"მოგესალმებით, მე ვარ რუსკა მაყაშვილი, 39 წლის მსახიობი და ტელეწამყვანი. მადლობა ღმერთს, ბევრ რამეს ვაკეთებ. ბევრ რამეს, რა - ჩემს პროფესიაში ვარ აქტიურად, ვთამაშობ სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში. ეს არის ჩემი ახალი სტიქია - ბევრ სხვადასხვა თეატრში ვითამაშო, სხვადასხვა თაობის მსახიობებთან ერთად. რაღაც ახალი ესტაფეტა მოვუწყვე ჩემს თავს და საკმაოდ წარმატებითაც მიმდინარეობს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება. პლუს გადაღებები მაქვს, სტანდარტულად, როგორც ხდება ხოლმე. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა და ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემი შვილებია. ჩემი დროის უდიდესი ნაწილი სწორედ მათ ეკუთვნით“ - ასე დაიწყო. ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი გადაცემის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი გადაცემა. გადაცემის სტუმარი იყო მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი. მან მისთვის გამოგზავნილ ყველა შეკითხვას უპასუხა.

- საერთოდ, მსახიობობა პროფესიად რატომ აირჩიეთ, დედის გავლენით? რა მოგწონდათ ყველაზე მეტად ამ პროფესიაში?
- დედის გავლენა იმდენად დიდი იყო, პრინციპში, თამრიკომ რომ ჩააბარა, ჩვენ უკვე პატარები, სულ ახალი გაჩენილები ვიყავით. ფაქტობრივად, თეატრალურში გავიზარდეთ. როცა იქ უკვე სტუდენტი დავბრუნდი, მართლა თითქოს ყველა კუთხე-კუნჭული მახსოვდა დედაჩემის სწავლის პერიოდიდან. გავლენა, რა თქმა უნდა, იყო, თუმცა თამრიკოს გავლენაც რომ არ ყოფილიყო, მგონია, მაინც ამ პროფესიას ავირჩევდი. ბავშვობიდანვე სხვა არცერთი პროფესია არ მაინტერესებდა. არც კოსმონავტობა მინდოდა და არც პოლიციელობა (ჩემს შვილს, კატოს, რატომღაც უნდა, რომ პოლიციელი გახდეს). მე მარტო ეს პროფესია მაინტერესებდა. ასე რომ, ეს ალბათ დედის გავლენაც არის, მაგრამ, პირველ რიგში, ჩემი უდიდესი სურვილი და ოცნება იყო.
- დედას - მსახიობ თამარ მაყაშვილს - თქვენს ცხოვრებაში რა ადგილი უკავია და ხართ თუ არა დამჯერი შვილი?
- 39 წლის ვარ და ძალიან დამჯერი შვილი ვარ. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ თამრიკო ახლა ბათუმშია, ბათუმის თეატრში მუშაობს და უმეტესწილად იქ უწევს ყოფნა, ამხელა ქალი დღემდე დედას ვარ მიკერებული. პერიოდულად სულ დედასთან მინდა ყოფნა. ახლაც ძალიან მინდა და ვეუბნები: "დედა, ჩამოდი, გთხოვ“. დედაჩემი არის ადამიანი, რომელიც, არ არსებობს საქმე, რომ ვერ მომიგვაროს. თამრიკო ჩემს ცხოვრებაში არის ნამდვილი დედა, რომელიც ყოველთვის დაიცავს თავის შვილს, თუნდაც მართალი არ იყოს.

- რას გვეტყვით მამაზე - ისიც მსახიობია? ვფიქრობ, რომ მამას გარეგნობით გავხართ... მეთანხმებით?
- ჩემი ცხოვრების რაღაც პერიოდში, საკმაოდ დიდ ნაწილში, მამასთან ურთიერთობა არ მქონდა. ჩემს კლასელს და მეგობარს თვალითაც არ ჰყავდა ნანახი. საერთოდ, მეც კარგა ხანს არ მყავდა ნანახი და სახეზეც აღარ მახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა. მაშინ ქორეოგრაფიულში ვსწავლობდით და მარჯანიშვილის თეატრში საახალწლო გამოსაშვები ღონისძიება გვქონდა. ჰოდა, გამოვედით თეატრიდან, ცოტა ზემოთ ავედით, ფენოვანი ხაჭაპურები უნდა გვეჭამა. უცებ ეს ჩემი ახლო მეგობარი, ჩემი კლასელი, სახედაკარგული მორბის. ალბათ 12-13 წლისები ვიქნებოდით, უფრო პატარები, ან მაქსიმუმ 13-14 წლისები. მორბის სოფო ფანცულაია აფორიაქებული და მეუბნება: "მამაშენი მოდისო“. ისტერიკაში ჩავვარდი. ვეუბნები: "სოფო, ხაჭაპური მიჭირავს ხელში, სოფო, რა მამაჩემი მოდის, დაწყნარდი-მეთქი“. გავიხედე და მართლაც მოდის მამაჩემი... აი, ასე ძალიან ვგავართ მე და მამაჩემი ერთმანეთს. მამა მსახიობი არ არის, კოკა არის ძალიან კარგი და ნიჭიერი მხატვარი - მოვიკითხავ აქედან!