თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ცოტაა ისეთი მწერალი, რომლის სახელიც ერთდროულად ასოცირდება თავისუფლებასთან, ემოციურობასა და გულწრფელობასთან. დათო ტურაშვილი სწორედ ასეთი ავტორია - ადამიანი, რომელმაც „ჯინსების თაობით“ მთელ ქვეყანას დაუტევა წარსულის ტკივილი, ხოლო თავისი უშუალო, გულწრფელი ბუნებით საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა.
მისი ცხოვრება ყოველთვის ჰგავდა მისსავე წიგნებს - სავსეს დრამატული გარდატეხებით, სტუდენტური ამბოხით, ქვეყნის ბედზე ფიქრითა და, რაც მთავარია, დიდი ჰუმანურობით. თუმცა, ამ საჯარო, ხშირად ქარიშხლიანი ცხოვრების მიღმა არსებობს მისი ყველაზე მთავარი თავშესაფარი და შთაგონების წყარო - ოჯახი, სადაც მწერალი ჩვეული როლებიდან გამოდის და მოსიყვარულე მეუღლისა თუ მამობის ამპლუაში გვევლინება.

დათო ტურაშვილი უკვე წლებია დაოჯახებულია, მისი რჩეული მაკა კეკელიძეა - მათ სამი შვილი ჰყავთ. ოჯახისა და მეუღლის შესახებ დათო ტურაშვილმა "რადიო თავისუფლების" პროექტში "8 ფოტო არქივიდან" ისაუბრა:
"პარიზი ჩვენთვის ძალიან ქართული ქალაქია. ფრანგებმა დიდი პატივი მცეს, პარიზში მწერალთა და ხელოვანთა რეზიდენციაც არსებობს და ისიც დამითმეს. იქ დავწერე წიგნი "პარიზის ქართული სიზმრები". ჩემი მეუღლის ბებია, ლიდა კორძაია, 1920-იან წლებში გაიპარა საბჭოთა საქართველოდან. ბევრი ვერსია არსებობს: თითქოს შეყვარებულს გაჰყვა, საბჭოთა რეჟიმი სძულდა და კიდევ ბევრი სხვა, თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც გაიპარა, სორბონის უნივერსიტეტში სწავლის სურვილი იყო. ჩემს შვილს ხშირად ვეუბნები, იქნებ ისწავლო სორბონის უნივერსიტეტში-მეთქი, რადგან ფრანგულს სწავლობს. ლიდა ბებია საბჭოთა კავშირიდან სწორედ იმისთვის გაიპარა, რომ სორბონაში ჩაეღწია. მაკას ბებია ლევილშია დაკრძალული.
მაკას სულ სახელით მოვიხსენიებ და რატომ? ბავშვობიდან არ მიყვარს. მაკა კეკელიძე არის ადამიანი, სანამ ცოლი და დედა გახდებოდა. ჩემთვის პ. ინგოროყვა არ არსებობს, არსებობს პავლე ინგოროყვა".

დათო ტურაშვილმა ოჯახსა და მეუღლეზე ვიკა ბუკიას გადაცემაშიც ისაუბრა:
"მიმაჩნია, რომ საიდუმლო ძალიან მარტივია. საერთოდ, ოჯახისა და ცოლქმრული ურთიერთობის სიმტკიცე იმაზე დგას, რომ არცერთი მხარე არ შეეცადოს პარტნიორის გადაკეთებას; უნდა გიყვარდეს ადამიანი ისეთი, როგორიც არის. თუ შენ ის სწორედ ასეთი შეგიყვარდა, მაშინ ამ გრძნობას ვერაფერი დაანგრევს. პრობლემები მაშინ იწყება, როცა ვცდილობთ, სხვას ჩვენი ნება თავს მოვახვიოთ.
სინამდვილეში, სიყვარული ისაა, რასაც ადამიანი სიტყვებით ვერ გადმოსცემს. ხშირად ამბობენ, სიყვარული ავუხსენიო, მაგრამ მე მგონია, რომ ნამდვილი სიყვარული სწორედ ისაა, რისი ახსნაც შეუძლებელია. თუმცა, ერთი რამ ცხადია: გრძნობა მაშინვე დამთავრდება, როგორც კი საყვარელი ადამიანის შეცვლას მოინდომებ. მთავარია, მთელი ცხოვრების მანძილზე შეძლო და შეინარჩუნო იმ ადამიანის სიყვარული, რომელიც თავიდანვე ასეთი შეიყვარე. თუ ამას მოახერხებ, ურთიერთობაში პრობლემა აღარ იარსებებს".
"რადიო თავისუფლების" პროექტში "8 ფოტო არქივიდან" დათო ტურაშვილმა დედა და მასთან დაკავშირებული ბავშვობის მოგონებაც გაიხსენა. სურათი, რომელიც დედის ხსენებისას თვალწინ უდგება, ავტორმა ო ჰენრის მოთხრობას შეადარა:
"საკუთარი თავი ძალიან ადრეული ასაკიდან მახსოვს. ჩემი პირველი კადრი, რომელიც მეხსიერებაში ჩამრჩა, ო ჰენრის მოთხრობას ჰგავს, ბაღში დედას ველოდებოდი, მან კი დაიგვიანა. დედა სკოლაში მუშაობდა და რატომღაც შეაგვიანდა. ფანჯრიდან ვიყურებოდი, შემოდგომა იყო და მისი მოლოდინით სავსეს, თვალწინ ფოთლები მცვიოდა. ეს კადრი სწორედ დედის მოლოდინის გამო დამამახსოვრდა, გავყურებდი ეზოს და ველოდი, თუ როდის შემოვიდოდა.
ბავშვობის ყველაზე დიდი შიშია, რომ დედა წავა და აღარ მოვა. სიკვდილის არსებობაზე რომ გავიგე პირველად, მანდ გაჩნდა პირველი შიშიც, რომ დედაჩემი მოკვდება.
მეც გამიჩნდა ეს დარდი - ვდარდობდი, რომ დედაჩემზე ადრე არ მოვმკვდარიყავი. სიკვდილის შიში კი არ მქონდა, უბრალოდ არ მინდოდა, მას შვილი გარდაცვლოდა. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ეს შიშიც გამიქრა".
"ამ ფოტოში ანაკო, ლიზა და სოფიო სხედან კიბეზე. უკან თუ დააკვირდებით, მყინვარწვერი ჩანს. სად აღარ ვყოფილვარ, ანდებში, ალპებში, ჰიმალაის მთებში - ანაპურნაც მინახავს. შეიძლება ქართველი რომ ვარ, ძნელია, ვიყო ობიექტური, მაგრამ მყინვარწვერზე ლამაზი სანახაობა არაფერია.

ამ ფოტოზე არის სამი და - ჩანს, როგორი განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან, მეც არ მგავს არცერთი - ფილმებში ხომ გინახავთ, თითის ანაბეჭდებს რომ იღებენ - იმიტომ იღებენ, რომ არ არსებობს მისი გამეორების შანსი, შეუძლებელია განმეორდეს სხვა ადამიანში. სწორედ ამიტომ არის ყველა ერთადერთი და განუმეორებელი".