ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დედა გახდა. მას და მის რჩეულს, ანალიტიკოს ნიკო მიქაიას, ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ლუკა დაარქვეს.

წყვილის ცხოვრებაში ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას წინ უძღოდა მომავალი მამის პოსტი. შვილის დაბადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ნიკო მიქაია პოსტს აქვეყნებდა, სადაც იმ უცნაურ და ამავდროულად ამაღელვებელ განცდებზე საუბრობდა, რაც მამობის მოლოდინს ახლავს თან.
"ღამის 3 საათია და მგონია, რომ ყველაზე უცნაურად ვარ ცხოვრებაში! თითქოს მეძინება, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ ვერ ვიძინებ! რაღაც უცნაური მჭირს და ვერ ვხსნი, რა არის ეს ყველაფერი!
და მაინც… სულ რამდენიმე საათია დარჩენილი ჩემი ცხოვრების მთავარ შეხვედრამდე! რამდენჯერმე მკითხა მარიამმა, რა იქნება შენი რეაქცია, პირველად რომ ნახავო, და ვერ ვპასუხობ! უბრალოდ არ ვიცი! იტირებო? და უცნაურია, მაგრამ ვერც მაგაზე ვუპასუხე მტკიცე უარით, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადამიანს უნახავს ჩემი ცრემლი, მაგრამ ამ შემთხვევაში? არ ვიცი…
სულ, სულ ვფიქრობ, როგორი იქნება ცხოვრების მთავარი შეხვედრა და პასუხს ვერ ვცემ ამ კითხვას! ერთი რაც ვიცი, არის ის, რომ სულ რამდენიმე საათში ახალი ცხოვრება იწყება - სხვანაირი, რადიკალურად განსხვავებული, მაგრამ ალბათ ყველაზე მაგარი!
დიდი ხანია არ ვწერ, მაგრამ თან ძალიან ბევრი რამ მინდა ვთქვა! და მაინც ვერაფერს ვამბობ, გარდა იმისა, რომ სულ რამდენიმე საათში ჩემი ცხოვრების მთავარ შეხვედრა მელოდება! მთავარ სუნთქვას მოვუსმენ და მთავარ კანის სუნს შევისუნთქავ, რაც კი ოდესმე შემისუნთქავს!
მეძინება, საშინლად დაღლილი ვარ, მაგრამ უბრალოდ ძილი არ მოდის ახლოს! ვზივარ აივანზე და ველოდები რაღაც ისეთს, რაც თითქოს ვიცი და, ამავდროულად, საერთოდ არ ვიცი, რა არის!
და თითქოს არაფერია ის 39 წელი, რაც აქამდე გავიარე - სულ რამდენიმე საათში ყველაზე მთავარი გზა იწყება, რომელიც ყველაზე სწორად უნდა გავიარო!
მოკლედ, ღამის 3 საათია, მეძინება და ვერ ვიძინებ! ველოდები, ცხოვრების მთავარ შეხვედრას ველოდები! ხვალაც უძილო ღამეა და მერე არ ვიცი" - წერდა ნიკო.
მარიამ გაფრინდაშვილის მეუღლე ანალიტიკოსი ნიკო მიქაიაა. წყვილი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას აქამდე არ ასაჯაროებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ნიკომ მარიამს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: "მარტო ის მინდა, ბედნიერი იყო, დანარჩენს მე გავაკეთებ ყველაფერს, ვეცდები, ყოველ შემთხვევაში", - წერდა ნიკო მიქაია.

პირველი შვილის მოლოდინისა და ოჯახის შესახებ გადაცემაში "პირველი სტუდია" მარიამ გაფრინდაშვილმაც ისაუბრა:
"რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, პირადი ცხოვრებისთვის მრჩება დრო. ისე დალაგდა, რომ „ნოდარ მელაძის „რეპრესიების“ მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ სულ სამსახურში უნდა ვიყო, გამოვნახე დრო პირადი ცხოვრებისთვის.
ეს წელი იქნება ჩემთვის განსაკუთრებული წელი. სხვა ამპლუაში ვიქნები, რაც ჯერ ჩემთვისაც ცოტა წარმოუდგენელია.
ჯერ კიდევ დაბნეული ვარ და ცოტას ვნერვიულობ. შესაბამისად, ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის.
პროფესიაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, იმიტომ, რომ მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია… არ ვაპირებ, თავი მოვანატრო მაყურებელს და „ქართულ ოცნებას“. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სიყვარულია. სწორედ ეს გაკეთებინებს ყველაფერს. მე ძალიან გამიმართლა, პირად და პროფესიულ სიყვარულში.
ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი ახლა მოლოდინია, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდებით", – ამბობს მარიამ გაფრინდაშვილი.
სასიხარულო სიახლის გაზიარების შემდეგ, მარიამ გაფრინდაშვილი აქტიურად აქვეყნებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს. მეგობრებსა და გამომწერებს ფოტოები პორტუგალიური არდადეგებიდანაც გაუზიარა.