როგორც ცნობილი გახდა, ბიზნესმენი და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბიზნესმენი სიცოცხლის ბოლო წუთებში ოჯახის წევრების გარემოცვაში იმყოფებოდა. ბიზნესმენი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძოდა.
"თემურის წვლილი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში განსაკუთრებულია. მან შექმნა პროექტები, რომლებმაც არა მხოლოდ ქართული სტუმარ-მასპინძლობის, არამედ ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სახე შეცვალა.
წლების განმავლობაში აჭარა ჯგუფის თითოეული ბრენდის უკან თემურის იდეები, ენთუზიაზმი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იდგა. მისი სურვილი იყო, საქართველოს ჰქონოდა უნიკალური, საინტერესო, ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი სივრცეები, სადაც თითოეული ადამიანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმარი, საკუთარ ადგილს იპოვიდა," - ვკითხულობთ განცხადებაში.

თემურ უგულავა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად ითვლებოდა, რომლის ქონებაც, უკანასკნელი მონაცემებით, 60 მილიონ დოლარს შეადგენდა. ის იყო ამბიციური იდეების მქონე ინოვატორი მეწარმე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა "აჭარა ჯგუფს", კომპანიას, რომელმაც სრულიად შეცვალა ქვეყნის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია.
"აჭარა ჯგუფი" ბაზარზე 2010 წელს, Holiday Inn-ის ფრანშიზის წარდგენით შემოვიდა. 2012 წელს კი კომპანიამ შექმნა პირველი ქართული "ცხოვრების სტილის" ბრენდი - Rooms Hotels. თემურ უგულავას ხელმძღვანელობით, ჯგუფის შემადგენლობაში გაერთიანდა ისეთი პროექტები, როგორებიცაა სასტუმრო "სტამბა“ და ჰოსტელი "ფაბრიკა".

თემურ უგულავა მედიასთან და პრესასთან კომუნიკაციას ყოველთვის ერიდებოდა, თუმცა მისი პირადი ცხოვრება არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ბიზნესმენის პირველი მეუღლე თეო ფერაძე გახლდათ, რომელთანაც ორი შვილი აკავშირებდა. ამავე პერიოდში უგულავას ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ეკა ნიჟარაძესთან, რომლისგანაც მას ასევე შეეძინა შვილი, თუმცა ეს კავშირი ოფიციალურ ქორწინებაში არ გადაზრდილა.
მოგვიანებით ბიზნესმენმა ბაია დავითაიაზე იქორწინა. წყვილს ერთი ვაჟი შეეძინა. მათი დაშორების შემდეგ, განქორწინების პროცესი და ქონებრივი დავა სასამართლოში რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
უგულავას ცხოვრებაში ბოლო ოფიციალური ქორწინება მოდელ და მსახიობ ნინი ნებიერიძეს უკავშირდებოდა, რომელზეც მან 2015 წელს იქორწინა. ნინი მაშინ 19 წლის იყო, თემური - 48-ის. წყვილს ორი შვილი - ტოკიო და თემური შეეძინა. 2022 წელს მათი დაშორების შესახებ გახდა ცნობილი. ამის შემდეგ თემურ უგულავას ურთიერთობა საკუთარი კომპანიის, „აჭარა ჯგუფის“ თანამშრომელთან, ნატო ჯაფარიძესთან ჰქონდა, პარტნიორი ჰყავდა ნინი ნებიერიძესაც. მიუხედავად ამისა, 2024 წელს ნინიმ მეუღლეს დაბადების დღე ემოციური პოსტით მიულოცა: „გილოცავ, ჩემო სიყვარულო“, - წერდა ის.
