"ფული გაქვს და ჯანმრთელობა არა გაქვს, ვერაფერს ვერ იზამ" - ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილე და ამბები ცოცხალ ლეგენდაზე - Marao

"ფული გაქვს და ჯანმრთელობა არა გაქვს, ვერაფერს ვერ იზამ" - ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილე და ამბები ცოცხალ ლეგენდაზე

2026-06-18 12:33:31+04:00

მომღერალი ნანი ბრეგვაძე ცოტა ხნის წინ 90 წლის გახდა. ნანი გადაცემა "მედგიდის" სტუმარი იქნება, ანონსიდან ვიგებთ, რომ მომღერალი არაერთ  საინტერესო თემაზე ისაუბრებს.

"საავადმყოფოში წამიყვანეს, საავადმყოფოში... სულ რომ ჯანმრთელი ვიყავი, ბოლომდე ასე უნდა ვყოფილიყავი... ვამბობ, რომ ძალიან კარგად ვარ... მავიწყდება რამდენი წლის ვარ, ფული გაქვს და ჯანმრთელობა არა გაქვს, ვერაფერს ვერ იზამ. იბადება ადამიანი თავისი ბედით... ყველაფერს ჩემი ქვეყანა მირჩევნია... შენს ცხოვრებაში ყოველთვის პირველი არის ოჯახი, გადარეული ჩემს თავზე არასოდეს არ ვყოფილვარ... თუ მომღერლობა გინდა, არ უნდა მოწიო და არ უნდა დალიო..." - ამბობს ნანი ბრეგვაძე.

nani-bregvadze

ნანი ბრეგვაძის დიდი ოჯახი და კარიერა

როდესაც ქართულ ესტრადაზე, დახვეწილ გემოვნებასა და ნამდვილ არისტოკრატიზმზე ვსაუბრობთ, პირველი სახელი, რომელიც გვახსენდება, ნანი ბრეგვაძეა. ის არ არის მხოლოდ მომღერალი – ის ცოცხალი ლეგენდაა, რომელმაც ქართული მუსიკალური კულტურა სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა და ათწლეულების მანძილზე სტილისა და თავდაჭერილობის ეტალონად იქცა.

ნანის მუსიკალური გზა თბილისური ოჯახიდან დაიწყო, სადაც სიმღერა ყოველდღიურობა იყო. პროფესიული აღიარება კი ანსამბლებს – „ორერასა“ და „რეროს“ უკავშირდება. სწორედ მაშინ გაიცნო და შეიყვარა ის არა მხოლოდ საქართველომ, არამედ მთელმა მსოფლიომ. მისი შესრულებული „ყვავილების ქვეყანა“ თუ რუსული რომანსები დღემდე მუსიკალური საგანძურის ნაწილია.

ნანი ბრეგვაძე ხშირად საუბრობს ოჯახსა და მის მნიშვნელობაზე - გულწრფელად უსაუბრია მეუღლესა და მასთან ურთიერთობაზეც. ნანი ბრეგვაძე ახალგაზრდობიდანვე პოპულარული გოგონა იყო, ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, თუმცა ოჯახის რჩევით ცხოვრება მერაბ მამალაძეს დაუკავშირა. ნანი იხსენებდა, რომ მერაბმა თავად გამოიჩინა თავი, ხშირად აკითხავდა, სახლამდე აცილებდა, მის მშობლებსაც მოსწონდათ ახალგაზრდა ბიჭი და დაარწმუნეს, რომ ოჯახი შეექმნა. 

 nani-bregvadze

ნანი დაჰყვა დედის რჩევას, თუმცა მუდმივად მამაკაცების გარემოცვაში მყოფ მომღერალს პირად ცხოვრებაში პრობლემები შეექმნა - მერაბ მამალაძე ეჭვიანობდა. იყო შემთხვევა, როცა მეუღლეს არჩევანის გაკეთება მოსთხოვა - ან ოჯახი, ან - კარიერა. ნანი მზად იყო დაეთმო კარიერა და შენარჩუნება ოჯახი, თუმცა მოგვიანებით მერაბმა თავად უთხრა მეუღლეს, რომ მას კარიერა უნდა გაეგრძელებინა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 

გარემოებებმა კვლავ დააკავშირა ნანი ბრეგვაძისა და მერაბ მამალაძის ბედი - ისინი შერიგდნენ, თუმცა ყოფითი პრობლემების გამო ვერც მეორედ შეძლეს ოჯახის შენარჩუნება. 

ნანისთვის ოჯახი ყოველთვის მთავარი დასაყრდენი იყო. დედა, რომელიც მისი პირველი კრიტიკოსი გახლდათ, და ქალიშვილი, ეკა მამალაძე, რომელთან ერთადაც დღესაც ხშირად ვხედავთ სცენაზე. ბრეგვაძეების ოჯახური ტრადიცია – მუსიკისადმი უპირობო სიყვარული – უკვე მესამე თაობაში, მის შვილიშვილებშიც გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ წლები გადის, ნანი ბრეგვაძე პოპულარობას, სიყვარულსა და პატივისცემას არ კარგავს. ის დღესაც აქტიურია: მონაწილეობს მასშტაბურ პროექტებში, მართავს საღამოებს და რაც მთავარია, კვლავ რჩება ინსპირაციის წყაროდ ყველა თაობისთვის. მისი ყოველი გამოჩენა ეკრანზე თუ სცენაზე იმის დასტურია, რომ ნამდვილი ნიჭი და შინაგანი კულტურა დროს არ ექვემდებარება.