, სადაც ერთად უნდა გვეთამაშა. დედაჩემი დედამთილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს პროექტი არ გამოვიდა.
მე ჩემს თავს დედაჩემს არასდროს ვადარებდი და არც დედაჩემისგან მომისმენია შედარება. მზიას, მისი როლებიდან გამომდინარე, მკაცრი იმიჯი აქვს, მაგრამ რეალურად ასეთი არ არის. მას არ უყვარს საჯაროობა, მისი ინტერვიუებიც კი არ მახსენდება.
როცა ჩემს თამაშს უყურებს, სპექტაკლის შემდეგ ხშირად მოუცია რჩევები. მან არ იცის შენიშვნების მოცემა. არიან მშობლები, რომლებსაც, თუ თავად მსახიობები არიან, არ სურთ, შვილიც ამ გზას გაჰყვეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით იყო. ძალიან ბედნიერი იყო ჩემი გადაწყვეტილებით და ძალიან მგულშემატკივრობდა," - ამბობდა ნინი გოგი გვახარიასთან ინტერვიუში.

ნინიმ ინტერვიუში გაიხსენა პირველი სპექტაკლი და ამ სპექტაკლიდან მიღებული ემოციებიც. მისი თქმით, მსგავსად ცხოვრებაში არასდროს უნერვიულია.
" ჩემი პირველი სპექტაკლი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, რადგან თეატრალურის დასრულების შემდეგ პირველი სპექტაკლი იყო დიდ სცენაზე, თან იმ თეატრში მიწევდა გამოსვლა სადაც გავიზარდე. ამასთან დედაჩემიც აქ თამაშობდა, ნათლიაჩემიც და თან ისეთი მნიშვნელოვან სპექტაკლში, როგორიც "ჩემი პატარა ქალაქია". ამის შემდეგ ალბათ არასდროს მინერვიულია ცხოვრებაში. ამ სპექტაკლზე ისე ვინერვიულე, რომ ალბათ ყველა სპექტაკლზე წინასწარ ნერვიულობა გამომივიდა.
აღსანიშნავია, რომ ნინის ძალიან უყვარს ცხოველები და აქტიურად იცავს ცხოველთა უფლებებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინი მსახიობის პარალელურად სრულად ამ საქმეშია ჩართული. ნინის დღეს სახლში რამდენიმე კატა და ძაღლი ჰყავს. ამასთან, აქვს ცხოველთა თავშესაფარი, სადაც მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავენ.
"ბავშვობიდან, რაც ჩემი თავი მახსოვს, რაც კი მინახავს, ყველაფერი მიმყავდა სახლში. დღესაც ხომ ძალიან ბევრი მიუსაფარი ცხოველია ქუჩაში, მაგრამ მაშინ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო," - იხსენებს ნინი, რომელმაც ოთხფეხა მეგობრები, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ოჯახის წევრებსაც შეაყვარა.