"ბედნიერებაზე ვოცნებობ, მე ჩვეულებრივი ქალი ვარ - არაფერი მინდა ისეთი, რაც ამ ქვეყნის ქალების 99%-ს არ უნდა"" - ინგა გრიგოლია პირველად ოჯახზე, წარსულსა და სინანულზე - Marao

"ბედნიერებაზე ვოცნებობ, მე ჩვეულებრივი ქალი ვარ - არაფერი მინდა ისეთი, რაც ამ ქვეყნის ქალების 99%-ს არ უნდა"" - ინგა გრიგოლია პირველად ოჯახზე, წარსულსა და სინანულზე

2026-06-18 10:05:39+04:00

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ყველასთვის ნაცნობი ტელესახეა. ინგა ეკა ხოფერიას გადაცემა " შეხვედრები ეკა ხოფერიასთან" სტუმრობდა. ცნობილმა ტელესახემ გულახდილად ისაუბრა იმ შიშებზე, სინანულსა და უდიდეს ბედნიერებაზე, რაც მის დღევანდელ ყოველდღიურობას ქმნის.

ინგა გრიგოლიას ინტერვიუ

  • პანიკური შეტევები

- 5 წელია, არ ვატარებ მანქანას. მანქანა ჩემთვის ყველაზე დიდი რელაქსი იყო. მაშინ, როდესაც ეთერს საღამოს პირველ საათზე ვამთავრებდი, საჭესთან დაჯდომა განმუხტვის კარგი საშუალება გახლდათ. როგორ მახსოვს, მივდიოდი მცხეთამდე და შემდეგ უკან ვბრუნდებოდი, მუსიკაც ისეთი ბედნიერება იყო და მეხმარებოდა ენერგიის მოკრებაში.

5 წელია აღარ ვზივარ საჭესთან. აღმოვაჩინე, რომ საჭესთან პანიკური შეტევები მემართებოდა. ერთი-ორჯერ ლამის პატრულს ვთხოვე დახმარება. ისნის ტერიტორიაზე ვიყავი და აღქმა დავკარგე, თუ სად ვიმყოფებოდი, თუმცა შემდეგ ძალა მოვიკრიბე. დამეწყო პანიკური შეტევები და ეს ნერვებს მიშლიდა. ჩემი გარემო ჩემს მანქანაში იყო და ვიტანჯებოდი.

ამ პერიოდში მარიამმა მანქანა გაყიდა და ორი კვირით მთხოვა, რომ ჩემი მანქანა მეთხოვებინა. ეს ორი კვირა, რაც მანქანა არ მყავდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამის მერე მარიამს ვუთხარი, რომ აღარ მინდოდა მანქანა და მას ჰყოლოდა.

INGA-GRIGOLIA

  • ბავშვობა და მოგონებები

 პროფესიით ფილოლოგი ვარ. უცნაური ის იყო, რომ ბავშვობაში დედაჩემის ნივთებს ვიღებდი ხოლმე, ხელში ვიჭერდი და დავდიოდი წინ და უკან - სულ ვოცნებობდი ტელევიზორში გამოჩენაზე. მთელი ბავშვობა ვუშვებდი ამ ჩემს ოცნებას ზევით, კოსმოსში და უკან დამიბრუნდა ასრულებული. ახლა ვინმემ დამაჯეროს, რომ რაზეც ოცნებობ, ის არ სრულდება.

დავიბადე სამტრედიაში - ჩემი მშობლები სამტრედიელები არიან, მაგრამ თბილისში ცხოვრობდნენ. ვსწავლობდი 62-ე სკოლაში. მე კარგი მოსწავლე ვიყავი, ჩემი და, ქეთინო კი იყო დაუმორჩილებელი და დღემდე ასეა. საოცარი ადამიანია, მთებს გადადგამს, პრობლემა არ აშინებს. მე ბავშვობიდან ქრონიკული დაავადება მქონდა - მანებივრებდნენ, დედა როცა სადმე მიდიოდა, მეც თან დავყავდი. ქეთინოს კი არასდროს უნდოდა დედასთან ერთად დასასვენებლად წასვლა, ბებიასთან სოფელში ყოფნა ერჩივნა.

ჩემ ოჯახს არ ჰქონდა განსაკუთრებულად ძლიერი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ მქონდა ყველაფერი, ყველა წრეზე მატარებდნენ, მუსიკაზე, ბალეტზე, მხატვრულ კითხვაზე, ფილარმონიის სცენაზე გამოსვლებზე, პიონერთა სასახლეში, თათია ხაინდრავას ჯგუფში -ყველგან დავდიოდი.

მერე ჩავაბარე ფილოლოგიურზე. მამაჩემს, ტრადიციულად, უნდოდა, რომ ან ექიმი გამოვსულიყავი, ან იურიდიულზე ჩამებარებინა. სულ ვფიქრობ ხოლმე, ჟურნალისტიკა რომ არა, ალბათ ადვოკატი ვიქნებოდი.

ვერ ვიტყვი, მაშინ სწორი იყო თუ არა ჩემი არჩევანი, მაგრამ მე ვთქვი, რომ მინდოდა ჩამებარებინა ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე და ასეც მოვიქეცი. მამაჩემი გამოშტერდა. ტიპური საბჭოთა კაცი იყო, ხომ ხვდებით? ამისთვის ისწავლე, შვილო - მეუბნებოდა.

  • ინგა გრიგოლია ბებიის ამპლუაში

- რომ ვიღვიძებ, პირველად მარიამთან ვრეკავ, რა ჩააცვა, ან მარიამი რომ ჩამიგდებს ნინიას ფოტოს, ვეუბნები, წინდები რატომ არ აცვია-მეთქი და ასე შემდეგ. ამაზე მარიამი გიჟდება, რადგან თავად ისე გაიზარდა, არასდროს მითქვამს, რომ ციოდა. ნინიაზე მაქვს ყველაფერი გადატანილი. ნინია დედის გარეშე არ რჩება ჩემთან, თორემ სიამოვნებით დავიტოვებდი. წელს დასასვენებლად პირველად მივდივართ ერთად: მე, მარიამი და ნინია. ეს იქნება პირველი ზაფხული, როცა დავიტოვებ, თუ დარჩა, თუმცა სხვა ყველა საკითხში მაინც ჩართული ვარ. ვიცი, როგორ ცხოვრობს, რა ჭამა, რა სჭირდება, როგორ ხასიათზე იყო, ბაღში რომელ საათზე წავიდა, ყველა დეტალი ვიცი.

სახლი ჩემთვის ყველაფერია. სამსახურს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე დიდ დროს სახლში ვატარებ. ადრე სახლში მხოლოდ დასაძინებლად მოვდიოდი, ახლა კი ყველაზე მეტ დროს აქ ვატარებ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ადრე სულ მინდოდა მარტო ცხოვრება და ვცხოვრობდი კიდეც, ახლა კი სულ მინდა, ბევრი ადამიანი იყოს ჩემ გარშემო. ამ ბოლო დროს მე და მარიამი ვმსჯელობთ, ერთად ხომ არ დავიწყოთ ცხოვრება, იმიტომ რომ ეს ძალიან მაბედნიერებს. ადრე ნერვები მეშლებოდა, ბევრი ხალხი რომ დადიოდა სახლში, ახლა კი ამის მოთხოვნილება მაქვს.

მე და ჩემი შვილი ძალიან ახლოს ვართ და ვმეგობრობთ, ერთმანეთზე ვართ გადაჯაჭვულები, თუმცა ახლა ჩემი ბმა პირდაპირ ნინიასთანაა. ნინია ყველაფერია. ეს შეიძლება იმიტომ ხდება, რომ მარიამი მე არ გამიზრდია; ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობები არ მაქვს გავლილი და არც ბავშვის მიმართ დედობრივი ემოციები გამომიცდია, დედაჩემმა გაზარდა მარიამი და ნინიაზე საოცრება მჭირს.

INGA-GRIGOLIA

  • ინგა გრიგოლია, როგორც დედა

- ყველა დედას ჰგონია, რომ ყველაზე მაგარი შვილი ჰყავს, მაგრამ ჩემი შვილი მართლა მაგარი გოგოა. მართლა ძალიან ბევრ რამეს ვნანობ: სკოლა ისე დაამთავრა, რომ დედაჩემი ზრდიდა და მე მისთვის დრო არ მქონდა. თავს სამსახურით ვიმართლებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი შვილთან გატარებული დროა. შემეძლო არჩევანის გაკეთება და სწორედ იმას ვნანობ, რომ უფრო მეტი დრო მარიამს არ დავუთმე, მაგრამ ეს პროფესია, მთელი თავისი შიგთავსით, უბრალოდ, ადგილს არ გიტოვებდა.

მარიამი მეცხრე კლასში იყო, როცა მე და მან ერთად დავიწყეთ ცხოვრება, მანამდე კი დედაჩემთან ცხოვრობდა. ახლა მიყვებიან ამბებს, რომლებზეც თან მეცინება და თან გულიც მეკუმშება, რადგან მე ეს ყველაფერი არ მახსოვს.

  • თვითრწმენა და თავდაჯერება

- ახლა, ამ ასაკში მომწონს ჩემი თავი. ეს განცდა მანამდე არასდროს მქონია. ახლა სრულიად ვაკონტროლებ საკუთარ თავს - ვცხოვრობ ზუსტად ისე, როგორც მინდა. ვცხოვრობ მხოლოდ იმით, რაც სიამოვნებას მანიჭებს. ეს ასაკმა მომიტანა. ადრე ყველასთვის ანგარიშის გაწევა მიწევდა - რას იტყოდა საზოგადოება, ვინ რას იფიქრებდა, როგორ აღიქვამდნენ. ახლა აღარ მადარდებს. ძალიან დიდ ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან. ახლა 55 წლის ვარ და ეს შეგრძნება უცებ არ დაწყებულა. ბოლო  ხუთი წელია, ნელ-ნელა მოვიდა.

ახლა ზუსტად ვიცი, რასაც ვაკეთებ და რატომ ვაკეთებ. ვისწავლე ათამდე - სრულიად ვმართავ და ვაკონტროლებ საკუთარ თავს. ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრების პრობლემა - ვიყავი ძალიან ფეთქებადი, ძალიან იმპულსური. ეს მაზარალებდა და უამრავ სანერვიულოს მიჩენდა. ახლა ვცხოვრობ ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ემოციებით.

კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინე - პატივს ვცემ საკუთარ თავს. იმდენი რამ გადავიტანე ცხოვრებაში, იმდენი პრობლემა და განსაცდელი, მათ შორის ძალიან დიდი პრობლემებიც, რომ რაღაცნაირად გამოწრთობილი გავხდი.უხერხულია საკუთარ თავზე ასე ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი ქალი ვარ. ცხოვრების განმავლობაში ბრძოლის უნარიც ჩამომიყალიბდა. ადრე უფრო წუწუნა ვიყავი. მიყვარდა ტირილი, პრობლემის დროს სახლში ჩავიკეტებოდი და სულ მსხვერპლის როლში ვიყავი, ახლა ეს აღარ მჭირს. რაღაცამ ძალიან გამამაგრა. ოღონდ ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც 50 წელს გადავცდი. მანამდე ღრმა დეპრესიის პერიოდი მქონდა. ალბათ ეს ის კრიტიკული ასაკია, რომელიც სადღაც 45-დან 50 წლამდე გრძელდება. ჩემთვის ეს პერიოდი კატასტროფულად დეპრესიული იყო.

ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე და დავიკელი, მაგრამ ოპერაციამდე საკუთარი ძალებით 20 კილო მქონდა დაკლებული. როდესაც ოპერაციის გასაკეთებლად მივედი, ექიმმა უკან გამომიშვა. მითხრა, საერთოდ არ ხარ ამისთვის მზადო. მერე 20 კილო რომ დავიკელი, ოპერაცია გამიკეთა. ზედმეტმა წონამ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. დაახლოებით ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხვის სხეულში ვცხოვრობდი. ახლა კი ამ ყველაფერმა ბედნიერება მომიტანა. საოცრად გავბედნიერდი. რაღაც გაფრენის, გაპრანჭვის ხასიათზე დავდექი. ორი წელიწად-ნახევარია, ასე ვარ. ახლა საკუთარ თავს ბევრად უფრო ახალგაზრდად ვგრძნობ. საერთოდ, მივხვდი, რომ ცვლილებებისთვის მზად ვარ, რადიკალური ცვლილებებისთვისაც კი. უკვე ძალიან დამღალა ამ მდგომარეობამ. სიახლე მჭირდება.

ბედნიერებაზე ვოცნებობ, მე ჩვეულებრივი ქალი ვარ. არაფერი მინდა ისეთი, რაც ამ ქვეყნის ქალების 99%-ს არ უნდა. მინდა ვიყო ბედნიერი - როგორც დედა, როგორც შვილი, როგორც ბებია, როგორც ქალი და როგორც მეგობარი.