მუსიკოსი ქეთათო ჩარკვიანი ვიკა ბუკიას გადაცემას "ვიკასთან“ სტუმრობდა, სადაც მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებზე, მეუღლეზე, ირაკლი ჩარკვიანსა და ქალიშვილზე, ნანაზე ისაუბრა.
ქეთათო ჩარკვიანის ინტერვიუ
- მე 17 წლის ვიყავი, ირაკლი კი 34-ის. ვეთაყვანებოდი მას, როგორც მომღერალს და როგორც კაცს. პირველად ტელევიზიით ვნახე და მომნუსხა. როცა ირაკლის ლაივი პირველად მოვისმინე, ვიზუალურადაც ყველასგან გამორჩეული იყო და მივხვდი, რომ ეს ის იყო. მერე უკვე, როცა გავიცანი, "Swan song“-ის კასეტა მაჩუქა. სახლიდან ისე არ გავდიოდი, თუ კასეტის ორივე გვერდს არ მოვუსმენდი. ჩემზე არ იყო ეს სიმღერა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მე მიმღეროდა. უკვე ერთად რომ ვიყავით, ვსაუბრობდით ხოლმე და ირაკლი მეუბნებოდა: "ყველა ჩემზე გიჟდებოდა და შენ არა, მაგრამ სულ ვიცოდი, რომ ჩვენს შორის რაღაც იქნებოდაო".
როცა ირაკლის ამბავი მოხდა, ვერ ვიჯერებდი. ძალიან რთულია ასეთი ახლობელი ადამიანის დაკარგვა. თუმცა, აბსურდია სიტყვა დაკარგვის თქმა, რადგან რაც მნიშვნელოვანია, ის არასდროს იკარგება. ძალიან გაბრაზებული ვიყავი გარემოზე, ღმერთზე და ყველაფერზე, რატომ მოხდა ეს და როდემდე უნდა ვყოფილიყავი ასეთ სტრესში. იმ პერიოდში უცნაური ზარებიც მოდიოდა: მეუბნებოდნენ, ჭკუით მოვქცეულიყავი, თორემ ჩემს საყვარელ ქმარს გვერდით მივუწვებოდი. ამ გარე ზეწოლამ, ცოტა არ იყოს, ბრაზში გადამიარა და რაღაცნაირად უფრო მოვბილიზდი, რადგან ბავშვი მყავდა გასაზრდელი.
დღეს ირაკლი ცოცხალი რომ იყოს, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა ქვეყანაშიც და ჩვენს გარშემოც. ახლა ირაკლი 65 წლის იქნებოდა. მან თავისი წარუშლელი კვალი დატოვა იმ მოკლე პერიოდში, რაც მიეცა. მე ასეთი ახლო მეგობარი, გულშემატკივარი და მასწავლებელი ცხოვრებაში არავინ მყოლია და, ალბათ, ვერც მეყოლება.

მთელი იმ ათი წლის განმავლობაში, რაც მე და ირაკლი ერთად ვიყავით, ერთი და იგივე ძალიან მძიმე სიზმარი მქონდა: თითქოს ტელეფონთან მივდივარ, სახლში არ ვარ, რაღაცას ვერ მივუსწარი და ირაკლისთან შინ მეჩქარება. სულ მქონდა განცდა, რომ ასეთი ბედნიერება დროებითი იყო. არ შეიძლება, ასეთი ხარისხის სიამტკბილობა დიდხანს გრძელდებოდეს. ამას გრძნობ ადამიანი, ხვდები მის დროებითობას და კიდევ უფრო მეტად შეიგრძნობ ყველაფერს აწმყოში. თითქოს თეატრია და სპექტაკლის ნაწილი ხარ.
ირაკლი სასწაული მამა იყო. პატარა ნანას, როცა ჯერ კიდევ ძუძუს ვაჭმევდი, პარალელურად სხვა საჭმელსაც აძლევდა და ამაზე ვუბრაზდებოდი. ასაკსაც გააჩნია, უფროს ასაკში უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდა, დაფეთებული მამა იყო. მე 25 წლის ვიყავი ამ დროს. უფრო ადრეც შეგვეძლო შვილის ყოლა, ირაკლის ძალიან უნდოდა ბავშვი, მაგრამ მე არა. არ მინდოდა, რადგან ქვეცნობიერად ვხვდებოდი, რომ იმ იდეალურ გარემოს, რაც ჩვენს შორის იყო, ახალი სიცოცხლე და პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა, მე კი არ მინდოდა ირაკლი ახალი პასუხისმგებლობით დატვირთულიყო. მინდოდა, სულ ის საქმე ეკეთებინა, რასაც აკეთებდა.
ნანა ირაკლის ისე იცნობს, როგორც მისი თაობის სხვა ადამიანები. სახლში სულ ვლაპარაკობთ ირაკლიზე. ნანამ მამის დღიურები წაიკითხა და ამით ის კიდევ უფრო სხვანაირად, უფრო ახლოს გაიცნო