სოციალურ ქსელში გავრცელდა თამრიკო ჭოხონელიძის ძველი, 1995 წლის კონცერტის ვიდეო, რომელიც 31 წლის განმავლობაში დაკარგული იყო.
ეს ჩანაწერი ტელეჟურნალისტმა თამარ გოგელიძემ შემთხვევით აღმოაჩინა. ვიდეოში თამრიკო ჭოხონელიძე ლეგენდარულ კომპოზიტორ ჯანო კახიძესთან და მის ორკესტრთან ერთად მღერის ცნობილ "იავნანას".
"გამოჩნდა 31 წლის შემდეგ! თქვენთვის ახლა ეს თითქმის პრემიერაა, რადგან 31 წლის მანძილზე ფირი დაკარგული იყო. ვერაფრით პოულობდნენ და შემთხვევით ახლა აღმოვაჩინეთ. ეს სიურპრიზი იქნება თავად თამრიკო ჭოხონელიძისთვისაც, რომლის ეს ნამღერი ფილმიდან 'იავნანა', ხატივით ცალკე დგას. ამდენი წელია, ფილმი ნანახიც რომ არ გქონდეთ, კახიძისა და თამრიკოსეული "იავნანა" ყველამ იცის, ფილმის გარეშე. ეს გახლავთ პირველი კონცერტი ფილმის (1994 წ.) გადაღების შემდეგ.
თქვენ ახლა უყურებთ 1995 წლის ლაივ კონცერტს. ნახეთ, ხალხო, რა ხარისხია, რა გაუპრანჭავი დიდებულებაა, როგორი დახვეწილია ყველაფერი! არაფერია ზედმეტი. 31 წლის შემდეგაც კი ეს ხარისხი და კულტურა სანატრელია - ესაა, რაც გვჭირდება, ვეძებთ, ვერ ვპოულობთ და თუ დღეს სადმე ვიპოვით, ისევ იმ ერთი-ორი მუსიკოსის მხარ-ბეჭზე გადადის, რომელთაც ახლა დიდად არ აქვთ გასაქანი.
უმაღლესი ხარისხის დეფიციტია დღეს, რადგან ამ ხარისხის შემქმნელები ხელ-ფეხშეკრულნი არიან. ჰოდა, სანამ რამე სასიკეთოდ შეიცვლება, ისევ "ძველებმა" უნდა გვიშველონ. აგერ ბატონო, ისიამოვნეთ: თქვენ წინაშეა დიდი ჯანო კახიძე თავისი ორკესტრითა და მუსიკალური ინტელექტით გამორჩეული თამრიკო ჭოხონელიძე.
P.S. სულ ორი ნომერი მაქვს ამ კონცერტიდან, მეორესაც ხვალ შემოგთავაზებთ" - წერს თამარი.
ვიდეოს თამრიკო ჭოხონელიძის შვილი მარიამ როინიშვილიც გამოეხმაურა.
"დაკარგული იყო... ვიცოდი და მახსოვდა ამ ვიდეოს არსებობა. მიხარია, რომ გამოჩნდა. 1995 წელი." - წერს მარიამი.
თამრიკო ჭოხონელიძე ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი, პიანისტია. დაიბადა მუსიკოსების - ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ ევსევი (კუკური) ჭოხონელიძისა და ელისაბედ (ლიზიკო) კალანდაძის ოჯახში.
1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებლის წოდებები (1995). კონცერტებზე ასრულებს ხალხურ და საესტრადო სიმღერებს.

1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აგრეთვე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და დები იშხნელების სახელობის პრემიით დებთან, სოფიკო და თინიკო ჭოხონელიძეებთან ერთად. 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი. ჩატარებული აქვს სამი სოლო-კონცერტი - 1999, 2010 და 2016 წლებში.
თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ურთიერთობა განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს დაშორდა, თუმცა მოგვიანებით ურთიერთობების აღდგენა და თანაცხოვრება კვლავ შეძლეს. მათ ორი შვილი, კოკო და მარიამი ჰყავთ, რომლებიც ხელოვნების სფეროში საქმიანობენ და საზოგადოება, ცნობილი მშობლების მსგავსად, მათაც კარგად იცნობს.
"მე და თამრიკოს ცხოვრებაში ბევრი კონფლიქტი გვქონია, მაგრამ ერთმანეთში ყოველთვის იმას ვეძებდით, რაც ან ვინც გვაერთიანებდა. ყოფილა წყენაც, მაგრამ მაინც ეს გაერთიანება გვშველოდა. თამრიკოს შემორიგება ადვილი არ არის, მაგრამ მას აქვს იმის ძალა, რომ იპოვოს მთავარი, სიმღერაშიც, ხელოვნებაშიც და გადაწყვეტილების მიღებაშიც. არც მე და არც ის არ ვართ მარტივი ადამიანები. ამიტომ ხშირად ყოფილა გაუგებრობა, მაგრამ დრო რომ გადის, ყველაფერი ლაგდება" - ამბობდა გია როინიშვილი.