ნოდარ დუმბაძის მუზა და მეუღლე, ნანული გუგუნავა იუბილარია, მას 97 წელი შეუსრულდა. მწერლის ქალიშვილმა, ქეთევან დუმბაძემ, დედას დაბადების დღე სოციალურ ქსელში საჯაროდ მიულოცა:
"ნანუ 97. დე, მთავარია, არ დაიღალო..." - წერს ქეთევან დუმბაძე.

ნანული გუგუნავა ოჯახზე
რამდენიმე წლის წინ ნოდარ დუმბაძის მეუღლეს ნანული გუგუნავამ გაიხსენა ნოდართან ერთად ცხოვრების პერიოდი და ის რთული დღეებიც, რომლებიც ერთად გამოიარეს.
"ნოდარი პირველად ვნახე უნივერსიტეტში. თავიდან უბრალოდ მომეწონა, აი, მისი სახეც კი დამამახსოვრდა. მე ძალიან მიყვარდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მე ბავშვებისთვისაც კი მაქვს ნათქვამი, რა ვქნა, ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ მამათქვენი უფრო მიყვარს-მეთქი. მე ნოდარს არაფერზე ვაწუხებდი, არ მახსოვს, რომ ნოდარი პურზე გამეგზავნოს. ვუვლიდი, როგორც პატარა ბავშვს.

ნოდარის დედა გადასახლებული იყო, მამა კი - დახვრეტილი. მამაჩემი გიჟდებოდა ჩემზე, ვერ წარმოედგინა, რომ მე შეიძლება გავთხოვილიყავი.კარგად ვცხოვრობდი, არაფერი მაკლდა. ნოდარი მოვიდა ხელის სათხოვნელად სახლში და მამაჩემს უთხრა, მე გაუბედურებული ოჯახის შვილი ვარ, მამა დახვრეტილი მყავს, დედა გადასახლებული იყო და ჩამოვიდა, მაგრამ თბილისში ცხოვრების უფლება არ აქვსო. ამიტომ ნოდარი მარტო ცხოვრობდა. შავი პური მენატრებაო, აი, ეს უთხრა ნოდარმა ჩემს ოჯახს და მომიტრიალდა მამაჩემი, შე დალოცვილო შვილო, ჩემს ხელში თეთრ პურს არ ჭამ და ამ კაცთან შავი პური გინდაო?! ვუთხარი - ამასთან მინდა და მაგისი შავი პური მინდა-მეთქი.
მე ისევ ისე მიყვარს ნოდარი, როგორც მაშინ მიყვარდა. ერთი სული მაქვს, როდის წავალ ნოდართან. არ მეშინია და ვფიქრობ, რომ ვნახავ, აუცილებლად", - ამბობდა ნანული გუნავა.