მარინა კარპისა და „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის წყვილი საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს - მათ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ, რომლებიც კარიერულ სიახლეებსა თუ პირად წარმატებებს ყოველტვის გულწრფელად იზიარებენ.
ცოტა ხნის წინ მარინა კარპი ნანკა გვარის პოდკასტს „მარტოობის 15 წუთი“ სტუმრობდა, სადაც პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და იმ დიდ სიყვარულზე ისაუბრა, რომელმაც წლებსა და კილომეტრებს გაუძლო.

მარინა კარპის ინტერვიუ
მარინა პროფესიით ფოტოგრაფია, გადაღებები 16 წლის ასაკიდან დაიწყო და, როგორც თავად ამბობს, ეს საქმე და ხმაურიანი გარემო დღემდე ძალიან მოსწონს. ის და გიგი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა მარინა სულ რაღაც 20 წლის იყო.
"მე და გიგიმ ერთმანეთი რომ გავიცანით, 20 წლის ვიყავი. 16 წლის ასაკიდან ფოტოგრაფი ვარ და ეს საქმე ძალიან მომწონს. ქორწილებსაც ვიღებ და სულ ხმაურიან გარემოს ვეძებ. უკვე 16 წელია, რაც შეყვარებულები ვართ, ხოლო 14 წელია - დაქორწინებულები ვართ.
ერთმანეთი კიევში, მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით. რატომღაც, ზუსტად იმ დღეს ვთქვი, რომ ჩემი მომავალი ქმარი უნდა მეპოვა და ასეც აღმოჩნდა. როდესაც გიტარა აიღო ხელში და ჩემი საყვარელი ჯგუფის, Coldplay-ის სიმღერა იმღერა, მივხვდი, რომ ის სწორედ „ის“ იყო.
ერთმანეთი 2010 წლის 5 დეკემბერს გავიცანით, 2011 წლის 3 იანვარს კი საქართველოში ჩემი პირველი ფრენა შედგა. ძალიან სწრაფად შემიყვარდა. აქ პირველი ნაბიჯი რომ გადმოვდგი, ნამდვილ ეიფორიაში ვიყავი. გიგის გარშემო ყველა შემიყვარდა. თავიდან ცოტას ვეჭვიანობდი კიდეც, რადგან მინდოდა, გიგი მხოლოდ ჩემი ყოფილიყო, თუმცა მისი გარემოცვა მარტივად შევიყვარე. გიგის მეგობრებიც მისი ნაწილია და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, მისი მშობლები, და, ყველაფერი, რაც გიგისი იყო, ჩემი გახდა.
ომის დაწყებამდე, 12 წლის განმავლობაში, ასე საქართველო-უკრაინას შორის დავდიოდი. იქაც არ ვკარგავდი სამსახურს: სექტემბრიდან მაისამდე საქართველოში ვიყავი, დანარჩენ პერიოდს კი კიევში ვატარებდი. ომის დაწყების შემდეგ სამშობლოში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი.
მე და გიგის ხშირად გვიწევდა განშორება. ღამით სულ სკაიპში ვიყავით, კამერა ჩართული გვრჩებოდა და ასე ვიძინებდით. დისტანცია დიდი სირთულე იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ," - ამბობს მარინა.