ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე გოგონას დედა გახდა. მშობლებმა ახალშობილს თინათინი დაარქვეს.
რუსკა ქარქაშაძის რჩეული ბიზნესმენი ლაშა მოწონელიძეა. წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა და მას შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდებიან. მათ უკვე ჰყავთ უფროსი ვაჟი - ზუკა, რომელიც ახლა უკვე პატარა თინათინის უფროსი ძმა გახდა.
რუსკა ქარქაშაძე ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ხელოვნური სუნთქვაში" მელანოს როლის შესრულებით მოიპოვა. მანამდე, ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში და ტელესერიალებში, მათ შორის "კომედი კიდსში". ასევე, 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში "არარეალური სახლი".
რუსკა ქარქაშაძე 2003 წლის 7 აპრილს დაიბადა. ცნობილია, როგორც მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი.
დადიოდა თეატრალურ სტუდიაში, რის შემდეგაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვიეს. ითამაშა რამდენიმე სპექტაკლში, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში.
2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მელანოს როლი შეასრულა.
"მახსოვს "ხელოვნური სუნთქვის“ პირველი გადაღებები იყო და მაშინ 13 წლის ვიყავი და 24 საათი გადაღებაზე ვიყავი. ზაფხულში ყველა რომ დასასვენებლად წავიდა, მე გადაღებებზე დავდიოდი, ასეთი მომენტი ბევრი იყო, რომ ჩემი კლასელები სადმე მიდიოდნენ და მე გადაღებების გამო ვერ ვახერხებდი. კინაღამ სკოლაში ბოლო ზარზე ვერ მივედი. ძლივს მოვახერხე ცოტა ხნით მისვლა. სკოლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ მეორე კურსიდან მივხვდი, რომ ჩემი არ იყო. შემდეგ საჯარო მმართველობაზე და პოლიტიკაზე გადავედი. ჩვენი ყოველდღიურობა ხომ პოლიტიკაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოვალ ერთ დღეს და პოლიტიკოსი გავხდები."

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე 2023 წლის 8 ივნისს დაქორწინდა ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე. ქორწილი 300 სტუმრის თანდასწრებით გაიმართა, რომლისთვისაც წყვილი ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა.
ლაშა მოწონელიძემ რუსკას ხელი სთხოვა იტალიაში, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად მსახიობის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
„ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრილვართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. სულ ვამბობ, რომ როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე, ეგრევე ვიგრძენი რაღაც. იმ დღის მერე სულ ერთად ვართ, პაუზა არ გვქონია. ჩემზე უფროსია, 32 წლისაა. ძალიან მაბალანსებს, საერთოდ არ არის ეჭვიანი. თავად არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მნიშვნელოვანია, პირადი სივრცე ჰქონდეს.ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, - ამბობდა მსახიობი.