ბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ - ხათუნა სამნიძე მკურნალობის ახალ მეთოდზე - Marao

ბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ - ხათუნა სამნიძე მკურნალობის ახალ მეთოდზე

2026-06-26 15:04:52+04:00

პოლიტიკოსს ხათუნა სამნიძეს 2023 წელს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ის დღემდე ებრძვის სიმსივნეს და მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, საზოგადოება მის მხარდასაჭერად გაერთიანდა და მკურნალობისთვის საჭირო ხარჯები შეუგროვა. სწორედ გერმანიიდან, მორიგი პროცედურის მოლოდინში, ხათუნა ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც გულშემატკივრებს მადლობას უხდის და თავის ემოციებს უზიარებს.

რას ამბობს ხათუნა სამნიძე?

გერმანიაში ვარ უკვე, იქიდან ვიწერ ამ ვიდეოს. ცოტა უჩვეულოა, იმიტომ რომ არ ვარ მიჩვეული ასე ვიდეოების ჩაწერას, მაგრამ თქვენ ისეთი რამ გააკეთეთ, ეს რა მოსატანია.

khatuna-samnidze

  • "ცოცხალი ვარ...  მძიმე ბრძოლის და გადარჩენის 2025 მიდის" - ხათუნა სამნიძის ბრძოლა მძიმე სენთან და საახალწლო წერილი 

ჩამოვედი, ახლა მეორე გადასხმა უნდა გავიკეთო. უკვე ხშირად მხვდება პოსტები, რომ გაირკვა ეს ახალი მეთოდი - ანტისხეულებით მკურნალობა, მიზნობრივი გადასხმა, მიზნობრივი წამალი, რომელიც მთელ სხეულში კი არ უშვებს ქიმიას, არამედ იქ, სადაც სიმსივნის წარმონაქმნს ან კერას პოულობს. ეს ამბავი ხშირად არის ახალ ამბებში, რომ სხვადასხვა სიმსივნეს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის ანტისხეული სჭირდება და რომელია უკვე გამოცდილი, რომელია უკვე ტესტირების პროცესში, რომელი - უკვე დამტკიცებული. ამ ყველაფერზე ხშირად არის ინფორმაცია. ეს მე და ჩემნაირებს, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ იმედს გვაძლევს, იმიტომ რომ პროგრესი არის ის ერთადერთი იმედი, რომელიც ყველაზე მეტად გვაქვს - რომ მოგვისწრებს ახალი მეთოდი, ამასობაში ახალ მეთოდზე გადავალთ და გავუმკლავდებით ამ გამოწვევას. იმიტომ რომ ეს ქრონიკულია, არსადაც არ მიდის, მაგრამ შეიძლება ძალიან დიდხანს ვიცოცხლოთ მასთან ერთად. ამიტომ, დიდი იმედია პროგრესი.

მე მალე წავალ ექიმთან, იქაც პატარა ვიდეოს ჩავწერ თქვენთვის, გაჩვენებთ, რა სივრცეა, სად ხდება. არ ვიცი, როგორ ვთქვა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა თქვენი დახმარებით, ბევრი ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანის დახმარებით, ღმერთის წყალობით, ჩემი პროფესორის დახმარებით, რომელიც ძალიან მეხმარება ასევე, ადამიანური ფასი არ გამოდიოდა ჩვენთვის, მაგრამ შეუთანხმდეს და დააკლებინოს ფასი... ყველაფერ ამის წყალობით, მეორე გადასხმას გავიკეთებ დღეს და ძალიან მიხარია. მიხარია ის, რომ ეს არ არის ისეთი მძიმე სხეულისთვის და არ გადაგვაქვს ასე მძიმედ ეს ყველაფერი.

  • "გამ­ტე­ხა იმ ტან­ჯვამ და და­უს­რუ­ლე­ბელ­მა სა­ო­პე­რა­ციო სივ­რცემ და პა­ლა­ტამ" - ხათუნა სამნიძე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში 

ხვალ უკვე მოვფრინავ საქართველოში. რაც უფრო ნაკლებ დღეს დავხარჯავთ. 90 დღის უფლება გვაქვს, ამიტომ ვითვლით თითოეულ დღეს, რომელსაც აქ ვატარებთ, რომ მეყოს მთელი წლის მანძილზე და არ დავხარჯო 90-ივე დღე. იმიტომ რომ ამის მერე ვიზა უნდა გავაკეთო და ვიზის გაკეთება არ არის მარტივი. რთულიც არ არის, მაგრამ... ვიზის გაკეთება მარტივი არ არის, რიგში უნდა იდგე, ყველა საბუთი უნდა შეაგროვო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, სჯობს  უვიზო რეჟიმი და იმედი მაქვს, შევინარჩუნებთ უვიზო რეჟიმს და ჩვენნაირი პაციენტებისთვის ეს დამატებითი დიდი საფიქრალი არ იქნება" - ამბობს ხათუნა სამნიძე.