ოდრი ჰეპბერნმა და იუბერ დე ჟივანშიმ მოდისა და კინოს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და განუყრელი ტანდემი შექმნეს, რომლის მსგავსიც მას შემდეგ ხელოვნების ისტორიას აღარ ახსოვს. ეს იყო არა მხოლოდ პროფესიული თანამშრომლობა, არამედ ღრმა, უპირობო მეგობრობა, რომელმაც ათწლეულებს გაუძლო და ორივე ხელოვანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

ყველაფერი 1954 წელს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ოდრი ჰეპბერნმა ფილმში "რომაული არდადეგები" შესრულებული როლისთვის ოსკარი მოიპოვა და პარიზში გაემგზავრა. ახალგაზრდა მსახიობის მიზანი იუბერ დე ჟივანშის მოდის სახლის სტუდიის მონახულება და თავად დიზაინერის გაცნობა იყო. ოდრი ეძებდა ადამიანს, რომელიც მის მომავალ ფილმზე, რეჟისორ ბილი უაილდერის "საბრინაზე" იმუშავებდა და მისთვის სამოსს შექმნიდა.
სწორედ ამ შეხვედრიდან დაიბადა ის, რაც მოგვიანებით მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიად იქცა: სპეციალურად ოდრისთვის შეკერილი, საოცრად დახვეწილი სპილოსძვლისფერი კაბა შავი დეტალებითა და ნაქარგებით. ეს სწორედ ის ლეგენდარული სამოსია, რომლითაც საბრინა ჩოგბურთის კორტზე ცეკვავს ლაინუსთან ერთად, რომლის როლსაც ჰამფრი ბოგარტი ასრულებდა.
მიუხედავად ეკრანული იდილიისა, კადრს მიღმა სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობდა. იუბერ დე ჟივანშისა და ფილმის კოსტიუმების მთავარ დიზაინერ ედით ჰედს შორის ურთიერთობა თავიდანვე დაიძაბა. ჰედს, რომელიც ჰოლივუდის ოქროს ხანის გავლენიანი ფიგურა იყო, სურდა, რომ ფილმის მთელი გარდერობის ავტორობა მას მიწერებოდა. ამ ფარული მეტოქეობის მსხვერპლი თავად "საბრინას“ კაბა გახდა, გადაღებების შემდეგ ის ერთ-ერთ სკივრში ჩაკეტეს და მიივიწყეს. ბევრს მიაჩნია, რომ ეს ედით ჰედის შურისძიება იყო. ეს შედევრი მხოლოდ 2017 წელს აღმოაჩინეს და აუქციონზე რეკორდულ ფასად, 217 ათას დოლარზე მეტად გაიყიდა.
ამ შემთხვევის შემდეგ, ოდრისა და იუბერის კავშირი იმდენად გაძლიერდა, რომ მსახიობმა თავის ყველა მომავალ კონტრაქტში სპეციალური პუნქტი შეიტანა: დიდ ეკრანზე მას მხოლოდ ჟივანშის სამოსი უნდა მოერგო. სწორედ ჟივანშის ეკუთვნის ის საკულტო შავი კაბა ფილმიდან "საუზმე ტიფანისთან". დიზაინერი ოდრის გვერდით იყო მისი პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებშიც, მათ შორის, მსახიობის მეორე ქორწილის დროსაც.

1957 წელს იუბერ დე ჟივანშიმ შექმნა სუნამო, რომელიც ოდრით იყო შთაგონებულიდა რომელსაც მსახიობი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე იყენებდა. ამ სუნამოს შექმნას რამდენიმე მომხიბვლელი ისტორია უკავშირდება. დონალდ სპოტო თავის ბიოგრაფიულ წიგნში აღწერს, რომ ერთ-ერთი წყნარი ვახშმის დროს, ჟივანშიმ ოდრის საჩუქრის ყუთი გადასცა. მის პატივსაცემად, ის პირადად ხელმძღვანელობდა ახალი სუნამოს შექმნას, რომელიც მის სახელს ატარებდა. როდესაც ოდრიმ საჩუქარი დაინახა, უპასუხა: „Je te l'interdit!“ (ამის უფლებას არ გაძლევ!), რადგან თავს ამ საჩუქრის ღირსად არ თვლიდა, თუმცა ეს სურნელი ექსკლუზიურად მისი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ჩაეშვა სუნამო გაყიდვაში სახელწოდებით L'Interdit - არა მხოლოდ ოდრის მადლიერების ნიშნად, არამედ იმის დასადასტურებლადაც, რომ 12 თვის განმავლობაში ეს სურნელი სხვებისთვის მიუწვდომელი იყო. რამდენიმე წლის წინ, ფრანგულმა მოდის სახლმა გადაწყვიტა ამ სუნამოს ახალი ვერსია გამოეშვა, თუმცა ამჯერად ბრენდის ამბასადორად რუნი მარა მოგვევლინა.

მაშინაც კი, როდესაც ორივე მათგანმა აქტიურ კარიერას თავი დაანება, მათი კავშირი არ გაწყვეტილა. 1992 წელს, როდესაც ოდრი ჰეპბერნს მძიმე სენის, კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მას სურდა სიცოცხლის ბოლო თვეები შვეიცარიაში გაეტარებინა. ამ მძიმე წუთებში ჟივანშიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ერთგულება: მან პირადი სახსრებით დაიქირავა კერძო თვითმფრინავი, რომელიც აღჭურვილი იყო სიცოცხლის მხარდამჭერი სამედიცინო აპარატურით, რათა ოდრის ევროპაში უსაფრთხოდ ემგზავრა.
მათ ერთად გაატარეს უკანასკნელი შობა, სანამ ჰეპბერნი 1993 წლის 20 იანვარს გარდაიცვლებოდა. მის დაკრძალვაზეც კი, ჟივანში ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც მსახიობის კუბო მიჰქონდა. 2015 წელს დიზაინერმა გამოსცა საოცარი ილუსტრირებული წიგნი "ოდრის, სიყვარულით“, სადაც თავი მოუყარა იმ ესკიზებს, რომლებიც თავისი ცხოვრების მთავარი მუზის, საუკეთესო მეგობრისა და დისთვის შექმნა. დიზაინერი თავის მუზას, საუკეთესო მეგობარსა და დას ბოლომდე გვერდში ედგა.