ჯასტინ გეიჯთან გამართული მძიმე და დრამატული ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ილია თოფურია დამარცხდა, სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემა არა მხოლოდ სპორტული შედეგი, არამედ მებრძოლის ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის პოსტიც გახდა.
ცნობილია, რომ ილია თოფურიამ ოქტაგონზე მრავლობითი ფიზიკური დაზიანება მიიღო, მათ შორის, თვალების არეშიც. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დაზიანებებმა ილიას მხედველობაზეც იქონია გავლენა, თუმცა მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია და მას მხოლოდ დასვენება და ძალების აღდგენა ესაჭიროება.
ილია თოფურიას ბრძოლის შემდეგ მისმა ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუიმ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ამონარიდი ბიბლიიდან. ბევრმა გულშემატკივარმა მიიჩნია, რომ მის მიერ გაზიარებული შეტყობინებები პირდაპირაა დაკავშირებული თოფურიას ამჟამინდელ მდგომარეობასთან.
ჯორჯინა უზკატეგუის პოსტი ილია თოფურიას მარცხის შემდეგ:
„სავლე მიწიდან წამოდგა და, თუმცა თვალები ღია ჰქონდა, ვერაფერს ხედავდა. სამი დღის შემდეგ, მოწაფემ, სახელად ანანიამ, მისთვის ილოცა და მას მხედველობა დაუბრუნდა.
ქრისტიანულ ტრადიციაში ეს სიბრმავე ხშირად განიმარტება, როგორც მხედველობის ფიზიკურ დაკარგვაზე მეტი რამ: ეს სიმბოლურად გამოხატავდა იმას, რომ სავლე სულიერად "ბრმა“ იყო და გზის გაგრძელებამდე უნდა გაჩერებულიყო და მოვლენები სხვაგვარად დაენახა.
გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“, - წერს ჯორჯინა უზკატეგუი.


ვაშინგტონმა, კერძოდ კი თეთრმა სახლმა, რამდენიმე დღის წინ უპრეცედენტო სპორტულ მოვლენას - Freedom UFC 250-ს უმასპინძლა. საღამოს მთავარი მოვლენა ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიასა და ამერიკელი ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება იყო.
ოქტაგონზე ნამდვილი ომი გაიმართა. ილია თოფურიამ ოთხი რაუნდის განმავლობაში ღირსეულად და თავგანწირვით იბრძოლა, თუმცა მიღებული ტრავმებისა და დაზიანებების გამო, კუთხის გადაწყვეტილებით, "ელ მატადორმა“ მეხუთე რაუნდში ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შესაბამისად, გამარჯვება ჯასტინ გეიჯს დარჩა. ბრძოლის მიმდინარეობისას ილიას კუთხიდან ასისტენტობას მისი უფროსი ძმა, ალექსანდრე თოფურია და ცნობილი ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე უწევდნენ.
ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს დარბაზიდან ადევნებდა თვალს თოფურიას ოჯახი: მშობლები და მისი ვაჟი, ჰუგო თოფურია.
როგორც ცნობილი გახდა სპორტსმენს ორივე მხარეს ორბიტალური ძვლის (თვალბუდის) მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა გადაადგილების (წანაცვლების) გარეშე. აღნიშნული ტრავმის გამო ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდება. ილია მკურნალობას სახლში აგრძელებს.

მიყენებული ტრავმების სერიოზულობიდან გამომდინარე, სპორტულმა კომისიამ ილია თოფურიას 180-დღიანი სავალდებულო სამედიცინო აკრძალვა დაუწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამ პერიოდის განმავლობაში ოფიციალური ორთაბრძოლების გამართვა ეკრძალება.
აღსანიშნავია, რომ UFC-ში ეს სტანდარტული და დამცავი პროცედურაა, როდესაც მებრძოლი თავისა და სახის არეში მძიმე დარტყმებს იღებს. 180 დღე მაქსიმალური ვადაა, რომელიც სპორტსმენის რეაბილიტაციასა და ჯანმრთელობის აღდგენას უნდა მოხმარდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ილია თოფურია სრულყოფილ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ექიმები მის სრულ მზადყოფნას დაადასტურებენ, კომისიამ შესაძლოა ეს ვადა მნიშვნელოვნად შეამციროს და მას ოქტაგონზე უფრო ადრე დაბრუნების უფლება მისცეს.