„დარბაზსა და სცენას შორის ზღვარი თითქოს საერთოდ გაქრა და ყველა ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით“ - ჯგუფი „სახე“ და მისი პირველი ნიუ-იორკული კონცერტი - Marao

„დარბაზსა და სცენას შორის ზღვარი თითქოს საერთოდ გაქრა და ყველა ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით“ - ჯგუფი „სახე“ და მისი პირველი ნიუ-იორკული კონცერტი

2026-07-07 11:43:40+04:00

„11 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ. ემიგრაციის პირველი 5 წელი ნიუ-იორკში, ქვინსში გავატარე, ხოლო ბოლო 6 წელია, ჩემს ოჯახთან ერთად ნიუ-ჯერსის შტატში ვცხოვრობ. 2025 წელს დავაფუძნე კომპანია „Spotlight Events LLC“, რომლის მიზანიც ქართულ-ამერიკული მაღალი ხარისხის კულტურული, მუსიკალური, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების შექმნაა“ - გვეუბნება ქართველი ემიგრანტი ტუტი მაცაბერიძე. დღესდღეობით ტუტი მაცაბერიძე და ასევე ემიგრანტი მომღერალი სალომე ქათამაძე კომპანია „სპოტლაით ივენთსის“ ივენთ-ორგანიზატორები არიან. ცოტა ხნის წინ, მათი ორგანიზებით ჯგუფმა „სახემ“ აშშ-ში გრანდიოზული კონცერტი ჩაატარა. კონცერტი ჯგუფის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა... 

ტუტი მაცაბერიძის თქმით, პირველი პროექტი „90-იანების წვეულება“ კომპანიის პირველი წარმატებული ნაბიჯი იყო, რამაც უფრო მეტი ახალი იდეა გააჩინა. 

 tuti

„დღეს უკვე ჩემ გვერდით დგას ჩემი მეგობარი და ყველასთვის საყვარელი მომღერალი სალომე ქათამაძე, რომელმაც დიდი როლი ითამაშა იმაში რომ „Spotlight Events LLCმ“ განაგრძო მუშაობა. დანებების უფლება არ მომცა და მისი დამსახურებით დიდ მასშტაბზე გავედით ჩვენი პირველი კონცერტისთვის. დღეს უკვე პარტნიორები ვართ და სათავეში ერთად ვუდგავართ კონცერტების ორგანიზებას“ - აღნიშნავს ტუტი. 

სალომე ქათამაძე: 

- მეთორმეტე წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ და საკმაოდ ბევრი რამ გამოვიარე, ვისწავლე და ამ ქვეყანაში გამოცდილებებიც შევიძინე, რისიც ძალიან მადლობელი ვარ, საკუთარი თავი ამერიკაში ვიპოვე. ამჟამად ვმღერი სხვადასხვა სახის ღონისძიებაზე, წვეულებაზე და რამდენიმე მუსიკალურ სტუდიასთან ვთანამშრომლობ. ტუტის ამ წამოწყებამ დამაინტერესა, შევუერთდი და ვფიქრობ, ერთობლივი ძალებით და ენერგიით ბევრ საინტერესო რამეს შევძლებთ ქართველი ემიგრანტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. 

- როგორ დაიბადა იდეა, რომ ჯგუფ „სახეს“ კონცერტი ნიუ-იორკში გაგემართა?

ტუტი: 

- იდეა ძალიან ბუნებრივად დაიბადა, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. დათო ფორჩხიძის შემოქმედება ბავშვობიდან ჩვენი ცხოვრების ნაწილია. სწორედ „სახეს“ სიმღერებზე ვიზრდებოდით, ვმღეროდით, ვცეკვავდით და, ვფიქრობ, ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში ამ მუსიკამ დიდი როლი ითამაშა. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ ჩემი ისტორია არ არის, „სახემ“ მთელი თაობის ემოციები და ახალგაზრდების ხასიათი შექმნა. 90-იან წლებში, როდესაც საქართველო მძიმე პერიოდს გადიოდა, დათო ფორჩხიძემ ქართულ მუსიკაში სრულიად ახალი ენერგია შემოიტანა და ბევრ ჩვენგანს ახალი მუსიკალური სამყარო აღმოგვაჩენინა. სწორედ ამიტომ „სახეს“ სიმღერები მთელი თაობის თავისუფლებისა და იმედის სიმბოლოდ იქცა.

ამ კონცერტს ჩემთვის განსაკუთრებული, ძალიან პირადი მნიშვნელობაც ჰქონდა. მამასთან, რომელიც დღეს აღარ მყავს, სწორედ „სახეს“ სიმღერები მაკავშირებდა. ეს იყო ჩვენი საერთო მუსიკა, ჩვენი საერთო მოგონებები და ყოველი მოსმენა დღემდე განსაკუთრებულ გრძნობებს მიტოვებს. ალბათ ამიტომაც იყო ეს პროექტი ჩემთვის ძვირფასი და გულთან ახლოს მისატანი ისტორია.

როდესაც „Spotlight Events“-ის პირველი ღონისძიება „90-იანების საღამო“ ჩავატარეთ, დიჯეიმ რამდენჯერმე დაუკრა „სახეს“ სიმღერები. საოცარი სანახავი იყო ადამიანების რეაქცია, ისინი ჩვენთან მოდიოდნენ, გვთხოვდნენ კიდევ ერთხელ ჩაგვერთო ეს სიმღერები, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და სახეზე ისეთი ემოცია ეტყობოდათ, რომელიც სიტყვებით ძნელად აღსაწერია. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ამ მუსიკას წლები ვერაფერს აკლებს. მოკლედ, ამ ადამიანებს რაღაც მეტი სჭირდებოდათ, ვიდრე მხოლოდ ჩართული მუსიკის მოესმინა. ეს იდეა სალომეს ქათამაძეს გავუზიარე.

სალომე: 

- ტუტის პასუხი იმდენად ამომწურავად და დეტალურად ხსნის მიზეზს თუ რამ განაპირობა ამ კონცერტის ნიუ-იორკში ჩატარება, ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა, რომ დათო ფორჩხიძესთან დიდი ოჯახური და თბილი ურთიერთობა მაკავშირებს. განსაკუთრებული ადამიანია ჩემთვის, რადგან ერთად დიდი ნაბიჯები გადავდგით და „ახალი ხმის“ პირველ სეზონში გავიმარჯვეთ. ჩვენთვის ეს წარმატება დიდი აფეთქებასავით იყო, რაც ერთად გავიზიარეთ, რამაც ერთმანეთს სამუდამოდ დაგვაკავშირა. ჩემთვის ამ კონცერტის ჩატარება ღირდა იმ ემოციისთვის, რაც ხალხმა თავის სიმღერით შემოიტანა ჩვენს გულებში. სწორედ ეს იყო მიზანი, როდესაც უკვე შედეგი დავინახეთ და მოვისმინეთ, დრო თითქოს გაჩერდა ჩვენთვის - კი, წარმატება ნამდვილად ვიზეიმეთ.

- ე.ი. კონცერტის ჩატარებას საინტერესო მიზეზი და მიზანი ჰქონია...

სალომე: 

- მრავალი მნიშვნელოვანი მიზეზი და მიზანი ჰქონდა... ემიგრანტი ქართველებისთვის გაგვეღვიძებინა ის ძვირფასი ემოციები და მოგონებები, რომლებიც ბავშვობიდან მოჰყვებათ და რომლებიც ქართული სიმღერების ჟღერადობასთან განუყოფლად არის დაკავშირებული.

ამავდროულად, ეს ღონისძიება ჩვენი კომპანიის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და იმ გზის დასაწყისი იყო, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო ფართო და საინტერესო განვითარებას მივცემთ. ჩვენი მისიაა კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერა, ქართველი ემიგრანტების გაერთიანება და მათი აქტიურობის ხელშეწყობა. გვინდა ავანთოთ ის ცეცხლი, რომელიც არასოდეს ჩაქრება, ცეცხლი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებს, შთააგონებს და მათ გულებში დაუვიწყარ ემოციებს, შთაბეჭდილებებს დატოვებს.

გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ არაერთი პროექტი გველოდება, რომელიც ქართველებს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, საკუთარ ფესვებთან, კულტურასთან და ერთმანეთთან კიდევ მეტად დააახლოებს.

- მარტივი არ იქნებოდა ამ ღონისძიების გამართვა.

ტუტი: 

- ორგანიზატორის მთავარი გამოწვევა მხოლოდ კარგი კონცერტის ჩატარება არ არის, ყველაზე რთულია პასუხისმგებლობა იმ ემოციებზე, რომლებსაც ადამიანები შენ განდობენ. როდესაც იცი, რომ ვიღაც ბილეთს ყიდულობს იმ იმედით, რომ დაუვიწყარ საღამოს გაატარებს, შენთვის თითოეული დეტალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ამ პროექტის შემთხვევაში გამოწვევები ნამდვილად ბევრი იყო: საემიგრაციო პროცედურები, არტისტების ამერიკაში ჩამოყვანა, ვიზების პროცესი, ლოგისტიკა, ტექნიკური საკითხები, პარტნიორებთან კოორდინაცია და ათასობით ისეთი დეტალი, რომელსაც მაყურებელი სცენის მიღმა ვერ ხედავს. იყო დღეები, როდესაც მე და სალომეს გვეგონა, რომ ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ დანებებაზე ერთი წამითაც არ გვიფიქრია... ყველაზე დიდი სირთულე, ალბათ, პასუხისმგებლობა იყო. ვიცოდით, რომ „სახე“ ემიგრანტებთან საუკეთესო შეხვედრას იმსახურებდა. ამიტომ თითოეული გადაწყვეტილება სიყვარულითა და დიდი პატივისცემით მივიღეთ.

რაც შეეხება წარმატების ფორმულას, ჩემთვის ის ძალიან მარტივია: თუ საქმეს გულით აკეთებ, არ უფრთხი შრომას, გიყვარს და შენს მიზანს ბოლომდე ემსახურები, შედეგიც აუცილებლად მოდის. ჩვენ გვინდოდა ადამიანებისთვის ისეთი საღამოს ჩუქება, რომელიც წლების შემდეგაც ღიმილით გაახსენდებოდათ.

მჯერა, ყველაზე ძლიერი პროექტები მაშინ იქმნება, როდესაც მათ უკან სიყვარული დგას. „სახეს“ კონცერტი სწორედ ასეთი პროექტი იყო – სიყვარულით შექმნილი, სიყვარულით განხორციელებული და სიყვარულით მიღებული. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გვეუბნებოდნენ, რომ ასეთ კონცერტზე ჯერ არ ყოფილან, სწორედ ამიტომ იქცა ის განსაკუთრებულ მოვლენად, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ ასობით ადამიანისთვისაც, ვინც იმ საღამოს ჩვენთან ერთად იყო. გვჯერა, რომ კულტურა ადამიანების გასაერთიანებლად არსებობს და არა გასაყოფად. სწორედ ამ პრინციპით ვიმოქმედეთ თავიდან ბოლომდე და საბოლოოდ სიყვარულმა ყველა ბარიერი გადალახა და დიდი წარმატებაც დადგა. 

- მაყურებლის რეაქციებიდან რა მომენტი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

სალომე: 

- კონცერტზე მოსული ადამიანების ემოციამ, მათმა ერთხმად აყოლილმა სიმღერამ და იმ ენერგიამ, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში წამითაც არ განელებულა, ისეთი განცდა დამიტოვა, თითქოს მიწას მოვწყდი და ჰაერში რამდენიმე სანტიმეტრით ავიწიე. იყო წამები, როდესაც მეგონა, სიხარულისგან ფრენას დავიწყებდი. ყველაზე განსაკუთრებული კი ის იყო, რომ ამ ყველაფერს სცენიდან ვუყურებდი. ჩემს თვალწინ იშლებოდა ემოციებით სავსე სურათი - ადამიანები, რომლებიც სიმღერასთან ერთად, საკუთარ მოგონებებს, მონატრებასა და სიყვარულს გამოხატავდნენ. ვხედავდი ბედნიერების ცრემლებს, აღელვებულ თვალებს, გულწრფელ ღიმილებს და იმ განცდას, რომელიც სიტყვებით რთულად აღსაწერია. ეს იყო მომენტი, როდესაც სცენასა და დარბაზს შორის ზღვარი თითქოს საერთოდ გაქრა და ყველა ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით.

იმ საღამოს შექმნილი მუხტი ზღვის ტალღებივით მოდიოდა და გულს ერთიმეორის მიყოლებით ეჯახებოდა. თითოეული ნოტი, თითოეული ხმა და თითოეული ემოცია ჩემში განსაკუთრებულ კვალს ტოვებდა. დარწმუნებული ვარ, ამ მოგონებას, ამ განცდას და იმ სითბოს, რომელიც იმ დღეს ყველამ ერთად შევქმენით, ვერასოდეს ვერაფერი წაშლის. ეს არის მოგონება, რომელიც ყოველთვის ჩემთან დარჩება და ყოველი გახსენებისას იმავე ბედნიერებასა და სიამაყეს მომგვრის.

- რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ქართული კულტურისა და მუსიკის ამერიკაში წარმოჩენა?

ტუტი: 

- ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ქართული კულტურისა და მუსიკის წარმოჩენა ამერიკაში, ასევე ამერიკული მუსიკის ჩატანა საქართველოში. ამერიკაში ემიგრანტები ძალიან სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ, სამსახურები, გამოწვევები, ცხოვრების რიტმი, პასუხისმგებლობები და მუდმივი გადაღლა... სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ისეთი გარემოების შექმნა, სადაც შეგვეძლება დავისვენოთ, გავერთოთ და ემოციები ერთმანეთს გავუზიაროთ. სწორედ ამიტომაც გვსურს გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით და შევუმსუბუქოთ ჩვენს ემიგრანტებს ცხოვრება და ავუმაღლოთ განწყობა. ასევე კარგი შესაძლებლობაა ადამიანებმა ერთმანეთი გავიცნოთ და საფუძველი ჩაეყაროს მომავალ მეგობრობას და ურთიერთობებს. 

- რა გეგმები აქვს „Spotlight Events“-ს მომავალში?

სალომე: 

- ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა იპოვოს ის მუსიკა და ის არტისტი, რომელიც მის გემოვნებასა და ინტერესებს შეესაბამება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მომავალი პროექტები არ შემოიფარგლება ერთი ჟანრით ან ერთი მიმართულებით. ჩვენი მიზანია, სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების მქონე მსმენელს შევთავაზოთ მათთვის საინტერესო და საყვარელი არტისტების კონცერტები, შევქმნათ მრავალფეროვანი ღონისძიებები და ყველას მივცეთ შესაძლებლობა, მიიღოს ის ემოცია, რომელსაც ეძებს.

ჩვენ ვგეგმავთ როგორც უკვე ცნობილი და საყვარელი შემსრულებლების, ისე ახალი და საინტერესო არტისტების მოწვევას, რათა თითოეული ღონისძიება განსხვავებული და განსაკუთრებული იყოს. გვინდა, რომ ჩვენი კომპანია იქცეს სივრცედ, სადაც ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანი იპოვის მისთვის სასურველ მუსიკალურ გამოცდილებას.

ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ ბევრი საინტერესო პროექტი, ახალი იდეა და დიდი მიზანი გველოდება. ჩვენი სურვილია, კულტურის, ხელოვნებისა და მუსიკის მეშვეობით შევქმნათ დაუვიწყარი ემოციები, გავაერთიანოთ ადამიანები და თითოეულ ღონისძიებას განსაკუთრებული კვალი დავატყოთ მათ ცხოვრებაში.

ტუტი: 

-დასასრულს, მე და სალომეს გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც ეს საღამო რეალობად აქცია და თავისი წვლილი შეიტანა იმ ისტორიის შექმნაში, რომელიც დარწმუნებულები ვართ, ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს კიდევ ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ.

პირველ რიგში, უდიდესი მადლობა ჯგუფ „სახეს“ – დათო ფორჩხიძესა და დათო ხუჯაძეს, რომ ნდობა გამოგვიცხადეს და თავიანთი პირველი ნიუ-იორკული კონცერტი ჩვენთან ერთად შექმნეს. იმედი გვაქვს, ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს ნიუ-იორკის დიდ სცენაზე.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მთავარ სპონსორს – WENR GROUP-ს, რომელმაც ირწმუნა ჩვენი იდეა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა. 

დიდი მადლობა Michael Ameer-ს, ლეგენდარული ჯგუფ Poetry N Motion-ის წევრს, რომელიც სპეციალურად გერმანიიდან ჩამოფრინდა ამ კონცერტისთვის და თავისი ენერგიითა და შემოქმედებით საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

მადლობა Vic Smith-ს, რომელიც ლას ვეგასიდან ჩამოფრინდა ჩვენი შოუს გასახსნელად და პირველივე წუთებიდან საოცარი მუხტი და ენერგია შემოიტანა დარბაზში.

განსაკუთრებული მადლობა ასევე ნინი წიკლაურს და მის ბავშვთა ანსამბლ „ციცინათელას“. ბავშვების გამოჩენა სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ლამაზი მომენტი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული კულტურისა და სიყვარულის მომავალ თაობამდე მიტანა.

მადლობა ჩვენს ბექ ვოკალისტებს: სალომე ქათამაძეს, ნინი წიკლაურსა და სოფო ალანიას, რომელთა პროფესიონალიზმმა, საოცარმა ხმებმა და სცენურმა ენერგიამ კონცერტს განსაკუთრებული ენერგია შესძინა.

განსაკუთრებული მადლობა თითოეულ ბენდის წევრს, რომლებმაც ცოცხალი შესრულებით ამ საღამოს უნიკალური ხასიათი შესძინეს.

მადლობა Racket NYC-ის მთელ შემოქმედებით, ტექნიკურ და საორგანიზაციო გუნდს პროფესიონალიზმისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ გარემოსთვის, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა ასეთი მაღალი დონის ღონისძიება ჩაგვეტარებინა.

მადლობა ჩვენს ხმისა და განათების ინჟინრებს, სცენის ტექნიკურ პერსონალს, ფოტოგრაფებს, ვიდეოგრაფებს, დიზაინერებს, მოხალისეებსა და მარკეტინგის არაჩვეულებრივ გუნდს თაკო ვარამაშვილის ხელმძღვანელობით, რომლებმაც ამ პროექტში უდიდესი შრომა, დრო და სიყვარული ჩადეს. დიდი მადლობა ჩემს ძვირფას მეგობარს ნინო მეგენეიშვილს გვერდში დგომისთვის. მადლობა იოანე არაბულს, ჩვენი პროექტის ტექნიკურ ხელმძღვანელს და კარგ მეგობარს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს საღამო ხარისხიანად მოგვეტანა თქვენამდე. 

და ბოლოს, ყველაზე დიდი მადლობა თითოეულ მაყურებელს, ვინც იმ საღამოს ჩვენთან ერთად იყო. თქვენმა ტაშმა, სიმღერამ, ცრემლებმა, ღიმილმა და ენერგიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მუსიკას მართლაც შეუძლია ადამიანების გაერთიანება, მოგონებების გაცოცხლება და სამშობლოს მონატრების სიყვარულად გადაქცევა. ეს კონცერტი უკვე ისტორიის ნაწილია, მაგრამ ჩვენთვის ის კიდევ უფრო დიდი გზის დასაწყისია. გვჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი საღამო გველოდება, სადაც ისევ ერთად შევქმნით დაუვიწყარ ემოციებს და ნიუ-იორკის დიდ სცენებზე ქართული მუსიკა კიდევ ბევრჯერ გავაჟღერებთ.

ლალი ფაცია

R